2013-09-26 ბატონიშვილისეული სამართლის უცნობი ხელნაწერი „პირველადვე ესრე ვთქვათ მოსამართლე უნდა იყოს დიდად გამსინჯავი, მიმხვდომი, გამომძიებელი, გონება აუჩქარებული, დაწყნარებული, გამგონე, საჩივრის ყურისმგდებელი, გამსინჯავი, მომჩივრის მომხმარე, მომცდელი, სხვისი მკითხველი და ღვთისმოშიში“ — ასეთ ჰუმანურ მოსამართლეს ითხოვს ვახტანგ ვჳ-ის სამართლის წიგნის აქამდე უცნობი ხელნაწერი ნუსხა, რომელიც თითქოს დღევანდელი დღიდან გვესაუბრება. აქამდე უცნობი ხელნაწერი პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა და მღვდელმა ზაქარია მაჩიტაძემ საქართველოს ხელოვნების სასახლეს საჩუქარად გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის ასზე მეტი ხელნაწერი არსებობს, ეს ნუსხა უნიკალურია და იქ წარმოდგენილი მოსამართლის მახასიათებლები დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შექმნილი საკოდიფიკაციო კომისიის მიერ, 1705-1708 წლებში, შედგენილი კანონთა კრებული შესავალსა და შვიდ საკანონმდებლო ძეგლს — სამართალი მოსესი, სამართალი ბერძნული, სამართალი სომხური, სამართალი კათალიკოსთა, სამართალი მეფის გიორგისა, სამართალი აღბუღასი, სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა — შეიცავს. ვახტანგ ვჳ-ის კანონები მალევე იქცა მთელ საქართველოში მოქმედ კანონთა წიგნად, უფრო მეტიც, ქართული სამართლებრივი და საერთოდ საქართველოს ისტორიის დიდმნიშვნელოვანი წყარო გახდა.
ბატონიშვილის სამართლის წიგნს, გასულ თვეში, უცნობი ხელნაწერის სახით, კიდევ ერთი შეემატა, სავარაუდოდ, 1843 წელს მღვდელ პავლე ჭედიას მიერ გადაწერილი.
კრებული ტყავის შესაკრავებიან ყდაშია ჩასმული და 194 გვერდისაგან შედგება, შესრულებულია შავი მელნითა და სინგურით. წიგნის უნიკალურობას ისიც განსაზღვრავს, რომ მას 4 გვერდზე სამეგრელოს სამთავროს თავისებური ქრონიკა ერთვის. ქრონიკაში მოხსენიებულნი არიან სამეგრელოს მთავრები: ლევან და დავით დადიანები, ჭყონდიდის ეპისკოპოსი ანტონი და სამეგრელოს ეპარქიის მწყემსთავარი ზაქარია. აქვე მოიხსენიებიან გურიის მთავრის ასული ტერეზია და კაცია ჩიჩუა. წიგნი დადიანების ბიბლიოთეკის კუთვნილება უნდა იყოს, რასაც ცხადყოფს მინაწერებში ხშირად ნახსენები ზუგდიდის, გორდისა და აბასთუმნის სასახლეები. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სამართლის წიგნი, თურმე, ქართლის მეფემ შეიმუშავა, მაგრამ ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ საქართველოში და მას ყველა რეგიონში იყენებდნენ. ერთი პერიოდი რუსეთის იმპერიის კანონთა კრებულის მეათე ტომშიც შეუტანიათ. პირველად 1705-1708 წლებში გამოიცა.
ბუნებრივია, ინტერესს იწვევს ის, თუ როგორი იყო მაშინდელი კანონი, ან სასჯელის უმაღლეს ზომად რა მიიჩნეოდა და რომელ კანონდარღვევებზე იყენებდნენ მას. ზოგადად ვახტანგ მეექვსის სამართალმა დიდი ნაწილი დაუთმო საოჯახო სამართალს, ეს კრებული პირველი თავია და მთლიანად საოჯახო სამართალს მოიცავს. ვინც ამ სამართლის წიგნში ჩაიხედავს, აუცილებლად გამოიტანს დასკვნას, რომ ძალიან ბევრი თვალსაზრისით ვახტანგ მეექვსის კანონი, დღევანდელ კანონთან შედარებით, ბევრად უფრო ლიბერალური და ჰუმანურია. სამართლის წიგნის მიხედვით ყველა კონკრეტული სამართალდარღვევა — ქურდობა, მკვლელობა და ა.შ. — შესაბამისი სასჯელით განისაზღვრება, იქნება ეს დაკისრებული გადასახადი თუ დატყვევება. სასჯელის ერთ-ერთი ყველაზე უმკაცრესი და, ამავე დროს, უცნაური ფორმაა იმ პირის დასჯა, რომელიც ეკლესიას გაძარცვავს ან ჯვარს დალეწავს. აქ განაჩენი მხოლოდ ხელმწიფეს ხელეწიფება და არა კანონს. როგორც აღვნიშნეთ, კრებული ძირითადად საოჯახო სამართალს ეხება და ამიტომაც, სამართლის ამ წიგნის მიხედვით, გაყრა ფაქტობრივად შეუძლებელი ყოფილა. ერთ-ერთ თავში წერია: „თუ ცოლმან ქმარს სცემოს ან დასჭრას (ასეთი ფაქტებიც შესაძლებელი ყოფილა) დიდი გვემა და ტანჯვა უყოს, კათალიკოსმა, ცოლი და ქმარი რა გინდ მოძულე იყვნენ ერთმანეთისა, არასგზით გაყრა არ ქმნას. კათალიკოსმა წვრთნით ორივე შეარიგოს“. იგივე სამართალი მამაკაცის მრუშობისადმი უფრო მეტად ლიბერალურია, ვიდრე ქალის, თუმცა პარიტეტი მაინც დაცულია და მამაკაცს პასუხისმგებლობა არ ეხსნება.
საინტრესოა, სად ინახებოდა ამდენი ხნის განმავლობაში ეს ხელნაწერი?
თეიმურაზ ჩალაბაშვილი: „ყველა სიახლე მიყვარს, მით უფრო, როცა ეს სიახლე სიძველიდან მოდის. ჩემმა სულიერმა მამამ ზაქარია მაჩიტაძემ, ცოტა ხნის წინ, ეს წიგნი გადმომცა და მითხრა: თემურ, ვიცი, რომ შენ წიგნის კაცი ხარ და სადაც გული მიგატანინებს, ეს წიგნიც იქ მიიტანეო. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი ვარ, სიძველეების „მჩხრეკავიც“ ვარ. როგორც კი ხელნაწერს დავხედე, მაშინვე მივხვდი, თუ რა ძვირფას ექსპონატთან მქონდა საქმე. რატომ უნდა მქონოდა ასეთი უნიკალური ექპონატი სახლში ჩაკეტილი და მხოლოდ მე მეცქირა მისთვის?! მაშინვე გადავწყვიტე საზოგადოების საკუთრებად მექცია და ხელოვნების სასახლეს, გიორგი კალანდიას გადავეცი საჩუქრად. რაც შეეხება იმას, თუ საიდან მოხვდა მამა ზაქარია მაჩიტაძის ხელში ეს ექსპონატი — მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, ზუგდიდელმა ქალბატონმა, აჩუქა, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. შესაბამისად, წიგნი მანამდე ზუგდიდში ინახებოდა.“
პოეტისაგან ასეთი ძვირფასი საჩუქარი არც პირველია და არც უკანასკნელი, რადგან მისივე თქმით: „ძუნწი არა ვარ, მაგრამ არც ძალიან გამეტებული. მიყვარს, როცა სახლში ასეთ სიძველეებს ვინახავ. მიუხედავად ამისა, მუზეუმის ან მისთვის უფრო შესაფერისი ადგილის საკუთრებად ვაქცევ, როდესაც ვიცი, რომ ესა თუ ის ნივთი, ექპონატი იქ უკეთესად იქნება. ერთხელ დოდო აბაშიძის შვილმა ძალიან დიდი სიყვარულით მაჩუქა სახელოვანი ქართველი არტისტის „აზიურები“. დიდი მოწიწებით და სიყვარულით ვინახავდი. ჩემთან მოსული სტუმრების უმეტესობა ლამის მის ჩაცმას ცდილობდა. ეს ჩემთვის დაუშვებელი იყო, მე მას ვუყურებდი, როგორც რელიქვიას. ხშირად შევდიოდი ოთახში, სადაც ვინახავდი, ვეფერებოდი და ძირებს ვუკოცნიდი იმ აზიურებს, რომლითაც დოდო აბაშიძემ „ყვარყვარე თუთაბერში“ განუმეორებლად იცეკვა. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ნივთი სახლში არ უნდა დამედო და ისიც ხელოვნების მუზეუმს გადავეცი, ჩოხასთან ერთად.
ჩემთვის საამაყოა, რომ ყველასთვის საყვარელმა ქართველმა — კიტა ბუაჩიძემ, ანდერძით, მისივე არქივი გადმომცა. ვერაფრით დავუშვებდი, რომ მხოლოდ ჩემი საკუთრება ყოფილიყო, ჩემთან „გამოკეტილი“ — უნიკალური არქივი მართლაც უნიკალური ქართველისა, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება ადამიანების სიყვარულს შესწირა, უკანასკნელ ჰონორარს იღებდა ჯიბიდან და გაჭირვებულებს ურიგებდა. ასეთი ადამიანის არქივი ხალხს, ქვეყანას ეკუთვნის და სწორედ ამიტომაც მივუჩინე მას ბინა ხელოვნების სასახლეში. გამოგიტყდებით, კიდევ მაქვს „რაღაცეები“ სამომავლოდ განსაზღვრული, რადგან არ ვიცი, შემდგომი თაობა თავს საით უზამს მათ. ამიტომ, ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა მათაც შესაფერისი და საიმედო ადგილი მივუჩინო“.
ლალი ჯელაძე
|