2013-10-03 გამოცდები — შედეგები, პრობლემები, მიზეზები — როგორი იყო ფიზიკის გამოცდის შედეგები?
— წელს ფიზიკის გამოცდის შედეგებზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო. მართალია, აბიტურიენტთა დაახლოებით 50% ჩაიჭრა, მაგრამ ბევრმა წარმატებითაც ჩააბარა; ამის მიზეზი კი ის არის, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, ბევრმა შემოიტანა განაცხადი: აბიტურიენტებმა იცოდნენ, რომ ძალიან დიდი პრივილეგია ექნებოდათ — მომავალში, თუ ფიზიკის გამოცდის ბარიერს გადალახავდნენ, 4 წლის განმავლობაში ყველა მიიღებდა სწავლის სრულ დაფინანსებას. ამან განაპირობა აბიტურიენტთა ის რაოდენობა, ვინც ფიზიკა აირჩია; სტიმული მიეცათ აბიტურიენტებს და იმათაც კი, ვინც არ იყო დარწმუნებული არჩევანში ან არც აპირებდა ფიზიკის ჩაბარებას, მაინც მიიღეს მონაწილეობა, ზოგმა ყოველი შემთხვევისთვის სცადა ბედი. მართალია, აქედან ნახევარი ჩაიჭრა, მაგრამ 265-მა აბიტურიენტმა გადალახა ბარიერი. შარშანაც დაახლოებით იგივე შედეგი იყო, შარშანწინ გაცილებით ნაკლებმა მოახერხა ეს, იმის წინ — კიდევ უფრო ნაკლებმა.
გვყავს მაქსიმალურქულიანი აბიტურიენტი — 75-დან 75-ივე აიღო, სამია 74-ქულიანი, მაგრამ მერე არის ჩავარდნა. მაღალქულიანი მოსწავლეები, ტრადიციულად, თბილისისა და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან არიან. ოლიმპიადებზეც ამ სამი სკოლის აღსაზრდელებმა გვასახელეს. ამ სკოლების მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზეც კარგი შედეგები აქვთ. სხვა სკოლების მოსწავლეები, პრაქტიკულად, სასკოლო ოლიმპიადებზე ვერ იმარჯვებენ.
კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც ადრე თქვენთვის მოცემულ ინტერვიუებში არაერთხელ მითქვამს, საატესტატო გამოცდები ძალიან კარგ შედეგს გამოიღებდა (ეს ორი წლით ადრე ვთქვი, ვიდრე საატესტატო გამოცდები დაიწყებოდა და გამართლდა კიდეც). წარმოიდგინეთ, რომ საატესტატო გამოცდების შემოღებამდე ფიზიკა, როგორც არასავალდებულო საგანი, მთელ საქართველოში, 40 000-დან 81-მა აბიტურიენტმა აირჩია და აქედან 57% ჩაიჭრა. შემდეგ წელს, როდესაც უკვე გამოსაშვები გამოცდები შემოვიღეთ, ეტყობა, ბავშვებმა იძულების წესით აიღეს ფიზიკის წიგნი ხელში და, შესაბამისად, ფიზიკის ჩაბარების მსურველი გახდა უკვე 350; შემდეგ წელს — 594, წელს 512 იყო (გამოსაშვები გამოცდები არაცენტრალიზებულად ჩატადა). თუმცა, როგორც გითხარით, 512-დან თითქმის ნახევარი ჩაიჭრა, სამაგიეროდ, 265-მა გადალახა. ასე რომ, სურათი შეიცვალა — თუ ადრე ფიზიკის გაკვეთილები ფორმალურად ტარდებოდა ან საერთოდ არ ტარდებოდა, დღეს გაიზარდა იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, ვინც ფიზიკას აბარებს და, შესაბამისად, სკოლაში სწავლობს ამ საგანს.
— აბიტურიენტთა რაოდენობის ზრდა, ვინც ფიზიკის გამოცდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა, ალბათ, წელს ამ მიმართულების სრულმა დაფინანსებამაც განაპირობა?
— რა თქმა უნდა, სრული დაფინანსების ბევრმა მსურველმა, იმის მიუხედავად იცის თუ არა ფიზიკა, სცადა ბედი და ჩაჭრილების დიდ პროცენტსაც სწორედ ამით ვხსნი. მათ გარისკეს და „გაგვიფუჭეს“ პროცენტი.
ასე რომ, გამოსაშვები გამოცდების ეფექტი სახეზეა — როგორ იმატა ფიზიკის ჩამბარებელთა რაოდენობამ. ამას დაფინანსების ეფექტიც დაემატა და იმედი მაქვს, მომავალში, მსურველთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს.
— არასახარბიელო იყო პედაგოგთა შედეგები ფიზიკაში...
— რაც შეეხება პედაგოგებს, აქ ძალიან მძიმე სურათი დაიხატა წელს. შარშან იყო გამონაკლისი — 20%-მა გადალახა ბარიერი, შარშანწინ ნაკლებმა — 8%-მა, წელს — 4%-მა. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ვინც ჩამბარებელი იყო, ორი წლის მანძილზე უკვე ჩააბარა გამოცდა.
— მაგრამ ეს ხომ ის პედაგოგები იყვნენ, ვინც ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება ჩაებარებინა ფიზიკის გამოცდა და წლის განმავლობაში ამისთვის ემზადებოდა...
— ეს ის კონტინგენტია, რომელიც მესამე წელია აბარებს გამოცდას. საუკეთესომ პირველივე წელს, შარშანწინ, ჩააბარა, შარშან კიდევ ჩააბარეს და ვინც დარჩა, იმათგან სულ უფრო ნაკლები და ნაკლები ჩააბარებს, თუ არ მოხდა მათი სერიოზული გადამზადება, თუ არ ჩაუტარდათ კარგი და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ტრენინგები და არა ისეთი ხანმოკლე, როგორც აქამდე ტარდებოდა. ეს არის ძირითადი მიზეზი.
— ერთი წელი დარჩა ნებაყოფლობითი გამოცდების, შემდეგ სერტიფიცირება სავალდებულო ხდება...
— დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეა, მაგრამ სამინისტროში განიხილება პროექტი, რომლის მიხედვითაც ამის ანულირება მოხდება. სერტიფიცირება სავალდებულო აღარ იქნება, ჩაუბარებლობის გამო არავინ გაუშვებს მასწავლებელს და ძირითადი ყურადღება გადატანილი იქნება პედაგოგთა კორპუსის ტრენინგზე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, სერტიფიცირების ფორმატიც შეიცვლება: თუ ახლა ტარდება ორ გამოცდად — პროფესიულ უნარებსა და სპეციალობაში, ჩვენ შემთხვევაში — ფიზიკაში, დაემატება მესამე — გამოცდა პრაქტიკულ ნაწილში. ამის გამოცდილება ჩვენს ცენტრს ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ ალბათ მოვიწვევთ პროფესიონალ კონსულტანტებს, რომლებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას, ჩაგვიტარებენ ტრენინგებს, თუ როგორ, რა კრიტერიუმებით შევამოწმოთ ეფექტურად პედაგოგები გაკვეთილებზე, უშუალოდ სწავლების პროცესში.
— უფრო მეტად ფიზიკის რა ნაწილი გაუჭირდათ პედაგოგებს?
— ასე გამოკვეთილად თქმა ძნელია, მაგრამ მინიმალური ქულები მიიღეს სასკოლო პროგრამის მიღმა საკითხებში, რომლებიც მოითხოვდა დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის ცოდნას. თუმცა, ძალიან მარტივი დავალებები იყო, შეიძლება ითქვას უმარტივესიც კი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად ეს გაუჭირდათ. თუმცა, ასეთი დავალებების წვლილი მთელ ტესტში სულ 7% იყო. ეს პრაქტიკულად ვერავინ ვერ გააკეთა, მაგრამ ამგვარი საკითხების არშეტანა პედაგოგებისთვის განკუთვნილ ფიზიკის საგამოცდო დავალებებში არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ წარჩინებულ მეთორმეტეკლასელს უკვე შეუძლია, ასწავლოს ფიზიკა სკოლაში. პედაგოგმა მოსწავლეზე ოდნავ, თუ ბევრად არა, მეტი მაინც უნდა იცოდეს. ეს ოდნავ მეტი მოიცავს სწორედ ამ საკითხებს. იგულისხმება, რომ პედაგოგს დამთავრებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტი, სადაც პირველივე კურსიდან ისწავლება დიფერენცირებული და ინტეგრალური აღრიცხვა.
— საპროგრამო ნაწილში როგორი სურათი იყო?
— საპროგრამო ნაწილშიც, როგორც ხედავთ, სუსტი შედეგებია. სულ რომ არ ყოფილიყო არასაპროგრამო ნაწილი, სურათი ბევრად არ შეიცვლებოდა.
— წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად ტესტების სირთულეც დასახელდა — თითქოს წელს უფრო რთული ტესტები იყო. იყო ეს ტესტები განსხვავებული წინა წლებისგან?
— შარშანდელ და შარშანწინდელ ტესტთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ტესტი უფრო მარტივიც კი იყო. სამწუხაროდ, ამან რადიკალურად არ შეცვალა სურათი.
ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს პედაგოგებს გამოცდისთვის მზადებაში — ვაქვეყნებთ წინა წლების დავალებებს, გარდა ამისა კრებულებს, სადაც სავარჯიშო დავალებები შედის. წინა სამი წლის გამოცდის დავალებები იყო გამოქვეყნებული და, აქედან გამომდინარე, აპლიკანტებს ალბათ უნდა სცოდნოდათ ამ ტესტის ფორმატი, დავალების სირთულე და ა.შ. წლევანდელი ბევრი დავალება წინა წლების დავალებების ანალოგიური იყო, ძველ დავალებებზე რომ ემუშავათ, დარწმუნებული ვარ, ახალი საგამოცდო დავალებების გაკეთებას შეძლებდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი სავალალო გვაქვს.
წინა წლებში გვყავდა მაქსიმალურქულიანები, წელს ასეთი აღარ არის. მიზეზი არის ის, რაც ზემოთ უკვე ვთქვი, საუკეთესოებმა უკვე წინა წლებში გადალახეს ბარიერი.
— წლევანდელი წარუმატებელი გამოცდის შემდეგ, მომავალი წლისთვის კიდევ უფრო ხომ არ გამარტივდება ტესტები?
— ტესტების უფრო გამარტივება არ შეიძლება. ეს ის მინიმალური სტანდარტია, რაც პედაგოგმა უნდა იცოდეს, მით უმეტეს სერტიფიცირებულმა პედაგოგმა. ამით, რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობთ, რომ ვინმეს პედაგოგობის უფლება ჩამოერთვას, მაგრამ მასწავლებელი სერტიფიკატის ღირსი უნდა იყოს.
— და მაინც, თქვენი აზრით, რა არის ამ წარუმატებლობის მიზეზი?
— მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, ბევრმა პედაგოგმა გვითხრა, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში განიცადეს დეკვალიფიკაცია. ეროვნული სასწავლო გეგმა ისე იყო შედგენილი, რომ პრაქტიკულად არ მოითხოვდა ფიზიკის ცოდნას. იყო უფრო მეტად ლაპარაკი ფიზიკის შესახებ და არა თვითონ ფიზიკა. ფიზიკაზე ლაპარაკით ამოცანას ვერ გააკეთებ. გამოცდაზე ამოცანების ამოხსნის ცოდნაა საჭირო და არა რაღაც შეხედულებები, ზოგადი საუბარი ენერგიაზე, უსაფრთხოების წესებზე და ა.შ.
მომავალშიც ფიზიკის პედაგოგთა გამოცდა იქნება არა მარტო თეორიაში, არამედ ექსპერიმენტულ ნაწილშიც. ეს შეიძლება იმის სტიმული გახდეს, რომ პედაგოგებმა გაკვეთილებზე ექსპერიმენტები ჩაატარონ. მით უმეტეს, რომ შესაბამისი აღჭურვილობა სკოლების 20%-ში უკვე არის და სხვა სკოლებშიც გაგრძელდება პროცესი.
— მალე გამოსაშვები გამოცდები დაიწყება...
— რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ოთხ საგანში — ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია — ჩატარდება ახლა. ეს „პრივილეგირებული საგნებია“, რადგან მათი ჩაბარების საშუალება მოსწავლეს ორჯერ ექნება — ვინც ოქტომბერში ვერ ჩააბარებს, შეეძლება შემდგომ, გაზაფხულზე ჩააბაროს. ასე იქნება მანამ, სანამ ამ საგნების სწავლება მე-11 კლასში დასრულდება. მეორე ცდის საშუალება მოსწავლეებს არ ექნებათ მათემატიკაში, ქართულში, ისტორიასა და უცხო ენებში.
გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი
გია ხატისაშვილი
— წელს ეროვნულ გამოცდებზე სიახლე იყო — 17 მიმართულებაზე სწავლა სახელმწიფომ სრულად დააფინანსა. ამ მიმართულებებს შორის ქიმიაც იყო. იქონია თუ არა გავლენა ამ სიახლემ აბიტურიენტების არჩევანზე?
— წელს ქიმიაში ყველაზე დიდი „მოსავალი“ გვქონდა — 1550 აბიტურიენტი გამოვიდა გამოცდაზე. წინა წლების დინამიკა ასეთი იყო — თავიდან 400 ბავშვამდე იყო, მერე 900, 1400 და 1500-მდე ავიდა. რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ შარშანდელ წელს თუ შევადარებთ, ეს რაოდენობა ხარისხში არ გადაზრდილა, რადგან დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის აბიტურიენტმა ჩააბარა 2012-ში და 2013-ში.
გამოცდა საშუალო სირთულის იყო. ვცდილობთ, ტესტის ფორმატი არ შევცვალოთ. უმნიშვნელო სიახლეები შეგვაქვს ხოლმე, რომ ბავშვებს გამოცდაზე მოულოდნელი სიურპრიზი არ დახვდეთ, რომელიც დააბნევთ. დავალებების ტიპები ყოველთვის ერთნაირია. ყოველწლიურად ვაქვეყნებთ კრებულებს, სადაც სრულად არის ასახული საგამოცდო ტესტი და როდესაც აბიტურიენტები ამ ტესტზე ვარჯიშობენ, დაახლოებით იგივე სიტუაცია ხვდებათ გამოცდაზე — მაგალითად, შეხვდებათ ამოცანები, სადაც გამოთვლაა საჭირო, ან გარდაქმნის სქემები, დასაწერი იქნება ქიმიური რეაქციები და ფორმულები, რასაც ქიმიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საგამოცდო ტესტი შედგება დახურული ტიპის დავალებებისგან, სადაც პასუხი შემოსახაზია, ასარჩევია ოთხიდან ერთი. ასეთი 30 დავალებაა და, შესაბამისად, აბიტურიენტს 30 ქულის აღება შეუძლია. დანარჩენი 45 ქულა, ანუ ნახევარზე მეტი, ღია ტიპის დავალებებია, რომლებშიც აბიტურიენტმა ფორმულებით და რეაქციებით უნდა დაამტკიცოს, რომ ქიმია იცის. ეს ნაწილი უფრო უჭირთ ხოლმე, ამიტომ ვურჩევთ, რომ მეტი ივარჯიშონ რეაქციების წერაში, ფორმულების შედგენაში. ამას მექანიკურად ვერ დაიმახსოვრებენ, სააზროვნო დავალებებია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აბიტურიენტებს სწორედ მეორე ნაწილში გაუჭირდათ. განსაკუთრებით უძნელდებათ ხოლმე ისეთი დავალებები, სადაც გრაფიკია წასაკითხი, ინფორმაცია გრაფიკიდან არის ასაღები. სხვათა შორის, ასეთი ტიპის დავალებები მასწავლებლებსაც უჭირთ.
წელს შეიცვალა სახელმძღვანელოები და ეროვნული სასწავლო გეგმის ქიმიის ნაწილი (ადრე თუ ქიმიის სწავლას მე-12 კლასში ამთავრებდნენ, ახლა მე-11-ში ამთავრებენ). ამ პროგრამული ცვლილების გამო, მეთორმეტეკლასელები ვეღარ ასწრებდნენ ქიმიის სრული კურსის სწავლას, ამიტომ პროგრამა ცოტა შეკვეცილი იყო. ერთი წლის განმავლობაში კურსდამთავრებულებს ძალიან ბევრი სხვადასხვა თემის შესწავლა მოუწიათ და შესაძლებელია ამანაც განაპირობა შედარებით დაბალი შედეგიანობა: 2011-ში — 19%, 2012-ში — 25% და წელს — 29%. წინა წლებში მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო. საერთოდ ქიმია ფიზიკის შემდეგ ყველაზე ძნელ საგნად ითვლება.
მას შემდეგ, რაც საატესტატო გამოცდები შემოიღეს, ქიმიის ჩამბარებელთა რაოდენობაც გაიზარდა და, ასე თუ ისე, მოსწრებაც.
2014 წელს საგამოცდო პროგრამა ისევ ძველ სახეს დაუბრუნდება, აღარ იქნება შეკვეცილი. პროგრამაში უმნიშვნელო ცვლილებებია შესული, კერძოდ, ყურადღებას ვამახვილებთ ნივთიერებების პრაქტიკულ გამოყენებაზე. თვითონ პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა.
წელს პირველად დაფიქსირდა ქიმიაში უმაღლესი ქულა - 75, თან 5-მა აბიტურიენტმა მიიღო. 70-დან 75 ქულამდე საკმაოდ ბევრმა აბიტურიენტმა მიიღო: 74 ქულა — 3-მა, 73 — 7-მა, 72 — 8-მ, 71 — 8-მ, 70 —11-მა. ეს, ძირითადად, აბიტურიენტების ის ჯგუფია, ვინც ოლიმპიადებზე გამოდიოდა. ეს ის გამოშვებაა, ვინც პირველ ეროვნულ ოლიმპიადაზე მონაწილეთა შორის ყველაზე დაბალ კლასებში იყვნენ. სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან ტარდება და მათ ყველა ოლიმპიადაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, საკმაოდ გამოცდილები არიან.
— წელს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების წარუმატებლობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი არასახარბიელო შედეგს ტესტების სირთულეს აბრალებდა. თქვენ როგორ შეაფასებდით ქიმიის გამოცდის შედეგს...
პედაგოგთა გამოცდაზე ვცდილობთ, წლიდან წლამდე, ტესტების სირთულე ერთი და იგივე იყოს. ეროვნული გამოცდების შემთხვევაში სირთულე პოპულაციაზე, თვითონ აბიტურიენტების ცოდნაზეა მორგებული, პედაგოგებთან ერთი თამასა უნდა იყოს გადებული იმიტომ, რომ მას, ვინც წინა წელს უფრო ძნელი გამოცდა ჩააბარა, უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეს. ესეც გასათვალისწინებელია.
წელს დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში, თითქოსდა, ტესტების სირთულემ. არანაირი განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა. ყოველთვის ვცდილობთ ღია დისკუსიაში შევიდეთ საზოგადოებასთან, კერძოდ, მასწავლებლებთან და გავიგოთ მათი მოსაზრება. ყველას ვთხოვდით, თუ რამეში პრობლემა დაინახეს, გვითხრან. ვერ ვნახეთ ვერც ერთი პედაგოგი, რომ პრეტენზია გამოეთქვა, რატომ იყო ასეთი ძნელი ტესტი ან რომელიმე კონკრეტული ამოცანა იყო განსაკუთრებით რთული. მსგავსი არაფერი ყოფილა.
ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მასწავლებელთა სახლთან, სადაც, სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადებაში დასახმარებლად, პედაგოგებს ტრენინგები უტარდებათ. ჩვენი გამსწორებლების დიდი ნაწილი სწორედ ის ტრენერებია. გასწორების პროცესში ისინი თვალნათლივ ხედავენ თავიანთი შრომის შედეგს და აღნიშნავდნენ, რომ პედაგოგთა ცოდნის დონე არ იყო დამაკმაყოფილებელი. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა, ნამდვილად არ შეიძლება თქმა, რომ პედაგოგები სათანადოდ არ მოემზადნენ, არც მასწავლებელთა სახლის შრომის წყალში ჩაყრა არ შეიძლება. შექმნილ ვითარებაზე, ალბათ, თვითონ მასწავლებეთა სახლიც ფიქრობს.
საქმე იმაშია, რომ ტრენინგები ძალიან ხანმოკლეა. მასწავლებელთა სახლი ცდილობს, რომ ეს იყოს არა მხოლოდ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი, არამედ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსიც. შესაბამისად, პედაგოგებისთვის, რომლებიც ამ ტრენინგებს ესწრებიან იმ მიზნით, რომ გამოცდები ჩააბარონ, ეს საკმარისი არ არის, თან მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც ამ მომენტში არ სჭირდებათ. ის მასწავლებელიც, რომელიც მართლაც რაღაც ახლის შესაძენად არის მისული, სრულად ვერ კმაყოფილდება. ამიტომ, ეს ორი რამ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს. ამაზე მასწავლებელთა სახლშიც ფიქრობენ და, ალბათ, გააკეთებენ კიდეც — იყოს უფრო ხანგრძლივი მოსამზადებელი კურსები ერთი ჯგუფისთვის და მეორესთვის — კვალიფიკაციის ასამაღლებელი ამ მხრივ ხელშეწყობას მასწავლებლები ნამდვილად საჭიროებენ — თავისივე კოლეგა კვალიფიციურად დაეხმაროს იმ საკითხების გამეორებაში, რომელიც მათთვის პრობლემურია.
პედაგოგებსაც უნდა გავუგოთ, დაბალ ხელფასთან ერთად, წლების განმავლობაში ქიმიის გაკვეთილებს სრულფასოვნად ვერ ატარებდნენ. როდესაც მოსწავლე გეტყვის, რომ ქიმია არ სჭირდება, ძალიან ძნელია, იძულებით ასწავლო საგანი. ძალიან ძნელია ასევე ქიმია ასწავლო ისე, რომ არ გამოიყენო მისი მთავარი სილამაზე — სადემონსტრაციო ცდები, რათა მოსწავლეთა მოტივაცია გაზარდო. თუ ქიმიას, ყოველივე ამის გარეშე, აბსტრაქტულ მეცნიერებად ასწავლი, ბავშვმა ერთი ორჯერ შეიძლება მოისმინოს, მაგრამ მერე აღარ დაინტერესდება. როდესაც თითქმის ცარიელ კლასში ატარებ გაკვეთილს და თან არავინ გისმენს, ესეც ერთ-ერთი მიზეზია პედაგოგთა დეკვალიფიკაციის.
ამიტომ აუცილებელია, ერთი მხრივ, სკოლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, რომ მასწავლებლებმა შეძლონ ტექნიკური საშუალებების გამოყენება და, მეორე მხრივ, მათ ამ ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესწავლისა და ასევე, თეორიული ცოდნის დეფიციტის შევსების საშუალება უნდა მიეცეთ.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ შევხედავთ, 2011 წელს გამოცდაზე გამოვიდა 521 აპლიკანტი, ჩააბარა 226-მა; 2012 წელს — 715, ჩააბარა 277-მა; 2013 წელს — 435, ჩააბარა 39-მა. გამოცდის ტესტი ერთნაირი ფორმატის იყო — 70-ქულიანი და 43 ქულა უნდა მოეგროვებინათ (აბიტურიენტებთან 19 ქულაა 75-იდან). წელს ჩამბარებელთა რიცხვმა მკვეთრად კი მოიკლო, მაგრამ ვნახოთ როგორია საერთო სურათი: თუ მეორე წელს განმეორებით გამოვიდა 178 აპლიკანტი, წელს — 249 და ჩააბარა 76-მა, მათ შორის მესამე ცდაზე 66 გამოვიდა და მხოლოდ 3-მა ჩააბარა. თუ საბოლოოდ ჩაბარებულების პროცენტს ავიღებთ, დაახლოებით იგივეა, რაც პირველ წელს — 43.4% და 43.6%. ახალი მასწავლებელი სულ უფრო და უფრო ცოტა გამოდის. პროგნოზი ისეთია, რომ მომავალში ეს პროცენტი კლებას დაიწყებს, თუ რადიკალური დახმარება არ იქნა გაწეული ტრენინგების გახშირებითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფით.
სამივე წლის შედეგად, სულ 545-მდე მასწავლებელს აქვს ზღვარი გადალახული. თუ ჩავთვლით, რომ 3000-მდე სკოლა გვაქვს, მინიმუმ, ამდენივე ქიმიის მასწავლებელი უნდა იყოს. ამიტომ კიდევ დიდი ნაწილია გამოსასვლელი, ჯერ საერთო რაოდენობის ნახევარიც კი არ გასულა გამოცდაზე. ვინც გამოვიდა, მათგან უმეტესობა მეორედ და მესამედ აბარებდა გამოცდას. ეს პროცენტი თუ შენარჩუნდა, კარგი იქნება, მაგრამ დიდი შიში გვაქვს, რომ დაიწყება კლება.
ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს — ამის ხაზგასმა მინდა. ჩვენ მათ ვიცნობთ. პირველივე წლის შემდეგ, სპეციალურად მოვიწვიეთ მასწავლებლები, ვისაც უმაღლესი ქულები ჰქონდათ და ჩავრთეთ გასწორების პროცესში, ისინი მასწავლებლის სახლმაც გამოიყენა. მათი მოსწავლეები ოლიმპიადებში ხშირად იმარჯვებენ. ამ პედაგოგებსაც სხვების ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ შედეგი განსხვავებული აჩვენეს. ასეთი მასწავლებლები არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც ბევრია. მათ ახლა ტრენერებად იყენებენ. პედაგოგებს რაიონიდან თბილისში რომ არ მოუხდეთ ჩამოსვლა, ადგილებზე უტარებენ ტრენინგებს. მაგალითად, კარგი პედაგოგები არიან ზუგდიდში, ასევე — ახალციხეში და სხვ. ამ რესურსის გამოყენება, ალბათ, კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იმისთვის, რომ მათ სხვა პედაგოგების გადამზადებაში მიიღონ მონაწილეობა.
კიდევ ერთი პრობლემაა — მასწავლებლების ასაკი და შემცვლელის არარსებობა. მეთორმეტეკლასელებს რომ ჰკითხოთ, ვისი ოცნებაა ქიმიის მასწავლებლობა, მსურველების რაოდენობა ალბათ ნული იქნება. იმისათვის, რომ ნული არ იყოს, გარკვეული მოტივაცია უნდა არსებობდეს. სანამ ეს მოტივაცია არ გაჩნდება, პრობლემები მუდმივად იარსებებს. წელს ამ მიმართულების სრულად დაფინანსებამ გამოიწვია, რა თქმა უნდა, ქიმიის ჩამბარებელი აბიტურიენტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ მეორე საკითხია, იმ სტუდენტებიდან რამდენი მოინდომებს მასწავლებლობას.
ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი
გვესაუბრება შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის
ზოგადი უნარების ჯგუფის
ხელმძღვანელი
სოფო დოლიძე
— როგორი იყო ზოგად უნარებში გამოცდების შედეგები? განსაკუთრებით საინტერესოა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგი, რადგან წელს სიახლე იყო კომბინირებული გამოცდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგთათვის, რომელიც სამ საგანს მოიცავდა.
წლევანდელი კონკურსი ზოგად უნარებში შედარებით მარტივი აღმოჩნდა აბიტურიენტებისთვის, ეს ტესტების სტატისტიკურმა ანალიზმა გვიჩვენა. სამი ტესტი ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, სირთულის თვალსაზრისით. ერთი ვარიანტი შედარებით რთული აღმოჩნდა. უცნაურია, მაგრამ რთული იყო კვლავ მესამე ვარიანტი, რამაც ამ ბოლო პერიოდში აბიტურიენტებს ისეთი დამოკიდებულება გაუჩინა, რომ მაინცდამაინც მესამე ვარიანტი იქნება რთული. გარწმუნებთ, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, თან აბიტურიენტები ყურადღებას აქცევენ ყოველ იმ წელიწადს, როდესაც მესამე ვარიანტი აღმოჩნდა რთული. მაგალითად, შარშან მეორე იყო, ადრე სხვა ვარიანტებიც ყოფილა რთული. ასე რომ, ეს ნამდვილად სპეციალურად არ ხდება, შემთხვევით აღმოჩნდა ისე, რომ მესამე ვარიანტში თავი მოიყარა შედარებით რთულმა დავალებებმა. თუმცა, მინდა აბიტურიენტები დავარწმუნო, რომ ყველა ვარიანტი სწორდება სკალირების საშუალებით, რომელიც ახლავს გამოცდას, რომელსაც ტესტის რამდენიმე ვერსია აქვს. სკალირება ის პროცედურაა, რომელიც სწორედ ამ უთანაბრობას აღმოფხვრის, ყველა სხვადასხვა ვარიანტში მიღებულ ქულას ერთმანეთს ადარებს იმის დასადგენად, რომელი უფრო მაღალია, ვთქვათ, პირველი ვარიანტის 60 ქულა თუ მეორე ვარიანტის 60 ქულა, თუ ისინი მართლაც თანაბარია. ძალიან მცირე განსხვავებაც კი, რომელიც შეიძლება იყოს და აუცილებლად აღმოჩნდება ტესტებს შორის (ერთი და იმავე სირთულის ტესტები თეორიულადაც კი შეუძლებელია), აღმოიფხვრება სკალირების პროცედურის შემდეგ.
40 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჯერ არ გვყოლია, წელს პირველად 42 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა და ისინი ოთხ სესიად განთავსდნენ იმ საგამოცდო ცენტრებში, რომლებსაც ყოველწლიურად ამზადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი იმის მიხედვით, რამდენი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. იმედი გვაქვს, მომავალში აბიტურიენტთა მეტი რაოდენობა აღარ იქნება, რადგან რთულია ძალიან მსგავსი სირთულის, ამავდროულად დავალებებით ერთმანეთისგან განსხვავებული სხვადასხვა ვერსიის მომზადება. ეს ძალიან დიდი სამუშაოა, არ არის მხოლოდ დავალებების შექმნა. ტესტი იქმნება ორიგინალად ქართველი ექსპერტების მიერ, შემდეგ დავალებები აუცილებლად უნდა გამოიცადოს.
სამწუხაროდ, წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა — სწორედ გამოცდების პერიოდში, თვითონ აბიტურიენტებმა გამოაქვეყნეს ერთ-ერთი რეპეტიტორის მიერ შეგროვებული მასალა — აბიტურიენტების მიერ საცდელ ტესტირებებზე დამახსოვრებული დავალებები. ყველა რეპეტიტორის მიმართ გვექნება თხოვნა, იმუშაონ აბიტურიენტების უნარების განვითარებაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა ერთ წელიწადში შეუძლებელია, მაგრამ თუ მაინც „ამზადებენ აბიტურიენტებს“, მაშინ მართლაც მათი უნარების განვითარებაზე იზრუნონ, წააკითხონ ახალი, უცხო ტექსტი, ასწავლონ მისი გააზრება, ასევე, ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად შეუძლიათ ასწავლონ ელემენტარული მათემატიკა, გააცნონ ტესტის სტრუქტურა, გაავარჯიშონ დროის ზუსტად განსაზღვრაში, პასუხების ფურცლის სწორად შევსებაში და ა.შ., რომ აბიტურიენტისთვის ახალი და მოულოდნელი არაფერი იყოს გამოცდაზე. მით უმეტეს, რომ ყოველწლიურად ქვეყნდება ჩვენი ტესტის ოთხივე ვარიანტი და პირადად მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი აბიტურიენტი ამას დამოუკიდებლადაც შეძლებს, მაგრამ თუ მას მაინცდამაინც რეპეტიტორთან უნდა მომზადება და რეპეტიტორებიც „ამზადებენ“ ზოგად უნარებში (რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი და ცოტა სასაცილოც კი არის), მაშინ ამ მომზადებას ამგვარი სახე მაინც ჰქონდეს და არა მეხსიერებაზე დაფუძნებული დავალების — საცდელ ტესტირებაზე დაიმახსოვრე რაც შეიძლება მეტი დავალება და კი არ ამოხსნა, არ იმუშაო, შენს უნარს კი არ მიაქციო ყურადღება, არამედ ეცადე დაიზეპირო, რადგან გამოცდაზე შეიძლება ეს დავალება შეგხვდეს. სპეციალურად იყვნენ აბიტურიენტები მობილიზებულები, რომ საცდელ ტესტირებაზე დაემახსოვრებინათ დავალებები და მიეტანათ რეპეტიტორისთვის. ცხადია, ყველაფერს ვერ დაიზეპირებ, ძალიან რთულია წინადადების შევსების დამახსოვრება, ამოცანების პირობებს უფრო დაიმახსოვრებს ადამიანი, მის ძირითად შინაარსს. ანალოგიების დაზეპირების მცდელობაც იყო, ასევე ლოგიკის ზოგიერთი წანამძღვრის... გარდა იმისა, რომ ამან საცდელი ტესტირებების ამგვარი ფორმით ჩატარებას გაუჩინა პრობლემა (სხვა სტრატეგიებზე ვფიქრობთ), ძალიან გულსატკენი იყო მსგავსი დამოკიდებულება. ეს არის ზოგადი უნარების გამოცდა, რომელიც ორიენტირებულია სწორედ მსჯელობაზე, აზროვნებაზე, ახალი ინფორმაციის გადამუშავებაზე, რადგან უმაღლეს სასწავლებლებში ეს უნარები სჭირდებათ ახალგაზრდებს — უამრავი ახალი მასალა უნდა აითვისონ, წაიკითხონ სხვადასხვა ავტორის სამეცნიერო ლიტერატურა. ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლებმა/რეპეტიტორებმა ამაზე იმუშაონ, ყურადღება გადააქვთ იმ დავალებების დაზეპირებაზე, რომლებიც ან იქნება ან არ იქნება ტესტში, ან სახეცვლილი იქნება. ასეთი მიდგომა სრულიად წარმოუდგენელი და გულსატკენია, აბიტურიენტებს რეალურად ცუდი საქციელისკენ უბიძგებენ — იციან, რომ ეს მასალა კონფიდენციალურია. ყველაფერთან ერთად, სწორედ აბიტურიენტისთვისაა საზიანო — ასეთი დაზეპირებული დავალებები მას გარკვეულ ჩარჩოში აქცევს და ძალიან რთულია შემდეგ ამ ჩარჩოდან გამოსვლა. გამოცდაზე მაინცდამაინც იმ დავალებებს ელოდებიან, რაც დაიზეპირეს და რაც იქ ნამდვილად არ დახვდებათ. 80-ქულიან ტესტში 80 დავალება გვაქვს, შეუძლებელია იქ იმის იმედად დარჩე, რომ ერთი-ორი ანალოგია დაიზეპირე და რამდენიმე ამოცანის შინაარსი გახსოვს. სრულიად მიუღებელია უნარების გამოცდისთვის დაზეპირებით მომზადება. ეს დამოკიდებულება ძალიან ცუდ განწყობას ქმნის გამოცდის მიმართ. რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, საცდელი გამოცდები მაინც ჩატარდება.
დავუბრუნდები იმას, რომ ოთხი ვერსიის მოსამზადებლად ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ყველა დავალება, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება გამოცდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია განვსაზღვროთ, რამდენად ვარგისია დავალება, რამდენად განარჩევს ის უნარიან და ნაკლებადუნარიან აბიტურიენტებს ერთმანეთისგან, რამდენად გასაგებად არის ჩამოყალიბებული — ერთმნიშვნელოვანია ყველა აბიტურიენტისთვის და ა.შ. იქმნება ბანკი დავალებების, საიდანაც ვირჩევთ იმ ოთხ ვარიანტს, რომლებიც უკვე საგამოცდოდ მზადდება.
მომავალი წლისთვის აბიტურიენტებს რაიმე სიახლეს არ ვთავაზობთ, ერთადერთი, ვფიქრობ, რომ ცოტა წაკითხულის გააზრების ნაწილი გავაძლიეროთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი მიმართულება. საერთოდ ნებისმიერი სპეციალობით უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სწორედ ეს უნარია მნიშვნელოვანი — წაკითხული ახალი ტექსტიდან შეგვეძლოს აზრის გამოტანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტესტში 2 ტექსტია წასაკითხი და 12 დავალება ეთმობა ვერბალური ნაწილის 40 დავალებიდან, მაინც გვინდა, რომ ამ დავალების წილი ოდნავ კიდევ უფრო გავზარდოთ. მინდა ვთხოვო ჩვენს აბიტურიენტებს, ყურადღებით მოეკიდონ ამ ნაწილს, რადგან, გავიმეორებ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სამწუხაროდ, ზოგიერთი ტექსტს საერთოდ არც კი კითხულობს და მთელ დროს ტესტის სხვა ნაწილებს უთმობს. ეს გულდასაწყვეტია, მით უმეტეს, რომ ძალიან საინტერესო ტექსტებს ვთავაზობთ ჩვენს აბიტურიენტებს.
ეს, რაც ეხება აბიტურიენტების გამოცდებს. გარდა ამისა, წელს გვქონდა მასწავლებლების 4 გამოცდა. დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს რამდენიმე სახის სერტიფიკატს სთავაზობს განათლების სამინისტრო: პირველი-მეოთხე კლასების მასწავლებელი, რომელიც კომბინირებულად რამდენიმე საგანს ასწავლის — ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება და საგნობრივი გამოცდები თითოეულ ამ სამ საგანში ცალ-ცალკე, რომლებიც პირველ-მეექვსე კლასებს მოიცავს. როგორც იცით, დაწყებითი საფეხური პირველ-მეექვსე კლასებს მოიცავს, მაგრამ რადგან კომბინირებული გამოცდა თავისთავად მძიმეა თავისი შინაარსით — სამი საგანი შედის გამოცდაში — ამიტომ პირველ-მეოთხე კლასების მასწავლებლისთვის მზადდება. წლების განმავლობაში ტრადიციაც ასეთი იყო, დაწყებითი კლასების მასწავლებლები განათლებას სწორედ ასე იღებდნენ — პირველ-მეოთხე კლასების საფეხურისთვის.
ეს გამოცდა გარდამავალია და 2014 წლის შემდეგ, წესით, აღარ უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენს სახელმწიფოში დაწყებითი საფეხური პირველი-მეექვსე კლასებითაა განსაზღვრული. მაგრამ კიდევ ბევრი მასწავლებელია, ვინც პირველ-მეოთხე კლასებს ასწავლის და სერტიფიკატი არ აქვს. როგორი იქნება ამ გამოცდის ბედი ჯერ არ ვიცით, ამაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, წელს ყველაზე ცუდი შედეგი სწორედ ამ გამოცდას ჰქონდა. ბევრი მასწავლებლისგან გვესმის, რომ ეს გამოცდა რთულია. უნდა დავეთანხმო — გამოცდა, თავისი სირთულით არის შესაბამისი იმ შრომისა, რასაც მასწავლებელი ეწევა სკოლაში. თუ მასწავლებელი სამ საგანს ასწავლის, თავისთავად ძალიან რთული საქმეა ერთდროულად ასწავლო ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. ამ საგნების ცოდნა მარტო პირველი-მეოთხე კლასების დონეზე ცოდნას არ გულისხმობს, მასწავლებელს ბევრად მეტი მოეთხოვება, ბევრად უფრო ღრმა ცოდნა — ამ მოთხოვნას მას სტანდარტი უყენებს. იყო დაწყებითი კლასების პედაგოგი, ნიშნავს იყო ძალიან კარგად მცოდნე პედაგოგი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სამი მნიშვნელოვანი საგნის, რომლებზეც შემდგომ მთელი ჩვენი განათლება შენდება, ძალიან რთული საქმეა. შესაბამისად, ვერც ტესტი იქნება მარტივი. ტესტის ფორმატი თავისთავად საკმაოდ დატვირთულია, რადგან სამი სხვადასხვა საგანია. გარდა ამისა არის აუცილებელი კომპონენტი — კითხვის და წერის სწავლების ნაწილი, რომელიც როგორც ამ გამოცდაზე, ასევე საგნობრივ გამოცდებზეც აუცილებელი ნაწილია. ეს სწორედ ის საფეხურია, სადაც ადამიანი კითხვას და წერას სწავლობს და თუ ამ საფეხურზე ეს ორი უნარი სწორად არ აითვისა, შემდგომ მისი განათლება ეჭვქვეშ იქნება დაყენებული. ამ ნაწილს 15 ქულა ეთმობა და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია პედაგოგებისთვის. გარდა ამისა, ტესტში კიდევ ორი ნაწილია.
აკადემიური უნარების ნაწილი, რომელშიც წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა/თხზულების დაწერა შედის, არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, რომელმაც მოსწავლეს პირველ საფეხურზე უნდა ასწავლოს.
როგორც ხედავთ, ტესტი მრავალი ნაწილისგან შედგება, მრავალფეროვანია და 5 საათი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ტესტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა მართლაც არ არის იოლი ჩვენი მასწავლებლებისთვის. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ადეკვატურია იმ სამუშაოსი, რასაც ისინი სკოლაში ასრულებენ. მათ მართლაც რთული სამუშაო აქვთ. ბევრს ჰგონია, რომ მეშვიდე-მეთორმეტე კლასებში სწავლება უფრო რთულია, ნამდვილად არ არის ასე. მე რომ მკითხოთ, პირველ-მეოთხე კლასებში სწავლება გაცილებით რთულია, ყველაზე მძიმე ალბათ პირველი კლასია. ეს იმდენად საპასუხისმგებლო სამუშაოა, რომ დაწყებითი კლასების პედაგოგები ყველაზე დაფასებულები უნდა იყვნენ. ისინი ქმნიან ადამიანის განვითარების საფუძველს არა მარტო განათლების, არამედ საერთოდ ყველა სფეროში.
წლევანდელი ტესტი წარმატებით შეასრულა პედაგოგების მხოლოდ 7%-მა, განსაკუთრებით გაუჭირდათ ანალიტიკური წერის დავალების შესრულება, ანუ თხზულების დაწერა. თხზულება ძალიან საინტერესო იყო, საბავშვო ნაწარმოებების სხვადასხვა სახეობას შეეხებოდა, მაგალითად, დონალდ ბისეტის „ყველაფერი ყირამალადან“ და ჯანი როდარის ზღაპრიდან იყო მოყვანილი ნაწყვეტები და უნდა ემსჯელათ, რატომ მიმართავენ ავტორები ამ ხერხს — ყველაფერი ყირამალა დააყენონ. როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა მარტივი გასააზრებელი და დასაწერი ჩვენი პედაგოგებისთვის. შეიძლება მოულოდნელი და არასტანდარტული საკითხია, არ არის ისეთი ბანალური, როგორც, ვთქვათ, კომპიუტერთან ურთიერთობა ჯობია თუ წიგნთან, ან როგორ გავლენას ახდენს ტელევიზორი ბავშვზე. მსგავს თემატიკას სპეციალურად არ ვაწვდით პედაგოგებს, ვფიქრობთ, რომ ეს ისეთი თემებია, რომელთა ირგვლივ ადამიანებს აქვთ საკუთარი აზრი. ვცდილობთ რაიმე ორიგინალური, ახალი შევთავაზოთ. აღმოჩნდა, ამაზე მუშაობა ცოტა გაუჭირდათ.
ტექსტი, რომელიც შევთავაზეთ და ასევე არ აღმოჩნდა მარტივი, ისევ და ისევ ბავშვს შეეხებოდა, მე-სთან დაკავშირებულ ემოციებს — როგორც ჩანს, მსგავსი ლიტერატურაც ძნელად ხელმისაწვდომია ჩვენი პედაგოგებისათვის, ან ამ ლიტერატურის გასაცნობად არ აქვთ საკმარისი დრო, ან ქართულ ენაზე არ არის საკმაო ლიტერატურა, ან მათთვის არ არის ხელმისაწვდომი, ყოველ შემთხვევაში, ეს ახალი სფერო აღმოჩნდა.
რაც შეეხება საგნობრივ ნაწილს, კითხვისა და წერის სწავლების დავალებას მეტნაკლებად კარგად გაართვეს თავი, თუმცა სამივე საგანში პრობლემაა ე.წ. ღია დავალებები, სადაც არ არის მოცემული სავარაუდო პასუხები და აპლიკანტმა/მასწავლებელმა თვითონ უნდა დაწეროს. როგორც წესი, ასეთი დავალებები უფრო რთულია, ვიდრე არჩევითპასუხიანი დავალებები, როდესაც ცოდნის სფეროს ვაფასებთ. ესეც, ალბათ, ანალიტიკური წერის პრობლემას ეხმიანება. როგორც ჩანს, აზრის ჩამოყალიბება მოკლე დროში, შეზღუდულ პირობებში არ არის ადვილი ჩვენი პედაგოგებისთვის.
კიდევ ერთხელ განვაახლებთ კრებულს ტესტით, რომელიც წელს გამოცდაზე იყო და მასწავლებლებს გავაცნობთ ნიმუშებს პასუხებისა, რომლებიც მაღალი ქულებით შეფასდა, რომ ერთგვარი ორიენტირი მივცეთ მათ, როგორ უნდა გაეცეს პასუხი ამა თუ იმ დავალებას. შესაბმისად, იმედი გვაქვს, რომ მომავალი წელი უფრო წარმატებული იქნება.
შედარებით წარმატებული იყო საგნობრივი გამოცდები — პირველი-მეექვსე კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე წარმატებული აღმოჩნდა 28%, ბუნებისმეტყველების გამოცდაზე — 25%, მათემატიკის — 21%. პრინციპში, არც ეს არის ძალიან მაღალი პროცენტი, მაგრამ 7%-ს ბევრად ჯობია. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ გამოცდებზე, ფორმატის თვალსაზრისით, უფრო მარტივი სამუშაოა — ერთ საგანს მოიცავს და მათემატიკის მასწავლებელი მხოლოდ მათემატიკაზე მუშაობს. ცხადია, მასაც აქვს ანალიტიკური წერის ნაწილი და წაკითხულის გააზრების ნაწილი შესასრულებელი, ასევე აქვს აუცილებლად კითხვისა და წერის სწავლების ნაწილი, რაც პედაგოგთა ძალიან სერიოზულ პროტესტს იწვევს. რამდენიმე შენიშვნა მივიღეთ — ბუნებისმეტყველების ან მათემატიკის მასწავლებლებმა რატომ უნდა იცოდნენ ეს საკითხები. ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე მუშაობისას, სულერთია, რა საგანს ასწავლი და როგორღაც უნდა დამკვიდრდეს მიდგომა, რომ მარტო ქართულის მასწავლებელი არ ასწავლის წერა-კითხვას. ძალიან ბევრ მოსწავლეს პრობლემა მათემატიკაში ან ბუნებისმეტყველებაში სწორედ იმიტომ უჩნდება, რომ კითხვა არ იცის კარგად, დავალების/ამოცანის პირობას ვერ კითხულობს და ვერ იაზრებს და ამიტომ ვერც ასრულებს მას. შეიძლება ძალიან კარგად იცოდეს მიმატება და გამოკლება, მაგრამ ვერ გაიგოს, რას ავალებს დავალება და ამიტომ ვერ აღწევს წარმატებას. რომ ვერ იგებს, შემდეგ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა. მათ უნდა შეძლონ ამა თუ იმ მოსწავლის პრობლემის ამოცნობა და დახმარება. ყველაფერი ქართული ენის მასწავლებელზე არ უნდა იყოს გადაბარებული. პირველ, მეორე და მესამე კლასებში ყველა გაკვეთილზე უნდა ვიმუშაოთ კითხვის და წერის უნარის განვითარებაზე. მათემატიკის მასწავლებელმაც უნდა გაუსწოროს მოსწავლეს, თუ ის წერის დროს ასოებს ტოვებს, ან ანაცვლებს, ან სწორად ვერ კითხულობს... დახმარების სწორი სტრატეგია უნდა შესთავაზოს ისევე, როგორც ქართული ენის მასწავლებელმა. ეს დამოკიდებულება ჩვენს პედაგოგებში ჯერ არ არის. არიან პედაგოგები, რომლებიც ამ გამოცდას აბარებენ, მაგრამ დაწყებით საფეხურზე არ უსწავლებიათ (მეშვიდე-მეთორმეტე კლასების პედაგოგები), მათთვის ეს განსაკუთრებით ახალია, მაგრამ აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ პირველ კლასში ასწავლო, უნდა იცოდე, რა პრობლემებს წააწყდება ბავშვი ტექსტის, სიტყვების, წინადადების ან რიცხვების კითხვისას. თუ პრობლემა არის, ისიც უნდა იცოდე, როგორ გადაჭრა.
გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტესტის ეს ნაწილი აუცილებლად დარჩება და გვინდა, რომ მასწავლებლებმაც გაიაზრონ მისი მნიშვნელობა. ყველა პედაგოგმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს იმას, თუ როგორ წერს და კითხულობს მოსწავლე. თუ ეს ორი უნარი სათანადოდ არ არის განვითარებული დაწყებით საფეხურზე, მაღალ საფეხურებზე აუცილებლად გვექნება პრობლემა. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ პედაგოგებს, რაც შეიძლება მეტი იმუშაონ ამ საკითხზე. გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფმა გამოსცა კრებული — „როგორ ვასწავლოთ კითხვა“, რომელშიც კითხვის სწავლების თანამედროვე მიდგომებია თავმოყრილი. პედაგოგებს შეუძლიათ გაეცნონ ამ კრებულს, რთული ნამდვილად არაფერია, არის ყოველდღიურ გამოცდილებაზე დაფუძნებული დავალებები და არა თეორიული, პრაქტიკას მოწყვეტილი. მათი შესრულება ნამდვილად შეიძლება, თუკი ვიცნობთ ამ ასაკის მოსწავლეს და წარმოგვიდგენია, როგორ უნდა ვიმუშაოთ მასთან. თუ დაწყებითი საფეხურის სერტიფიკატის აღებას ვაპირებთ, აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად 6-7 წლის მოსწავლესთან ურთიერთობისთვის.
ასეთი მოსაზრება იყო, თითქოს ძალიან რთული ტესტები შევთავაზეთ მასწავლებლებს და ამასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა. თუმცა ცალკეული დავალება რომ ვნახოთ, ასეთი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაგვრჩება. დავალებებმა მოიცვა ყველაფერი, რაც სტანდარტშია წარმოდგენილი. მაქსიმალურად დიდი ნაწილი სტანდარტისა უნდა დაიფაროს, რომ შემოწმდეს სტანდარტთან მასწავლებლის ცოდნისა და უნარების შესაბამისობა, გამოცდის დანიშნულება ეს არის. 5-საათიანი გამოცდა თავისთავად მაინც სტრესია და ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ ერთი შეხედვით ძალიან მარტივ დავალებებსაც ვერ ვუმკლავდებით. ეს ძალიან ბუნებრივია, ცენტრის თანამშრომლები ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა ვაქციოთ ზედმეტ ტრაგედიად და ჩვენს პრესტიჟზე ეს არ უნდა აისახოს. ძალიან კარგად გვიცნობენ მასწავლებლებიც, სკოლის ადმინისტრაციაც, მშობლებიც, მოსწავლეებიც და მხოლოდ ერთი 5-საათიანი გამოცდის საფუძველზე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ძალიან რთულია და ცხადია, არ მოხდება.
იმედი გვაქვს, მომავალში თვითონ სისტემა მასწავლებლის შეფასებისა უფრო დაიხვეწება და, სამწუხაროდ, როგორც დღეს არის — მხოლოდ გამოცდაზე დაფუძნებული — არ იქნება. თავიდან ასეც იყო ჩაფიქრებული, გამოცდა უნდა ყოფილიყო ერთი კომპონენტი, ბევრ სხვასთან ერთად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთადერთია, რაც ნამდვილად არ არის სწორი. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს შეიცვლება — დაემატება პრაქტიკული კომპონენტი, ანუ გაკვეთილზე როგორ ასწავლის მასწავლებელი. სხვადასხვა კომპონენტების შეფასებით უფრო სრული სურათი გვექნება და ჩვენი პედაგოგებიც უკეთ წარმოჩნდებიან.
გვესაუბრება შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის
ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი
აივენგო შათირიშვილი
— ბატონო აივენგო, როგორც ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებდით პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგსა და ერთიან ეროვნულ გამოცდას ბიოლოგიაში?
— მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისა და მოსწავლეთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ დიაგნოზად, რომელმაც გამოავლინა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში არსებული ნაკლოვანებები. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დასვა დიაგნოზი, როგორიც უნდა იყოს ის — მოსაწონი თუ მიუღებელი, ჩვენ ვაჩვენეთ რეალური სურათი — როგორია მდგომარეობა. ჩვენი საქმე მხოლოდ შეფასებაა, ანუ ჩვენ ვართ ინდიკატორი — რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს სკოლაში. თქვენს შეკითხვაზე პასუხს დავიწყებ მასწავლებლებით, იმიტომ რომ ყველაზე შემაშფოთებელი მდგომარეობა პედაგოგებთან გვაქვს.
რა არის ამის მიზეზი? ის ხომ არა, რომ ჩვენ ძალზე რთული ტესტები შევადგინეთ? ნებისმიერ ექსპერტს აჩვენეთ აბიტურიენტთა ტესტური დავალებები და დავალებები, რომლებიც პედაგოგებისათვის იყო გამიზნული. ვფიქრობ, ყველა მათგანი დაგიდასტურებთ, რომ სირთულის თვალსაზრისით მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. იგი ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას არ სცილდება. სამწუხაროდ, ამისდა მიუხედავად პედაგოგების 77.7%-მა კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
აუცილებელია გავიაზროთ და გავაანალიზოთ ამის მიზეზები. თუმცა აქ იმდენი მიზეზია, გაზეთის ერთი ნომერი კი არა, ყველა მომდევნოც არ ეყოფა, შევჩერდებით მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე.
პირველი და მთავარი რა არის — ბიოლოგიაში, 90-იანი წლების შემდეგ, არნახული გარდაქმნებია, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რევოლუცია მოხდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე თუნდაც 2010 წლის ჩათვლით, გააანალიზეთ, რა ეკონომიკური მდგომარეობა იყო საქართველოში. განა ვინმეს პედაგოგებისათვის ეცალა? იყო თუ არა მაშინ ისეთი ტექნიკური საშუალებები, როგორიც დღეს არის? სამწუხაროდ, საგანმანათლებლო გადაცემები ქართულ ტელევიზიაში არ არსებობს, მხოლოდ ყვითელი პიარი ჭარბობს და ყველაფერი პოლიტიკურ ფონზე მიდის. ამრიგად, საგანმანათლებლო გადაცემებისათვის, გინდა გაზეთები აიღეთ, არავის სცალია. აი, ამის შედეგი — ბიოლოგიაში მოხდა დიდი ძვრები და ამან, თითქოს, შეუმჩნევლად ჩაიარა, მასწავლებლებს ეს არ შეეხო, მათ სათანადო ინფორმაცია ვერ მივაწოდეთ. არ არსებობს ისეთი ლიტერატურა, წიგნი, რომელიც პოპულარულად მიაწოდებდა მათ ამ ინფორმაციას.
შემდეგი მიზეზი — ჩატარდა რეფორმა, ანუ ახალი სტანდარტი შემოვიდა. როგორ შემოვიღეთ ჩვენ ის? რა თქმა უნდა, ნაუცბათევად. განათლება შოკურ თერაპიას ვერ იტანს, ეს უნდა მომხდარიყო თანდათანობით, დაკვირვებისა და კვლევის საფუძველზე და არავინ დაზარალდებოდა. მასწავლებლებს ეს კოლოსალური ინფორმაცია უცებ ზვავივით დაატყდა თავს. დაირღვა ძველი სისტემა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გერმანულ-რუსული მოდელი და გადავედით ამერიკულ, ნაწილობრივ ევრო-ამერიკულ მოდელზე. ამისთვის მასწავლებელი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო, იყო გარკვეული მცდელობები საამისოდ, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარისი. სრულიად ახალი ნოვაცია შევთავაზეთ და ამით მასწავლებელი შევაშინეთ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ კულუარებში თუ გაიგონებთ ჩივილს ან კრიტიკულ შენიშვნებს, ვერსად ვერ წაიკითხავთ (ვერც თქვენს გაზეთში და ვერც სხვაგან) ამ თემის ირგვლივ კრიტიკულ სტატიებს — როგორ აფასებენ მასწავლებლები საგნობრივ სტანდარტს, სასკოლო სახელმძღვანელოებს, ან, ზოგადად, ეროვნულ სასწავლო გეგმას, როგორ წარმოუდგენიათ მისი მომავალი განვითარება და ა.შ. ამგვარი მსჯელობა, აზრებისა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა, მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა პრაქტიკოს მასწავლებლებსა და განათლების სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს შორის მხოლოდ წაადგება საქმეს, ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ საგნობრივი სტანდარტების შემუშავების პროცესში მასწავლებელთა უფრო ფართო წრე იყოს ჩართული.
კიდევ ერთი პრობლემაა მეთოდური ლიტერატურის ნაკლებობა, „შიმშილი“, შეიძლება ასეც ითქვას. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მეთოდურ ლიტერატურას, წიგნს (რა თქმა უნდა ბიოლოგია მაქვს მხედველობაში), რომელიც დაეხმარება მასწავლებელს. როდესაც ცენტრი მასწავლებლების სერტიფიცირებას იწყებდა, ვიცოდით ამ პრობლემის წინაშე რომ აღმოვჩნდებოდით. ცენტრმა მოამზადა მასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო იმ პროგრამის მიხედვით, რაც განათლების სამინისტრომ დაამტკიცა. სამწუხაროდ, ამ წიგნს არც დადებითი და არც უარყოფითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მივიდა კი პედაგოგებამდე? ალბათ, არ მისულა, მას პოპულარიზაციას არავინ უწევს.
მასწავლებელი ძალიან გადატვირთული და გადაღლილია. ჩვენ ისინი კი არ უნდა დაგვეშინებინა, მათ გვერდით უნდა დავმდგარიყავით და ერთად ჩაგვეტარებინა ეს რეფორმა. ერთ-ერთ თბილისელ პედაგოგს ვკითხე, რითი მოემზადა გამოცდისთვის და მიპასუხა — სასკოლო სახელმძღვანელოებით, სხვა არ ვიციო. რა თქმა უნდა, მივეცი ჩვენ მიერ მომზადებული სახელმძღვანელო. თბილისში რომ ასეა, სოფლებში რა მდგომარეობა იქნება. განა ყველას მიუწვდება ხელი ინტერნეტზე?
ცალკე თემაა სასკოლო სახელმძღვანელოები, რა სახელმძღვანელოსთან გვაქვს საქმე. მართალია, ბიოლოგიაში ჩვენ ამის ტრადიცია არ გვქონდა, ძირითადად ვიყენებდით საკმაოდ კვალიფიციურ, რუსულიდან ნათარგმნ სასკოლო ლიტერატურას, რომელიც ასე იყო დალაგებული — ბოტანიკა, ზოოლოგია, ანატომია და ფიზიოლოგია ადამიანისა და ზოგადი ბიოლოგია. ეს მოიშალა და შემოვიდა ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა დაფუძნებული. როგორია ეს სახელმძღვანელოები? სამწუხაროდ, ისინი ხშირად ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს. მე არსად არ წამიკითხავს რეცენზია ამ წიგნების შესახებ. სახელმძღვანელო რომ გადავშალოთ, ვნახავთ, რომ ერთ გვერდზე ერთი წერია, მეორეზე — მისი საწინააღმდეგო. რა ქნას მასწავლებელმა — იმ პირველ გვერდს დაუჯეროს თუ მომდევნოს? ამას ემატება კიდევ მასწავლებლის წიგნი, უფრო სწორად, მისი არარსებობა. აი, ახლა გიჩვენებთ, რა დიდია მოსწავლის წიგნი და შეადარეთ მასწავლებლის წიგნი, ხედავთ, შედარება არ არის, როგორი მიზერული და მწირია მასწავლებლის წიგნი, შერჩევით არის განხილული გაკვეთილები, რომელიც ავტორს მოესურვა. მასწავლებლის წიგნში ყველა თემა უნდა იყოს ამომწურავად განხილული, რათა მასწავლებელს არ დასჭირდეს სხვაგან სტატიების მოძიება, უნდა დაეხმაროს მას ნოვაციის, ახალი მასალის ათვისებაში. არსებული სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, არაფერს აძლევს მასწავლებელს — ფორმალური, უხეირო, შეცდომებით დახუნძლული, არ არის გათვალისწინებული მოსწავლის ასაკი, ფსიქოლოგია. შეიძლება ერთ გაკვეთილში ოცზე მეტი ახალი ტერმინი მიაწოდო მოსწავლეს? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ცალკეა პედაგოგიკა, ცალკეა სამინისტრო, ცალკეა მასწავლებელი — ეს უნდა იყოს კომპლექსური, ერთად უნდა იყვნენ.
კიდევ ერთი რამ — დაიხურა პედაგოგიური ინსტიტუტები და ყველა „ბუჩქის ძირას“ გაიხსნა აკადემიები და უნივერსიტეტები, რომლებმაც მოამზადეს კადრები. არავის უკითხავს, რას ასწავლიან, ვინ ასწავლის ან რა დონის კურსდამთავრებულები გამოვლენ ამ უმაღლესი სასწავლებლებიდან. საყოველთაო უმუშევრობის დროს, ყველაზე ღია კარი აღმოჩნდა სკოლა და მიაშურეს სკოლას ექიმებმა, ზოოვეტდამთავრებულებმა, სასოფლოდამთავრებულებმა. ცხადია, პროფესიული გადამზადების წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს, მაგრამ ამას გარკვეული მიდგომა, ერთიანი ხედვა და გონივრული სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რაც არ მომხდარა. სულ ახლახან შეიქმნა მასწავლებლის სახლი, რაც ძალიან კარგია. მართალია, ეს დაგვიანებული იყო, მაგრამ კარგი ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს თუ არა იქ პრობლემები? გვაქვს. მასწავლებელი მიდის ერთი თვით ან თხუთმეტი დღით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასეთი მოკლე ვადა საქმეს არ შველის. ამდენი ნოვაცია, ახალი წიგნები და თქვენ გინდათ, რომ მასწავლებელმა თხუთმეტ დღეში ყველაფერი აითვისოს? მასწავლებლის გადამზადება უნდა ხდებოდეს გრძელვადიანი კურსების მეშვეობით, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ და ეს არ უნდა იყოს იმპულსური, არამედ სისტემატური — ორ-სამ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. ადრე იყო გადამზადების ინსტიტუტები, რომლებიც გაქრა და შეგვრჩა თხუთმეტდღიანი გადამზადების ფორმალური, შეიძლება ასეც ითქვას, კურსები. ეს საქმეს არ შველის. ამასთან, ამ კურსებზე, ძირითადად, ხელი მიუწვდებათ თბილისში და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთ. შორეულმა სოფლებმა რა ქნან? იქ ხომ უამრავი მასწავლებელია, განა მათ აქვთ საშუალება, რომ ჩამოვიდნენ და ერთი თვე, თუნდაც თხუთმეტი დღე დაესწრონ კურსებს? სოფელში უამრავი საქმეა და მასწავლებელი ჩვენგან მიტოვებულია. ამგვარად, მოსაფიქრებელი და შესამუშავებელი გვაქვს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური და მოქნილი სისტემა.
ხედავთ, რამდენი პრობლემაა, მე თქვენ მხოლოდ მცირედი დაგისახელეთ, უამრავი სხვა შეიძლება დავასახელოთ. ჩვენ, ფაქტობრივად, მასწავლებელი გავწირეთ, შევაშინეთ და, ბუნებრივია, რომ შედეგიც ამგვარი გვაქვს. ამაში ყველაა დამნაშავე. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ — ჩვენ ყველანი პეტრეს როლში გამოვდივართ, ვამოწმებთ მაშინ, როდესაც მასწავლებელს არ ვუქმნით სათანადო პირობებს. ყველას გვახსოვს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რა პათეტიკურად საუბრობდა მასწავლებელთა კომფორტზე, მაგრამ რეალურად განა შევუქმენით მასწავლებელს კომფორტული პირობები იმისათვის, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებს უმტკივნეულოდ ჩაევლო მათთვის? რა თქმა უნდა, არანაირი კომფორტი მასწავლებლისთვის არ შეგვიქმნია და ვთხოულობთ იმაზე მეტს, რაც მივეცით. ჯერ უნდა დათესო და მოსავალი მერე უნდა აიღო. ჩვენ არაფერი დაგვითესია და გვინდა მოსავალი ავიღოთ. ასე არ ხდება. შედეგიც სახეზეა.
ჩვენ ველოდით, რომ შედეგი არ იქნებოდა კარგი, ვიცოდით, რომ მასწავლებელს უჭირს, სჭირდება მეთოდური სახელმძღვანელოები (ბიოლოგიაში დამხმარე წიგნიც ამიტომ შევქმენით), მაგრამ რა უნდა გააკეთოს ცენტრმა — ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ ცოდნას. მართალია წიგნის მომზადება ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ პედაგოგთა დასახმარებლად მაინც მოვამზადეთ და გამოვეცით. გარდა ამისა, სისტემატურად ვაწყობთ პედაგოგებთან შეხვედრებს, ინფორმაციას ვაწვდით მათ, ჩვენს ვებგვერდზე აიტვირთა მომზადებული კრებულის ელექტრონული ვერსიებიც. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის მეთოდური დახმარება. ჩვენი მოვალეობაა მასწავლებლებს გავაცნოთ გამოცდების პროცესუალური მხარე და არა მათი მომზადება. მასწავლებელი აბიტურიენტი არ გახლავთ, რომ მოამზადო იმისთვის, რომ გამოცდები კარგად ჩააბაროს. არა, მასწავლებელს თანადგომა და ცოდნის, კვალიფიკაციის ამაღლება ესაჭიროება, რაც სხვა ინსტანციების მოვალეობაა. როდესაც მე სხვადასხვა სპეციალობადამთავრებულები ვახსენე, მათ სჭირდებოდათ კარგი გადამზადება იმ დისციპლინების მიხედვით, რომლებიც ოდესღაც ისწავლეს და დაავიწყდათ ან საერთოდ არ უსწავლიათ, მაგალითად, ევოლუციური მოძღვრება საერთოდ არ ისწავლებოდა არც სამედიცინოში, არც ზოოვეტში და არც სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ასევე, რიგი სხვა დისციპლინებისა, რომლის ცოდნა ბიოლოგიის მასწავლებლისთვის აუცილებელია. ისინი უნდა გადამზადებულიყვნენ ამის მიხედვით, რაც არ მოხდა. ისინი პირდაპირ შევუშვით სკოლაში, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვერ აბარებენ, ტესტში დასმულ ელემენტარულ კითხვებს ვერ სცემენ პასუხებს.
ჩვენ რომ მოსწავლეებს სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურზე ვაწვდით ამოცანებს, ვფიქრობ, ბევრ პედაგოგს გაუჭირდება მათზე პასუხის გაცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ოლიმპიადებზე. მე იმის თქმა არ მინდა, რომ კარგი, პროფესიონალი პედაგოგები არ არიან, ბევრი პროფესიონალი მასწავლებელი გვყავს და სწორედ მათი მოსწავლეები იმარჯვებენ ოლიმპიადებზე, მაგრამ სამწუხაროდ, მათი რიცხვი არცთუ ისე ბევრია.
ახლა, რაც შეეხება აბიტურიენტებს. არის თუ არა ასეთი საგანგაშო შედეგი, რომელიც აბიტურიენტებმა ბიოლოგიის გამოცდაზე აჩვენეს? განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგალითად, 2010 წელს მოსწავლეთა 26.4%-მა კომპენტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. არავითარი ხმაური ამას არ მოჰყოლია. რატომ არის წელს საზოგადოება ასე აჟიტირებული? გასულ წელზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენმა ჯგუფმა, მაშინ პროტესტის ნიშნად, დატოვა გამოცდების ეროვნული ცენტრი. ფაქტი ის არის, რომ 5%-ია მხოლოდ ჩაჭრილთა რაოდენობა, ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა. თუ რა მოხდა, დასკვნა მკითხველმა თავად გამოიტანოს. შეიძლება მე გარკვეული ეჭვი მქონდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ეჭვია და არანაირი საფუძველი არ გამაჩნია. მხოლოდ ციფრებს მოვიტან წლების მიხედვით — 2010 წელს — 26.4, 2011 წელს —10.6 და მიმდინარე წელს — 19.4. არის ეს საგანგაშო თუ არა? რა თქმა უნდა, არა. მარტივი მიზეზის გამო — მაგალითად, მე არაფერი არ ვიცი ბიოლოგიაში და შემოსახაზი დავალებები რომ შემოვხაზო ალალბედზე, ქულების 25 პროცენტს მოვაგროვებ. ალბათობის თეორიის მიხედვით, ოთხიდან ერთი პასუხი რომ უნდა შემოხაზო, 25%-ია ალბათობა, რომ სწორ პასუხს გასცემ. ეს რომ გამოირიცხოს აუცილებელია ეროვნული გამოცდებისას მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25%-ზე მეტი იყოს. ტესტების დამუშავებისას ვხედავთ, რომ ზოგჯერ აბიტურიენტი მოუმზადებელია. ხოლო ვინც კარგად მოემზადა, მაღალი შეფასებაც მიიღო და ჩააბარა. ჩემი შეხედულება შეიძლება სუბიექტურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ არის სკოლებში ბიოლოგიის სწავლა სათანადო დონეზე, სახელმძღვანელოების გამო. მასწავლებელი შუამავალი რგოლია წიგნსა და მოსწავლეს შორის, რა ქნას მასწავლებელმა, როდესაც წიგნი არ ვარგა, შეცდომებია და მოსწავლე საშინაო დავალებას დამოუკიდებლად ვერ ისწავლის. არსებული სახელმძღვანელო მასზე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას არ იძლევა. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ არაერთხელ მისაუბრია გამოცდილ პედაგოგებთან, ჩუმად ისინი ამაზე საუბრობენ, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ, რადგან ასე დამკვიდრდა, რომ წიგნი ავტორიტეტია და როგორ შეიძლება, იქ შეცდომა იყოს?! შეცდომა ყველგან ხდება!
შედეგი სახეზე გვაქვს და ამას გამოსწორება უნდა, მაგრამ ერთი პიროვნება, ერთი კონკრეტული პედაგოგი ამას ვერ დაძლევს, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა, რაც არასდროს არ ყოფილა. წინა მმართველობა პიარზე იყო გადასული, შედეგებს ალამაზებდნენ. რატომ დავტოვეთ ჩვენ გამოცდების ცენტრი? იმიტომ, რომ შედეგების გადაკეთება უნდოდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. კი არ უნდა შევალამაზოთ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, დღევანდელი რეალობა ასეთია, მე ჩამოგითვალეთ არაერთი მიზეზი, რასაც გამოსწორება უნდა. ამას ვერც ცალკე პიროვნება და ვერც ცალკე სამინისტრო ვერ შეძლებს. კომპლექსურ დაავადებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჩემი აზრი ასეთი გახლავთ, დამეთანხმებით თუ არა, ეს უკვე თქვენი საქმეა.
ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი
|