2016-02-25 თვითშეფასების ჯგუფების მასშტაბური გადამზადების პირველი ეტაპი დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრების ტრენინგები დაიწყო, რომელიც ორი ორდღიანი მოდულისგან შედგება. შეფასების ჯგუფის წევრებს, სქემით განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში, საკმაოდ დიდი საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელება დაეკისრათ — უნდა შეაფასონ საკუთარი სკოლის მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები. ჯერ ვერ ხერხდება გარე და შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, რადგან რუბრიკები პილოტირების რეჟიმშია და, როგორც ცენტრში აცხადებენ, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ რუბრიკები მიაწოდონ. მასწავლებლებმა სხვა სავალდებულო თუ დამატებითი აქტივობების განხორციელება უკვე დაიწყეს და, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ აქტივობების შეფასებაში იწყება მათი ინტენსიური მომზადება. შეფასების ჯგუფში შედის: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (თუკი სკოლას ჰყავს), ფასილიტატორი და თითოეული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის კათედრის სამი წლის ვადით არჩეული წარმომადგენელი.
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შიდა შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ; გაეცნობიან მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის სტრუქტურას და იმ დოკუმენტაციების ჩამონათვალს, რომელიც ასახული უნდა იყოს ამ საქაღალდეში სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი აქტივობების დასადასტურებლად; გაივლიან პროფესიული საქაღალდის შეფასების წესს, პროცედურებსა და შეფასების კრიტერიუმებს; განემარტებათ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსების გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში და გაეცნობიან რესურსის იმ ტიპებს, რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში. ტრენინგის მიმდინარეობისას ასევე გაეცნობიან სასწავლო რესურსისა და მასწავლებლის მიერ შექმნილი პროფესიული ლიტერატურის შეფასების ინსტრუმენტებს. ასევე გაეცნობიან სქემით გათვალისწინებული სამოდელო გაკვეთილის ტიპებს, პრაქტიკის კვლევის ჩატარების ეტაპებს და მათი შეფასების რუბრიკებს.
რას გულისხმობს შეფასების ჯგუფების გადამზადების პირველი — ორმოდულიანი ეტაპი და რას აერთიანებს ტრენინგ-მოდულები — ამ თემაზე საუბრობს უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის ხელმძღვანელი ირინა სამსონია:
— პირველ მოდულში შედის საკითხები, რომელიც ზოგადად შიდა სასკოლო შეფასების პროცესებს უკავშირდება, აქ გაერთიანებულია, როგორც პროცედურული, ისე უფლება-მოვალეობებისა და ეთიკის საკითხები. ასევე, ისეთი დამატებითი აქტივობები, როგორიცაა, სტუდენტებისა და მასწავლებლების კონსულტირება; სასწავლო რესურსის შექმნა, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან დეტალურად და ამომწურავადაა გაშლილი; რას გულისხმობს ხარისხიანი პროფესიული ლიტერატურა და როგორ უნდა შეფასდეს ის. ამ მოდულებში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგად განხორციელებული საქმიანობა. შეფასების ჯგუფებს ვასწავლით, როგორ გამოიყენონ ცენტრის მიერ მომზადებული სტანდარტიზებული რუბრიკები, რათა ობიექტურად და კვალიფიციურად შეაფასონ ეს საქმიანობები.
შეფასების ჯგუფებს ვთავაზობთ მეორე მოდულსაც, რომელიც სამოდელო გაკვეთილის შეფასებისა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის კომპონენტებს მოიცავს. ამ ტიპის საქმიანობას ჩვენი სასკოლო სივრცე იცნობს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სიახლეს წარმოადგენს ბევრი მასწავლებლისთვის, რადგან ამ საკითხებისადმი ასეთი სისტემური მიდგომა აქამდე არ ყოფილა. პრაქტიკის კვლევა სავალდებულო საქმიანობაა წამყვანი მასწავლებლისთვის, ასევე იმ უფროსი მასწავლებლებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი გახდნენ წამყვანი მასწავლებლები. სწორედ კვლევის შეფასებას ეთმობა ტრენინგის ერთი დღე — 5-საათიანი მოდული. რაც შეეხება სამოდელო გაკვეთილებს, რომელთა ჩატარებაც წამყვანი მასწავლებლის, მომავალში კი მენტორის, სავალდებულო აქტივობაა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა სტანდარტიზებული რუბრიკა მათ შესაფასებლად. კიდევ ერთი სატრენინგო დღე ეთმობა სამოდელო გაკვეთილის ტიპების გაცნობასა და მათ შეფასებას ამ ინსტრუმენტის გამოყენებით.
— რეალურად როდის დაიწყებენ უკვე გადამზადებული შეფასების ჯგუფის წევრები მასწავლებელთა საქმიანობის შეფასებას?
— სქემით განსაზღვრულია, რომ სასწავლო წლის ბოლოს უნდა შეფასდეს მასწავლებელთა პროფესიული საქაღალდეები. მათ საქაღალდეებში კი, განთავსებული უნდა იყოს იმ საქმიანობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლებსაც ისინი განახორციელებენ. მოგეხსენებათ, აქტივობების ნაწილი მხოლოდ დოკუმენტაციის საფუძველზე ფასდება, მაგ., სტაჟირება, კონფერენციებში მონაწილეობა, ტრენინგების კურსის გავლა და სხვა ნაწილი კი — სტანდარტიზებული ინსტრუმენტებით. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ შეფასების ჯგუფებს, რომ მათ მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულისთვის შეძლონ მაქსიმალურად კვალიფიციურად და ობიექტურად შეაფასონ თავიანთი სკოლის მასწავლებლების მიერ გაწეული სამუშაო.
— შეფასების ჯგუფების მასშტაბური გადამზადება იწყება თუ ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება, სად გადამზადდებიან შეფასების ჯგუფის წევრები?
— გადამზადება მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება. ჩვენი ტრენერ-კონსულტანტები რეგიონებში ჩავლენ და, დაახლოებით, 20 ათას ადამიანს, ადგილზე, პარალელურ რეჟიმში, მოამზადებენ. როგორც გითხარით, პირველი ეტაპის ტრენინგების ხანგრძლივობა ჯამში ოთხი სამუშაო დღეა, რაც გადანაწილდა ორ კვირაზე. შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა — არის თუ არა საკმარისი ორდღიანი ტრენინგი იმისათვის, რომ შეფასების ჯგუფები სათანადოდ გადამზადდნენ? პასუხად ვიტყვი, რომ ტრენინგების გარდა, მათთვის ხელმისაწვდომია სქემის გზამკვლევის მეორე ნაწილი, რომელშიც დეტალურადაა განმარტებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი და რომელსაც ისინი ამ ხნის განმავლობაში უკვე გაეცნენ. ასევე გამოქვეყნებულია ყველა სტანდარტიზებული ინსტრუმენტი. ამასთანავე, შეფასების ჯგუფის წევრები წესით არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული საბაზისო ცოდნა და კვალიფიკაცია უკვე აქვთ. სულ ცარიელი ადგილიდან რომ ვიწყებდეთ, ცხადია, ოთხდღიანი ტრენინგის გავლა არ იქნებოდა საკმარისი. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა შეფასების ჯგუფი პირველ ეტაპზე მაღალ დონეზე იმუშავებს, მაგრამ, ვფიქრობთ, თანდათანობით სკოლები გაძლიერდებიან — ისინი ისწავლიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ასევე შეიძენენ გამოცდილებას, უფრო და უფრო გაიღრმავებენ საკუთარ ცოდნასა და კვალიფიკაციას გარკვეულ საკითხებში, რაშიც, რა თქმა უნდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მათ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.
სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ შეფასდება მისი თითოეული მონაწილე. შეფასების ჯგუფის წევრი სერტიფიკატს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სრულყოფილად გაივლის თითოეულ მოდულს და შეფასების შკალის მიხედვით დააგროვებს 100-დან, მინიმუმ, 60 ქულას.
ესაბურა ლალი ჯელაძე
|