2016-10-27 ჯარისკაცების თვალით დანახული ისტორია
მაკა ყიფიანი
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დოკუმენტური პროექტი — „მეორე მსოფლიო ომი ეპისტოლარულ ჟანრში“, რამდენიმე თვის წინ დაიწყო და თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში — „ივერიელი“ უკვე უამრავი წერილი დაგროვდა და ყოველდღიურად, საქართველოს ყოველი კუთხიდან ახალ-ახალი ემატება. სათუთად შენახულმა გაცრეცილმა და გაყვითლებულმა სამკუთხა ბარათებმა, საოჯახო ალბომიდან, ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს. პროექტის ავტორებმა, უმძიმესი უახლესი ისტორიის მოსათხრობად, წერილები დღის სინათლეზე გამოიტანეს. თითოეული წერილის კითხვისას მკითხველის თვალწინ იშლება ჩვენი წინაპრების, ბაბუების და ბებიების ცხოვრებისეული ეპიზოდები, მაშინდელი საზოგადოება, ურთიერთობები, მონატრება, ტკივილი, ყოველდღიურობა და მოლოდინი, სულისშემძვრელი, სასიყვარულო ისტორიები... წერილები ფრონტიდან იმ დროზე ყველაფერს ყვება — ჯარისკაცები წერენ თუ რას ფიქრობდნენ, როგორ და რა პირობებში ცხოვრობდნენ, რა სურდათ, წერენ საკუთარ შვილებზე, ტკივილზე, დაშორების სევდაზე, შიშზე... წერილებში კარგად ჩანს, როგორ ზრუნავენ ადამიანები ერთმანეთსა და ოჯახზე, როგორ უყვარდათ მაშინ საქართველოში... ისტორიები ძალიან ბევრია, თითოეული ჯარისკაცის ისტორია კი — ერთადერთი. ყოველი მოქალაქე თითო ასეთ ისტორიას ატარებს და სადღაც, ომში დაკარგულ წინაპრებს ფიქრებში დღესაც ეძებს.
საქართველოში, დღესაც, თითქმის ყველა ოჯახში სათუთად ინახავენ წინაპართა დატოვებულ წერილებს, ნივთებს, ფოტოებს, რომლებსაც, ბუნებრივია, ყოველდღე არ ვკითხულობთ, არ ვეხებით. პროექტის განხორციელების მიზეზი კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი წერილი გახდა:
„ჩემო ჭკვიანო ქეთუნია, შენ გენაცვალე, მოეფერე შვილებს და უფრო გაგიგონებენ. ხომ გაქვს გამოცდილება შვიდი-რვა წლის? ათი წლით არის ხალხი გადასახლებული და ოჯახი იტანს გაჭირვებას. შენც ჩემო ოქრო გოგო, იყავი შვილების ერთგული, ნუ გაუჯავრდები, გულს ნუ გაიხეთქავ და უფრო გაგიფრთხილდებიან. ღმერთმა თუ არ გაგვწირა, ყველაფერი კარგად იქნება... მე ახლა ფრონტზე ვარ უკრაინაში, ხარკოვთან. იქნებ, მოახერხო პატარა სამსახური რაიმე და ნუ დამირღვევ ოჯახს! ვინ იცის, ჩემო ჭკვიანო ცოლო, იქნებ, არ გამწიროს ბუნებამ, დავიჭრე და წამოვიდე. თუ ცოცხალი ჩამოვედი, შენ არ დაგჩაგრავ, გენაცვალე, ჩემო ბავშვობიდან ამხანაგო, თუ შენთვის არ ვივარგებ, ჩემს შვილებს მაინც გამოვადგე. იქნებ! მე შენს სიყვარულს ტყვიის მოხვედრის შემდეგაც თან ჩავიტან სამარეში. სამარე მაინც თუ მეღირსა, ფოლადად გადაიქეცი, ქვასავით გამაგრდი“ — ამ წერილის ავტორი ომიდან შინ აღარ დაბრუნებულა.
ალბათ ვერც წარმოიდგენდა ახალგაზრდა ჯარისკაცი, მრავალი წლის შემდეგ, მისი წერილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებოდა და არაჩვეულებრივი პროექტის — „წერილები ფრონტიდან“ მიზეზი გახდებოდა.
მაია სიმონიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, პროექტის ინიციატორი: „ერთ დღეს, დეიდაჩემს, ლიტერატურათმცოდნესა და ჟურნალისტს, ციური ხეთერელს ვესტუმრე, მან მამის, კარლოს წერილები გამომიტანა. ბუნებრივია, საკუთარი ბაბუის წერილები ადრეც წამიკითხავს, მაგრამ ამჯერად ჩემთვის საინტერესო იყო იმ პერიოდის საზოგადოებრივი ღირებულებები. საინტერესო აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ მიუხედავად გამოვლილი რევოლუციებისა, ახლობლების რეპრესიებისა და ომისა, ბაბუის წერილებში აბსოლუტურად ლიბერალური ღირებულებები დგას წინა პლანზე, წერილებში გაცილებით მეტი თანასწორობა და თავისუფლება იგრძნობა, ვიდრე ეს დღეს არის. პირად წერილებში კარგად ჩანს, თუ რა ხდებოდა მაშინდელ ოჯახებში. ბაბუა ყოველ წერილში წერს: არ ეჩხუბოთ ბავშვებს, არ ცემოთ ისინი, თბილად მოექეცით მათ... სასიყვარულო წერილებთან ერთად, ბაბუა ომის წარმოებას, ბრძოლებს, ჯარისკაცთა კვებას და სხვა საკითხებს ცალკე იწერება. გადავწყვიტე წერილები ოჯახური არქივიდან ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში ამეტვირთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია, ამის შემდეგ, გამიჩნდა იდეა ომისდროინდელი წერილების შეგროვების. ჩემი ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს, ემზარ ჯგერენაიას გავაცანი და ახალი პროექტი — „წერილები ფრონტიდან“ დავიწყეთ.
სიკვდილის მოლოდინში მყოფი ჯარისკაცები უფრო ღიად, თვითცენზურის გარეშე წერდნენ, რა აწუხებდათ და რა აფიქრებდათ: „თუ ტყვიამ არ მიმსხვერპლა, ყველაფერს ავიტან თქვენთვის ჩემო სულის სწორო ცოლ-შვილო, ცეცხლზე რომ დამწვან, არ შეუშინდები, ვარ ისეთ პირობებში, რაც კინოში გინახავს, მაგრამ არაფერია, ოღონდ თქვენს ნახვას ვეღირსო. ოღონდ თქვენთან მოვაღწიო და არ დავშურავ არავითარ გამძლეობას ჩემო ქეთუნია“.
აღსანიშნავია, რომ გამოგზავნილი წერილების ავტორთა უმრავლესობა დაკარგულად ითვლება. ახლობლებისთვის განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა დაკარგული მებრძოლების თემა. დავინტერესდით, სადმე თუ არსებობდა დაკარგულად ცნობილი და მოგვიანებით ნაპოვნი ჯარისკაცების უცნობი მონაცემები. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, აღმოჩნდა, 5000 დაკარგულად ცნობილი, მაგრამ საჯარიმო ბატალიონებში დაკარგული ჯარისკაცების უახლესი სია. ამ სიაზე საბჭოთა კავშირიდან გაქცეულმა ემიგრანტმა, მაკარ ტონიანმა იზრუნა. თავად მაკარ ტონიანი ჯერ კიდევ საფრანგეთში დასახლებამდე ეძებდა მამას, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკარგულად გამოცხადებული მამა საჯარიმო ბატალიონში დაიღუპა, კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ადგილას. უკვე ემიგრაციაში მყოფმა მაკარ ტონიანმა, მამის ხსოვნის პატივსაცემად და ქართველებისადმი მადლიერების ნიშნად (საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი ყოველთვის იხსენებს, როგორ აჩუქეს ქართველებმა თავისუფლება), საქართველოდან წასული, დაკარგული ჯარისკაცების მოძიება და ცალკე სიის შექმნა დაიწყო. როგორც ცნობილია, უკვე მზადდება საბოლოო სია, სადაც მითითებულია არა მხოლოდ საქართველოდან ომში წასული ჯარისკაცების გვარები, დაღუპვის დრო და ადგილი, არამედ ჯარისკაცების მშობლების, მეუღლეების და ახლობლების ვინაობაც. დღეისათვის სიაში 5000-ზე მეტი ჯარისკაცის გვარია, ბევრად მეტის სია მზადდება. სიების ქართულ მონაცემებთან შედარებასა და დაზუსტებაზე ბატონი ირაკლი მირიანაშვილი მუშაობს. ამ სიის ნახვა, ისევე როგორც წერილების, დაინტერესებულ პირებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე შეუძლიათ.“
ემზარ ჯგერენაია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, პროექტის ინიციატორი: „პირველ რიგში, პროექტი — „წერილები ფრონტიდან“ საინტერესოა მკვლევრებისთვის. ჩვენი კულტურა არ გამოირჩევა მდიდრული დოკუმენტური მასალით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ლიტერატურული თუ ისტორიული დოკუმენტი გვაქვს დაკარგული, რაც ჩვენ კულტურას აკლია. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ის თაობა, რომელიც ამ წერილებს აგზავნიდა, უკვე მიდის, თანაც ეს ჟანრი დავიწყებას ეძლევა, იკარგება. მოგეხსენებათ, აღარავინ წერს წერილებს ქაღალდზე და ადრესატს არ უგზავნის. ამისთვის არსებობს სოციალური ქსელები და რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობაა. პროექტი საშუალებას გვაძლევს წერილების მეშვეობით სულ სხვა, ახალი ისტორია დავინახოთ, ისტორია იმ ადამიანების პოზიციიდან, რომლებიც უშუალოდ ამ ომში იყვნენ ჩართულები.
ჩემი თაობის ადამიანებმა ვიცოდით მეორე მსოფლიო ომის ისტორიის მხოლოდ ერთი ვერსია, რომელსაც კომუნისტური პარტია, ამ პარტიის წარმომადგენლები და თავად სახელმწიფო წერდა. ეს, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა ადამიანის დიდი პრობლემაა. ჩვენ არ ვიცოდით მეორე მსოფლიო ომის დასავლური ვერსია, როგორი იყო დასავლური ისტორიკოსების შეფასება. ჩვენ ახლა, ამ დროში ვეცნობით და ვიგებთ, რომ კონკრეტულ ფაქტებზე, თურმე, არსებობს სხვა ვერსია, სხვა ისტორიაც. ამ დოკუმენტების, წერილების კორპუსი გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ სხვა თვალსაზრისი, თუ როგორ ხედავენ ადამიანები საკუთარი პერსპექტივიდან სამყაროს, ომს, ოჯახს, სიყვარულს, ურთიერთობებს... ჩვენ არ ვიცით ჯარისკაცების ყოველდღიურობა, მათი ხედვა, განცდები, როგორი იყო მათი სამყარო, რომელშიც ცხოვრობდნენ, მეორე მსოფლიო ომის ის დეტალები, ის მხარე, რომელშიც ჯარისკაცები მონაწილეობდნენ... ძალიან საინტერესოა ჯარისკაცების მიერ დანახული ისტორია. ამ წერილებში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. სულისშემძვრელი ისტორიები, ცოტა მათგანია საბჭოთა პათეტიკით სავსე, საბჭოთა სამშობლოსთვის, საბჭოთა პატრიოტიზმისთვის. საქართველოში ჯარისკაცების ისტორია ჯერ არავის შეუსწავლია, არადა ასეთი წერილების საფუძველზე შესაძლებელია ტომეულები, ფუნდამენტური შრომები და კვლევები დაიდოს. ეს წერილები უახლესი ისტორიის კვლევისთვის საინტერესო დოკუმენტებს წარმოადგენენ. პროექტი კარგი საშუალებაა იმისა, რომ სხვა თვალსაზრისით მოვახდინოთ ისტორიის რეკონსტრუქცია.
მაგალითად, მეოცე საუკუნის ოციან წლებში, ორმა ავტორმა ჩაატარა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლევა სახელწოდებით „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში“. მოიპოვეს პოლონელი გლეხების წერილები, მიმოწერის საფუძველზე შეისწავლეს ეს წერილები, პრაქტიკულად აღადგინეს მათი ყოფა-ცხოვრება, შეფასებები, ღირებულებები, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ, მათი სამყარო და ფანტასტიკური ნაშრომი შექმნეს, რომელიც დღეს კლასიკად ითვლება.
სწორედ ამ შეგროვებული წერილების საფუძველზე ვაპირებთ მოვამზადოთ კრებული და შევქმნათ მონაცემთა ბაზა. კრებულისთვის წერილებს დავყოფთ თემატურად: რომანტიკული, სასიყვარულო, ტრაგიკული და ა. შ.“
აღსანიშნავია, რომ პროექტმა „წერილები ფრონტიდან“ ავტორებს ახალი პროექტის დაწყების საშუალება მისცა. ვისაც სახლში ჯერ კიდევ მოგეპოვებათ ხელნაწერი წერილები, ამჯერად მშვიდობის პერიოდში დაწერილი და ფიქრობთ, რომ მათ ისტორიული მნიშვნელობა აქვს ან კვლევებისთვის საინტერესო იქნება, შეგიძლიათ მიაწოდოთ ეროვნულ ბიბლიოთეკას (გუდიაშვილის 7, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება) .
პროექტი „წერილები ფრონტიდან“ გრძელდება და ჯარისკაცების სამკუთხა ბარათებს ელის. ავტორები ელიან ნებისმიერი ომიდან გამოგზავნილ წერილებს, რომლებშიც ჩვენი წინაპრები მონაწილეობდნენ.
|