2016-06-09 მივიღოთ დიაგნოზი, როგორიც არის, რაც უნდა მტკივნეული იყოს მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდებისა და
ეროვნული გამოცდების ნახევრად
ელექტრონული ფორმატის აპრობაციის შესახებ გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი
— როგორ შეაფასებთ მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდების შედეგებს?
— წელს, რატომღაც, გახანგრძლივდა საუბარი ამ თემაზე და გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ წელს გაცილებით უარესი შედეგი იყო, ვიდრე წინა წელს. მე ასე ტრაგიკულად და დრამატულად ნამდვილად არ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ გამოიკვეთა ორი საგანი — მათემატიკა და უცხო ენა, სადაც იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, უფრო მეტი იყო, ვიდრე, მაგალითად, შარშან. თუმცა, გვახსოვს წლები, მაგალითად 2011 წელი, როდესაც უარესი შედეგი გვქონდა. ასე რომ, სურათი წლიდან წლამდე იცვლება და დრამატული სხვაობა ნამდვილად არ დაფიქსირებულა. გაისად, შეიძლება, ამ კუთხით, უკეთესი შედეგი გვქონდეს, შემდეგ წელს — უარესი, მაგრამ ერთი შეგვიძლია ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად, რომ ვითარება გაუმჯობესებული არ არის, რაც, თავისთავად, ძალიან სამწუხაროა. დაახლოებით, 2900-მდე მოსწავლე, რომელიც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, გამოეთიშა ამ პროცესს იმიტომ, რომ ერთ-ერთ საგანში ვერ მოახერხა ბარიერის (მინიმალურზე მინიმალური) გადალახვა. მე თუ მკითხავთ, ასეთი მოსწავლე 2900 კი არა, 200-იც რომ გვყავდეს ან 50, რა თქმა უნდა, ძალიან გულსატკენია.
გულსატკენია იმიტომ, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერი გვაქვს ისეთი, რომ ბარიერსაც კი ვერ დაარქმევ — 5 ქულიდან იწყება ათვლა და 5,5 უნდა გადალახოს მოსწავლემ, გამოცდა რომ ჩაბარებულად ჩაეთვალოს. ჩვენ, შეგნებულად, მინიმალურზე მინიმალურ სტანდარტზე ვაკეთებთ აქცენტს. ამ წლების განმავლობაში, არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ბარიერი ოდნავ მაინც აგვეწია, იმიტომ რომ, თუ ოდნავ მაინც აიწევა ბარიერი, ბევრი მეთორმეტეკლასელი დარჩება ატესტატის გარეშე. როცა გვყავს გარკვეული რაოდენობა მოსწავლეებისა, რომლებიც მინიმალურზე მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, ეს ყოველი ჩვენგანისთვის უნდა იყოს დამაფიქრებელი და გულსატკენი. აქედან გამომდინარე, ვერაფრით ვერ ვიტყვი, ისევე როგორც შარშან, რომ ჩვენი მოსწავლეების შედეგები დამაკმაყოფილებელია.
მთავარი და მნიშვნელოვანი ერთი რამეა, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, საუბარი მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ და აჟიოტაჟი კი არ უნდა შევქმნათ, როცა კონკრეტული საგამოცდო პერიოდი დასრულდება, ამას მანამდე სჭირდება კარგი დაფიქრება — რა არის გამოსასწორებელი ამ მიმართულებით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არასახარბიელო შედეგი არ მივიღოთ. როგორც წესი, მთელი წელი გაჩუმებულები ვართ, ჩატარდება გამოცდა, მივიღებთ კონკრეტულ შედეგს და მერე გვიკვირს, რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. რატომ გვაქვს და ამ თემაზე მხოლოდ გამოცდის შედეგებით საუბარი სწორი არ არის. გამოცდას თავისი მიზნები აქვს, კონკრეტულად გამოსაშვები გამოცდა ტარდება იმისათვის, რომ გაიცეს საშუალო განათლების ატესტატი, მაგრამ რატომ არის, მაგალითად მათემატიკაში, საგნის სწავლების კუთხით მსგავსი ვითარება, ამაზე, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო კვლევები გაგვცემენ პასუხს. მე პირადად მგონია, რომ გაცილებით მეტი დრო, წლის განმავლობაში, სწორედ შედეგების ინტერპრეტაციას უნდა დავუთმოთ, აღმოვაჩინოთ ის ფაქტორები, რომლებიც გამოსასწორებელია, ასევე, ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებზე და რა არის გასაკეთებელი, რითი შეიძლება შეიცვალოს ვითარება. შემდეგ, თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება, ბუნებრივია, გამოცდებზეც მივიღებთ შესაბამისად გაუმჯობესებულ შედეგებს.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა, მაგრამ იმას, რომ გაცილებით უარესი სურათი გვაქვს, არ ვეთანხმები.
— თუ არის სკოლები, სადაც ვერც ერთმა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი და ისეთები, სადაც ყველა წარმატებული მოსწავლეა, მაგალითად, რუსთავის სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები
— მირჩევნია, პოზიტივზე ვისაუბროთ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების შედეგებით არ გამოირჩევა, ეს არის სკოლა, რომელსაც მართლაც ძალიან კარგი წარმატებები აქვს, მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით — იქნება ეს ოლიმპიადები, გამოსაშვები გამოცდები თუ აბიტურიენტთა წარმატებები. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ამ სკოლის ოთხმა მოსწავლემ ყველა საგანში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებმაც რვავე საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება სკოლებს, რომლებსაც ცუდი შედეგები ჰქონდათ, მათი დასახელებისგან ნამდვილად შევიკავებ თავს, რადგან მიმაჩნია, რომ ამ კუთხით სკოლების რეიტინგი გამართლებული არ იქნებოდა. ყველა სკოლამ იცის საკუთარი შედეგი და, ბუნებრივია, ეს მათი პასუხისმგებლობაა, ამიტომ უნდა დაფიქრდნენ, რატომ ვერ ახერხებენ მათი მოსწავლეები ისეთი შედეგის ჩვენებას, როგორიც საჭიროა. სამწუხაროდ, არის სკოლები, სადაც სრულიად არასახარბიელო ვითარებაა.
ჩვენ სკოლების წარმატება-წარუმატებლობის სტატისტიკას არ ვაკეთებთ, ასეთი ინფორმაცია უფრო განათლების სამინისტროს უნდა აინტერესებდეს. როდესაც რაღაც კონკრეტულ აქტივობას ვასრულებთ, რაც არ არის კონფიდენციალური, მთლიან ბაზას გადავცემთ ჶmis-ს. განათლების სამინისტროს შეუძლია, ბაზის მონაცემები სხვადასხვა ჭრილში, სტატისტიკურად დაამუშაოს, როგორც სურს და რა მხრივაც აინტერესებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, რეგიონების მიხედვით, რა ვითარებაა, უბრალოდ ეს არც არის ჩვენი ინტერესების სფერო.
— როგორია ზოგადი სურათი — ქალაქის სკოლებში უკეთესი მდგომარეობაა თუ რეგიონების?
— კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, განსხვავება ნამდვილად არის. ქალაქის სკოლებში უკეთესი ვითარებაა, თუმცა არც აქაა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, მაგრამ სერიოზული განსხვავებაა ისევე, როგორც საჯარო და კერძო სკოლებს შორის — კერძო სკოლებში შედარებით უკეთესია.
ძალიან კარგი იქნებოდა, ამ საგანმანათლებლო კვლევის შედეგები კიდევ უფრო დეტალურად განხილულიყო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამინისტროს მხრიდან და საზოგადოებაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ტრაგედია გვექმნება, მაინც და მაინც, გამოცდების შემდეგ და მანამდე არ ვფიქრობთ, სასურველი შედეგი რომ მივიღოთ, რა არის გამოსასწორებელი.
კვლევების შედეგებს თუ დავეყრდნობით, წარმატებული მოსწავლეების რაოდენობის მხრივ, ზოგადად, სკოლებში არასახარბიელო ვითარებაა. სახელმწიფო შეფასების შედეგებიც გვაქვს და როცა საუბარია იმაზე, რომ, მაგალითად მათემატიკაში, მოსწავლეთა 30% დაბალი საფეხურის მიღმაა, ეს ნიშნავს, რომ უმარტივეს, დაბალი საფეხურისთვის განკუთვნილ დავალებებსაც ვერ ძლევენ. საბუნებისმეტყველო საგნებში კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია. მოდით ეს კომენტარის გარეშე დავტოვოთ. ამას მიხედვა სჭირდება და არა მხოლოდ გამოცდებით.
მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები ნამდვილად პრობლემური იყო და, სამწუხაროდ, რჩება. თუ Timss-ის კვლევის შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მეოთხე კლასში უკეთესი ვითარება გვაქვს, გაცილებით უარესი — მერვე კლასში. ეს რას ნიშნავს? დასკვნა ხომ უნდა გამოვიტანოთ. ჩვენ მოვახერხეთ და მოსწავლეებს ეს საგნები შევაძულეთ. დაწყებით კლასებში მოსწავლეები მოტივირებულები არიან, უფრო განწყობილები იმისათვის, რომ ისწავლონ რამე ახალი. მერე, რაც უფრო ზემოთ ავდივართ, ვახერხებთ, რომ მოსწავლეს დავაკარგინოთ ყველანაირი ინტერესი ამ საგნების მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა სერიოზული მისახედია. სამწუხაროდ, ვითარება ასეთია.
ეს ყველაფერი მისაღებ გამოცდებზეც აისახა, იმ თვალსაზრისით, რომ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც არჩევით საგნად, მაგალითად, ირჩევს მათემატიკას ან საბუნებისმეტყველო საგნებს, დრამატულად მცირდება. ქიმიას და ფიზიკას ისედაც აბიტურიენტების მცირე რაოდენობა ირჩევდა. როცა დავიწყეთ ეროვნული გამოცდები, მათემატიკაში ტესტის სამი ვარიანტი გვჭირდებოდა, პირველი წელია, როცა მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, იმდენად შემცირდა აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც მათემატიკას აბარებს. რა თქმა უნდა, არაფერს ვერჩი გეოგრაფიას, ისტორიას და ჰუმანიტარულ საგნებს, მაგრამ იქ იზრდება აბიტურიენტების რაოდენობა, სამაგიეროდ, დრამატულად მცირდება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ესეც რაღაცაზე მიუთითებს, არა? ამ დროს კი ვაცხადებთ, რომ ეს მიმართულებები პრიორიტეტია ქვეყნისთვის, პრიორიტეტულობა უნდა გულისხმობდეს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, აუცილებლად დავინახოთ რეალური სურათი, მივიღოთ დიაგნოზი, როგორიც არის, რაც უნდა მტკივნეული იყოს (დიაგნოზის გარეშე მკურნალობა წარმოუდგენელია) და დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარების გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ასე ვიქნებით. ეს ხომ მოსწავლის, აბიტურიენტის ბრალი არ არის. ამას ძალიან სერიოზული და, რაც მთავარია, სისტემური მიდგომა სჭირდება, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება და აღმოჩენა, სად გვაქვს პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი მოსწავლეების მიღწევებზე. ეს არის, რა თქმა უნდა, მასწავლებლების კვალიფიკაცია, სახელმძღვანელოები, სასკოლო რესურსები, ოჯახი, მიკროგარემო და უამრავი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებზე. კვლევები სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ, სად არის ყველაზე დიდი პრობლემა და პირველ რიგში რა უნდა გამოსწორდეს, მიზანმიმართულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
2005 წლიდან ვმონაწილეობთ წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (ჵirls), რომელიც, მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა იმიტომ, რომ უნარი, რომელიც ამ კვლევის საგანია, კრიტიკული მნიშვნელობისაა. თუ 9-10 წლის მოზარდს სათანადოდ არ აქვს ჩამოყალიბებული კითხვის უნარი, მას მართლა სერიოზული პრობლემები ექნება შემდეგ საფეხურებზე და აქ საუბარია არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო საგნებზეც. მაგალითად, როდესაც ბავშვს მათემატიკაში ამოცანის პირობა არ ესმის, ვერ ხსნის ამოცანას, ვერ იაზრებს, რას ეკითხებიან. წაკითხულის გააზრება აუცილებელი და მნიშვნელოვანი უნარია და ამას უნდა მიექცეს ყურადღება. კვლევის პირველ ციკლში ძალიან ცუდი შედეგები ვაჩვენეთ, მეორე ციკლში გაუმჯობესებული იყო, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელი, მაგრამ, წინა ციკლთან შედარებით, გაუმჯობესებული. საინტერესოა, რატომ მოხდა ეს. ანგარიშის, რომელიც კვლევის დასრულების შემდეგ მომზადდა, მნიშვნელოვანი ნაწილია რეკომენდაციები (ეს ჩვენი ვალდებულებაა, როცა ვამზადებთ ნაციონალურ ანგარიშს). ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული აქტივობები დაგეგმა. მაგალითად, იყო ასეთი რეკომენდაცია — კითხვის გაკვეთილის შემოტანა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ცალკე კითხვის გაკვეთილი და არა, დავუშვათ, ინტეგრირებული ქართული ენის გაკვეთილთან. ამ კუთხით, ძალიან ბევრ სკოლასთან იმუშავეს და მიზანმიმართულმა აქტივობებმა შედეგი გამოიღო, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენ თუ მხოლოდ იმით დავკავდებით, რომ ვიძახებთ, პრიორიტეტულია მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ ვივიშვიშებთ მხოლოდ გამოცდების შედეგების შემდეგ, ვითარება არ გამოსწორდება, თუ არ გაუარესდა. მაგალითად Timss-ის კვლევაში, წინა ციკლში (ახლაც მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ შედეგები ცოტა მოგვიანებით გვექნება), რიგ შემთხვევაში, ვითარება გაუარესებულიც გვაქვს. თუ ამას ისევ თაროზე შემოვდებთ და არაფერს ვიმოქმედებთ ამ მიმართულებით, შემდეგ წელს იგივე ვითარება დაგვიდგება და დავიწყებთ ვიშვიშს, რატომ არის ასეთი შედეგები.
ძალიან კარგად ვიცით, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაც იყვანენ მშობლები რეპეტიტორებს. ისინიც გამოცდებისთვის ხომ არ ემზადებიან? აქედან გამომდინარე, სკოლას დღესაც ძალიან უჭირს და გამოცდების შედეგების განხილვით არ უნდა დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი.
— როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლობის მიზეზად ტესტების სირთულე სახელდება...
— ამას ვერაფრით ვერ იტყვიან გამოსაშვებ გამოცდებზე, აქ არარელევანტურია ამ კითხვის დასმა. ეს კითხვა შეიძლება დავსვათ, მაგალითად, მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, რადგან, ყოველწლიურად ტესტების ახალი ვარიანტი დგება და რაც არ უნდა მცდელობა გვქონდეს (და ამას ვაკეთებთ მთელი წლის განმავლობაში), რომ საშუალო სირთულესთან მიახლოებული ტესტი გამოგვივიდეს და განსხვავება არ იყოს წინა წლისა და წლევანდელ ტესტს შორის, მაინც შეიძლება გვითხრან — კი ეცადე მთელი წელი, მაგრამ მაინც რთული გამოგივიდა. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების შემთხვევაში, ეს პრეტენზია სრულიად არარელევანტურია, იმიტომ რომ, რა სირთულის დავალება მოუვა კონკრეტულ მოსწავლეს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თუ ის მხოლოდ მარტივ დავალებებს პასუხობს და ვერ ართმევს თავს საშუალო სირთულის ან რთულ დავალებებს, არ მოუვა რთული დავალება, იტრიალებს მარტივი და უმარტივესი დავალებების ბლოკში. თუ კარგად ართმევს თავს დავალებებს, რა თქმა უნდა, მაშინ პროგრამა, ავტომატურად, ეტაპობრივად ურთულებს დავალებებს. ასე რომ, გავიმეორებ, როგორი სირთულის დავალება მისდის, ეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ მოსწავლეზეა დამოკიდებული. რას გულისხმობს ბარიერი? თითოეულ მოსწავლეს, საშუალოდ, 40 დავალება მისდის (ზოგს შესაფასებლად მეტი დავალება სჭირდება, ზოგს — ნაკლები) და, უმარტივესი დავალებების ბლოკიდან, 15-ს მაინც უნდა უპასუხოს, რომ გადალახოს ბარიერი. გულსატკენია ნამდვილად, როდესაც მეთორმეტეკლასელს არ აქვს იმის ცოდნა, რომ ისეთი ტიპის დავალებას გასცეს სწორი პასუხი მათემატიკაში, მაგალითად, როგორიც არის: 37-ის 5-ზე გაყოფით ნაშთი რა რჩება. როდესაც მეთორმეტეკლასელი მსგავს შეკითხვაზე არასწორ პასუხს იძლევა საუბარია ხუთზე გაყოფადობაზე, რაზე ვსაუბრობთ, სულ რომ ათი ბავშვი იყოს ასეთი ან თუნდაც ორი?!
აპრობაციის მიზანი — პროცესის გამოცდა
— ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ნახევრად ელექტრონული ფორმატის აპრობაცია. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგები არც აქ იყო კარგი...
— მე აქ შედეგებზე არ ვიმსჯელებდი. ჯერ ერთი, არც ვიცი, გულწრფელად გეტყვით, როგორი შედეგებია. ჩვენთვის ეს საინტერესო ნამდვილად არ არის. პირველი იმიტომ, რომ უნარების არასრული ტესტი შევთავაზეთ, დავალებების გამოცდაზე იყო საუბარი და უფრო მოკლე ტესტი იყო, ვიდრე რეალურად გვაქვს გამოცდაზე, აბიტურიენტებს სამუშაოდ 2 საათი ჰქონდათ მიცემული და არა 3 საათი. გეოგრაფიაშიც ახალი დავალებების გამოცდას ისახავდა მიზნად, ეს არ არის ტესტის ზუსტი ფორმატი, რომელიც საგამოცდოდ გამოიყენება. ამ აპრობაციას კიდევ ის დატვირთვა ჰქონდა, შინაარსობრივი კუთხით, რომ იქ იქნება ისეთი დავალებები, რომლებიც არ ივარგებს, არ იმუშავებს, იქნება ისეთიც, რომელსაც კორექტირება დასჭირდება და იქნება კარგი დავალებებიც, დიდი იმედი მაქვს. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამუშაოსთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მოსწავლეებმაც მიიღეს გარკვეული გამოცდილება. პილოტირებას უფრო ის დატვირთვა ჰქონდა, რომ გაგვევლო გენერალური რეპეტიცია, როგორი იქნებოდა თვითონ პროცესი. სერიოზული დატვირთვა ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც საგამოცდო ცენტრებში არიან, ვგულისხმობ ცენტრის ადმინისტრატორს და კოორდინატორს, თანაშემწეს, ჳT სპეციალისტს და ა.შ. — როგორ მოხდება ჩვენი აპლიკანტების მომსახურება, დაწყებული რეგისტრაციიდან საგამოცდო დროის ამოწურვამდე, უკვე ახალი შეთავაზებული სქემით. ამის გამოცდა იყო ჩვენი მთავარი მიზანი. რამდენიმე სისტემა გამოვცადეთ, რადგან ყველაზე ეფექტური გვინდოდა აგვერჩია. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს ცოტაოდენი დისკომფორტიც კი შვუქმენით — ერთი სისტემიდან მეორეზე რომ გადავდიოდით, ელექტრონული ბუკლეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პატარა შეფერხებები იყო. თუმცა, ეს აუცილებელი იყო, რომ რეალურ ვითარებაში გამოგვეცადა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, შევთანხმდით და შევარჩიეთ კონკრეტული სისტემა, რისი მეშვეობითაც მოვემსახურებით ჩვენს აპლიკანტებს გამოცდებზე.
— როგორი იყო აბიტურიენტების განწყობა, ხომ არ იგრძნობოდა გარკვეული ღელვა ან დაბნეულობა?
— დაბნევით არც ერთი აპლიკანტი არ დაბნეულა. ყველას ვეკითხებოდი, რამდენად მისაღები იყო ეს სიახლე. მაგიდის ფორმაც კი შევცვალეთ, იმიტომ რომ, აბიტურიენტი თავისუფლად მჯდარიყო მუშაობის დროს. საგამოცდოდ მაგიდები, საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ორი მაგიდის კომბინაციით მოვუწყვეთ სამუშაო სივრცე და მგონია, რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა.
რაც შეეხება თავად ელექტრონულად ტესტური დავალებების კითხვას, არც ერთ აბიტურიენტს არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ გაუჭირდა ეკრანზე დავალების წაკითხვა. ჯერ ერთი, შრიფტია გაზრდილი, ბეჭდვის დროს 12-იან ან უფრო ნაკლებ შრიფტს ვიყენებდით, აქ, მინიმუმ, 16-იანი შრიფტია, რიგ შემთხვევაში — 20-იანიც. ამასთანავე, ბუნებრივია, იქ, სადაც სასურველია, ტესტური დავალებები ფერადი იყოს, ფერებსაც მაქსიმალურად ვიყენებთ. ასე რომ, აღქმადობის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, პირიქით, ძალიან ნორმალური იყო.
— თუ ჩაეტიენ განსაზღვრულ დროში აბიტურიენტები?
— უნარებისთვის, გავიმეორებ, სამი საათის ნაცვლად, ორი ჰქონდათ მიცემული იმიტომ, რომ ტესტი მოკლე იყო, მაგალითად, წაკითხულის გააზრების ნაწილი იყო ამოღებული მთლიანად. დროში ჩაეტიენ, ბევრი ადრეც კი გამოდიოდა.
რაც შეეხება რეალურ გამოცდებს, აპრობაციების შედეგად დადგინდა, რომ დროის მომატება არც ერთ შემთხვევაში არ არის საჭირო. მიუხედავად ამისა, მცირედით, მაგრამ მაინც დავამატეთ საგამოცდო დრო, მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს 15 წუთი დაემატათ, იმიტომ რომ, იქ არის დავალება — ტექსტის რედაქტირება, როდესაც ეს დავალება ნაბეჭდ ბუკლეტში იყო, იქვე შეეძლოთ რაღაცების მონიშვნა, რისი შესაძლებლობაც ეკრანზე არ აქვთ. ტექსტი მცირე ზომისაა, მაგრამ ზოგიერთ აბიტურიენტს, შეიძლება, უფრო გაუადვილდეს, ტექსტი მთლიანად გადმოწეროს, შეცდომები ჩაასწოროს და შემდეგ გადაწეროს პასუხების ფურცელში. თუმცა, ეს არ არის აუცილებელი, შავ ფურცელზე შეუძლია მონიშნოს, სად იპოვა შეცდომა და შემდეგ უკვე სწორი ფორმით გადაწეროს; ზოგიერთ აბიტურიენტს შეიძლება უფრო გაუადვილდეს მთლიანი ტექსტის გადაწერა და არა მხოლოდ შეცდომების. აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ ლოგიკური იქნება, დაემატოს დრო, პლუს კიდევ ერთი დავალება — წაკითხული ტექსტის გააზრება, სადაც ტექსტი მთლიანად არ ეტევა ეკრანზე და აბიტურიენტს მოუწევს გადასვლა-დაბრუნება, რაც, მე თუ მკითხავთ, გაცილებით სრაფად ხდება, ვიდრე გადაფურცვლა, მაგრამ მაინც. ფაქტობრივად, ყველა საგამოცდო საგანს მოვუმატეთ დრო, 15 წუთი მაქსიმალურია, ზოგიერთ საგამოცდო საგანს 10 წუთი დავუმატეთ, ზოგს — 5 და ა.შ. არ დაემატა სამაგისტრო გამოცდის ორ ნაწილს, ეს გახლავთ ანალიტიკური წერა, იმიტომ რომ, ეს დავალება ძალიან მცირე ზომისაა. დავალება უნდა წაიკითხო და შემდეგ არგუმენტირებული ესე დაწერო. აქედან გამომდინარე, ეკრანზე მხოლოდ ძალიან მცირე ზომის დავალებას კითხულობ და შემდეგ უკვე პასუხების ფურცელზე მუშაობ; დაემატა წაკითხულის გააზრების ნაწილს სამაგისტრო გამოცდაზე, იმიტომ რომ, იქაც დიდი ტექსტია და, ასე ვთქვათ, გვერდიდან გვერდზე გადასვლა მოუწევთ; დაემატა, ასევე, ანალიტიკურს და ლოგიკას, რაოდენობრივს — არა. სხვა შემთხვევაში, ფაქტობრივად, ყველას დაემატა, დაახლოებით, 10-10 წუთი. უნარებსაც 5-5 წუთი, ჯამში — 10. ბიოლოგიის გამოცდაზე თვითონ ტესტი შემცირდა — მაქსიმალური 75 ქულის ნაცვლად, 70 ქულა იქნება. აქედან გამომდინარე, დრო არ დაემატა. ხელოვნების გამოცდასაც არ დაემატა დრო, რადგან ადრე გაცილებით მეტი დრო იყო გამოყოფილი, ვიდრე სჭირდებოდათ აბიტურიენტებს.
— როგორია თქვენი მოლოდინი გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით?
— გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ვღელავთ და გვინდა, ყველაფერი სათანადო დონეზე მოვამზადოთ. რთული პროცესია. 21 საგამოცდო ცენტრი გვაქვს, 12 ათასი ლეპტოპი უნდა გამოვიყენოთ გამოცდებზე (ერთ ნაკადზე 10 ათას აპლიკანტს ვღებულობთ, 12 ათასი ლეპტოპია რეზერვით, რადგან ყველა საგამოცდო ცენტრში უნდა იყოს რეზერვი). ეს სამუშაო, ფაქტობრივად, დავამთავრეთ, ახლა საგამოცდო ცენტრების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს პირველი ნაბიჯია, შემდეგი ნაბიჯი, აუცილებლად, იქნება ის, რომ უკვე დახურულბოლოიან დავალებებს შევავსებინებთ ელექტრონულად, რაც გაცილებით მარტივი იქნება აპლიკანტებისთვის, იქვე მონიშნავენ ეკრანზე სწორ პასუხს და მხოლოდ ღია დავალებების შევსება მოუწევთ პასუხების ფურცელზე. თუ 2017 წელს ამას გავაკეთებთ, ბევრად შემცირდება გასწორების დრო და აბიტურიენტები, მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს გამოცდის დასრულებისთანავე გაიგებენ. არჩევითბოლოიანი დავალებების ბლოკი, სხვა საგნებშიც, ავტომატურად გასწორდება და აღარ დასჭირდება ის პროცედურები, რასაც ვაკეთებდით. მაგალითად, მათემატიკაში 30 დავალება აქვთ დახურულბოლოიანი და 10 — ღიაბოლოიანი. მხოლოდ ამ 10 დავალებას შეავსებენ პასუხების ფურცელზე და მხოლოდ ამ 10 დავალებას გაასწორებენ გამსწორებლები, დანარჩენის შედეგი უკვე იქვე გვეცოდინება და, ბუნებრივია, სხვა საგამოცდო საგნების შედეგებსაც გაცილებით მოკლე დროში ვაცნობებთ, ვიდრე ეს წინა წლებში იყო და იქნება წელს.
სამომავლოდ, ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმაზე, რომ სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადავიდეთ. ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რადგან ელექტრონული ბუკლეტები ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თვითონ ტესტური დავალებები იყოს ძალიან მრავალფეროვანი. ბევრი რამ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ანიმაციებიდან დაწყებული ვირტუალური ექსპერიმენტებით დამთავრებული, თუნდაც საბუნებისმეტყველო საგნებში. ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და ვაგრძელებთ. სრულად ელექტრონული ფორმატი გულისხმობს, რომ ღია დავალებებიც ელექტრონულად შეავსონ. თუმცა, აქ ნამდვილად არსებობს პრობლემა, რადგან არა ვართ დარწმუნებულები, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები სრულად ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში. სანამ არ გვეცოდინება, რომ არა მარტო ბეჭდვა, არამედ, მაგალითად, ნახაზების გაკეთება ელექტრონულად, ფორმულის დაწერა, მათემატიკაში იქნება, ფიზიკაში თუ ქიმიაში, პრობლემას არ წარმოადგენს მოსწავლისთვის, მანამდე, რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არ გვაქვს, მოვთხოვოთ აბიტურიენტებს გამოცდების ასეთი ფორმატით ჩაბარება, მაგრამ აქეთკენ მივდივართ. თუ სკოლებში ეს ყველაფერი გაკეთდება, მერე უკვე სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადავალთ.
— ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება?
— დიახ, პირველ ივლისს დაიწყება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით და, სავარაუდოდ, 21 ივლისს დავასრულებთ.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი
|