2014-11-13 მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული საპილოტე სამედიცინო პროგრამა ანა ფირცხალაიშვილი
ახალი სასწავლო წლიდან განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, ესაა საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირების აღდგენა. შერჩეული 100 საპილოტე სკოლიდან რამდენიმეს მონახულებამ დაგვარწმუნა, რა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ორივე უწყება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ესაა ექიმის კაბინეტების პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების დაცვით მოწყობა; მეორე — მისი სათანადო ინვენტარითა და მედიკამენტებით აღჭურვა — ესეც ქვეპროგრამის დანართით ზუსტად არის გაწერილი. რაც შეეხება თავად ექიმს, მას მეტად სერიოზული და საპასუხისმგებლო ფუნქცია დაეკისრა, ჩამონათვალი ასეთია: მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა; ქრონიკული დაავადებების პრევენცია, აცრების კალენდრის შესწავლა და იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა, მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება... საპილოტე პროგრამა 31 დეკემბერს დასრულდება და ორივე უწყება ახალ კონკურსს გამოაცხადებს სკოლებში ექიმების მოსაზიდად. პარალელურად, საპილოტე სკოლებში გაწეული მუშაობაც შეფასდება იმ ხარვეზების გამოსასწორებლად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც საპილოტე პერიოდი გამოავლენს და, რომლის გამოსწორებაც აუცილებელი იქნება სკოლების სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად.
პროგრამის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ დედაქალაქის რამდენიმე სკოლას ვესტუმრეთ. პირველი შთაბეჭდილება 155-ე საჯარო სკოლის ექიმმა, ეთერ ჯინჭველაშვილმა მოახდინა. მაშინ ის ჯერ კიდევ აგროვებდა ცნობებს მოსწავლეების ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა, პარალელურად მაინც თავად სინჯავდა თითოეულს. ჳვ-ვ კლასელების შესახებ უკვე ჰქონდა სრული ინფორმაცია ჟურნალში შეტანილი და თითქმის ასრულებდა პირველკლასელთა გამოკვლევას. თითოეული სახელისა და გვარის გასწვრივ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მითითებული. ყურადღება მიიქცია წითლად გახაზულმა სიტყვებმა — ჭარბი წონა და არასაკმარისი წონა. ექიმი ამბობს, რომ განსაკუთრებული სამუშაო, პირველ რიგში მშობლებთან, სწორედ ამ მიმართულებით ექნება — „მინდა დაეტყოს სკოლას, რომ ექიმი ჰყავს. უნდა დავარწმუნო ჩვენი მოსწავლეების მშობლები ჯანსაღი კვების აუცილებლობაში. ამ მიმართულებით მათ აუცილებლად უნდა აკონტროლონ თავიანთი შვილები, თორემ 7-8 წლის ასაკში სიმსუქნე ბევრი ავადობის სათავე შეიძლება გახდეს. არანაკლები საფრთხის შემცველია წონის ნაკლებობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, სოციალური ფონი მიიჩნევა, მაგრამ მიზეზის დადგენა თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია“. ქალბატონი ეთერი ამბობს, რომ კაბინეტი სრულადაა აღჭურვილი მოთხოვნის შესაბამისად, შეძენილია მედიკამენტებიც, თუმცა მიაჩნია, რომ ჩამონათვალში ჰიგიენის საშუალებებიც უნდა შედიოდეს და ყურის ტკივილისა და ჰიპერტენზიული წამლებიც.
89-ე საჯარო სკოლის ექიმმა ნანული ტეტუნაშვილმა, მის მიერვე შემუშავებული კითხვარით, კლასის დამრიგებლების დახმარებით, შეაგროვა მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ცალკე აქვს ამოწერილი განსაკუთრებით საყურადღებო შემთხვევები. „პარალელურად, მე თვითონაც ვსინჯავ მოსწავლეებს, მარტო კითხვარის იმედად ვერ ვიქნები, მშობლების კოორდინატებსაც ვინიშნავ. ბევრ შემთხვევაში მათთან გასაუბრებაც საჭიროა. ოთხი ინკლუზიური ბავშვია სკოლაში და მათთანაც დამჭირდება ურთიერთობა. ამჟამად ყველაფერი გვაქვს, რაც პროგრამითაა გათვალისწინებული, ფარმადეპოსთან გააფორმა სკოლამ ხელშეკრულება და წამლების მხრივ შეფერხება არ გვექნება, მაგრამ ყველაზე მეტად ტუალეტებში ჰიგიენის საკითხი მაღელვებს, იმასაც კი ვფიქრობ, იქნებ ვიდეოთვალის დაყენებამ უშველოს-მეთქი. ამის გაკონტროლება ძალიან რთულია. სხვა მხრივ ჩემთვის სირთულე არაფერია. მუცლისა და თავის ტკივილი, დავარდნა, წნევა, გაციება — ამ ჩივილებით ყოველდღიურად, მეტი თუ არა, 10 ბავშვი მაინც შემოდის, ხშირად მასწავლებლებიც ემატებიან. მათ დასახმარებლად ყველაფერია ამ კაბინეტში“.
ჰიგიენის საკითხზე მარინა შარაგიამაც (165-ე სკოლა) ისაუბრა. ჩვენ ექიმის კაბინეტში არ შევხვედრივართ ერთმანეთს. იმ დროისთვის იქ სარემონტო სამუშაოები მხოლოდ სრულდებოდა. ახლა სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილია და დამრიგებლების დახმარებით ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციები მასაც თითქმის სრულად აქვს. „ყოველდღიურად 10 ბავშვს მაინც მივიღებ, რომ მხოლოდ ცნობებს არ დავეყრდნო და ჩემი მონაცემებიც მქონდეს, მედიკამენტები გვაქვს, ცალკე მექნება იმ მოსწავლეების მონაცემები, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა, თუ ასეთები აღმოჩნდებიან“.
42-ე სკოლის ექიმი, შორენა კახიანიც ახალი სასწავლო წლიდან შეუდგა კაბინეტის მოწესრიგებას. პირველი რიგის სამუშაო მანაც დაასრულა — თითქმის სრულად აქვს ინფორმაცია მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ. კაბინეტი აღჭურვილია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ინვენტარითა და საჭირო მედიკამენტებით.
მართალია, რამდენიმე სკოლის მაგალითზე შთაბეჭდილებას ვერ შეიქმნი, მაგრამ, თუ ნანახის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არც ერთ ზემოთ დასახელებული სკოლის სამედიცინო კაბინეტში, ჯერჯერობით, არ არის კომპიუტერი. მისი შეძენისთვის სკოლებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ, რადგან მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დროულად განთავსდეს კომპიუტერში და ადვილად იყოს შესაძლებელი, თითოეული მოსწავლის საჭიროებისადმი თვალყურის მიდევნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი ოპერატიული ზომების მიღება.
|