2017-05-11 საუკეთესო მეგზურების შთამბეჭდავი გზა ევროპისკენ
ლალი ჯელაძე
ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში გაიხსნა კონფერენცია „მასწავლებელი — მეგზური ევროპისკენ“. „ერთად ვიაროთ საქართველოს მომავლისკენ — ევროპისკენ. — ასე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა კონფერენციის მონაწილეეებს, — ევროატლანტიკური სივრცე მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის, ეს საერთო ღირებულებების სივრცეა და ჩვენც თავი ამ ღირებულებების მატარებელ ერად მიგვაჩნია, ბუნებრივია, ამიტომაც მივისწრაფვით მისკენ.“
მისივე თქმით, პროექტის დასახელებაც — „მასწავლებელი — მეგზური ევროპისკენ“ — სიმბოლურია იმიტომ, რომ: „გვჯერა, რომ მართლაც თქვენ ხართ მეგზური ევროპისკენ, მეგზური ჩვენი მომავალი დღისკენ. ყოველთვის მხარში დაგიდგებით ამ მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში და თქვენთან ერთად განვახორციელებთ ნაბიჯებს, რომლებიც ნათელი მომავლისკენ წაგვიყვანს. უკვე ოთხი წელია, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ეს პროგრამა ხორციელდება და მინდა უღრმესი მადლობა მოვახსენო მათ პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.
ამავე მიმართულებით ცენტრი არაერთ ღონისძიებას ახორციელებს და მონაწილეობს ევროკავშირის და ევროსაბჭოს მნიშვნელოვან პროექტებში, მაგალითად, როგორიცაა: ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ამ ინსტრუმენტების დანერგვის მიმართულებით, სამაგალითოა ამ პროექტში. ასევე, მინდა აღვნიშნო დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომლის ფარგლებში, უკვე უმაღლეს სასწავლებლებში, მასწავლებლების მოსამზადებელ კურსებში ჩართულია პროგრამა და მასწავლებელი სრულფასოვან ცოდნას მიიღებს ამ ღირებულებების შესახებ. რაც მთავარია, ის იქნება ამ ცოდნის გადამცემი მომავალი თაობებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვახორციელებთ e Twinning-ის სახით და მოხარულები ვართ, რომ წელს ამ პროექტში ჩართვის ინტერესი ძალიან გაიზარდა, მოკლე პერიოდის განმავლობაში, იანვრიდან დღემდე, 250 ახალი მოხალისე მასწავლებელი ჩაერთო. პროგრამა ითვალისწინებს ევროპულ სკოლებთან დამეგობრებას და ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ გქონდეთ საშუალება ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობის, სტუმრობის, მასპინძლობის და მათთვის თქვენი გამოცდილების გაზიარების, რადგან უცხოელი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაცნობა.“ — აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.
კონფერენციის გახსნა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, ესწრებოდნენ: სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ესტონეთისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ფელიქს ჰეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.
კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც მათ ევროპული პროექტები სთავაზობს, ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.
რა არის პროექტის იდეა, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება — ამაზე ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ: „ჩვენი ცენტრის იდეა იყო გაეაქტიურებინა მასწავლებლები ევროინტეგრაციის გზაზე და მათი ჩართულობა პროცესში კიდევ უფრო გაეზარდა. როგორ ვახერხებთ ამას? ეს გზა, ჩემი აზრით, ძალიან შთამბეჭდავია — წელიწადში ერთხელ, ჩვენი მხარდამჭერების ორგანიზებითა და დახმარებით, ვატარებთ სემინარს, რომლის შემდეგ, უკვე მთელი წლის განმავლობაში, ეს პედაგოგები, ქვეყნის მასშტაბით, საკუთარი ენთუზიაზმითა და მონდომებით, იძიებენ და ახორციელებენ პროექტებს საკუთარი მოსწავლეებისთვის, რომლის ფარგლებში, ყალიბდება ბავშვების ცნობიერება ევროკავშირთან მიმართებაში. იმდენად შთამბეჭდავი პროექტებია, რომ მე პირადად, წელს, მართლა გაოცებული ვიყავი, როცა გავეცანი მასწავლებლების მიერ განხორციელებულ საქმიანობას. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დასაფასებელი იმიტომაცაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი ენთუზიაზმისა და შრომის შედეგია.
ასეთი აქტიურობისთვის და ამ შთამბეჭდავი პროექტის ხორცშესხმისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მასწავლებელს, ასევე, ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული მადლობა ფრიდრიხ ებერტის ფონდს საქართველოში, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს, რომელიც აქტიურად გვიდგას გვერდში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი გამარჯვებულებისთვის ესტონეთში გამგზავრებას.
ეს რომ ძალიან კარგი პროექტია, ამის დასტური თქვენ ხართ, ასმაგად უფრო დასაფასებელია შრომა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში საკუთარი ენთუზიაზმითა და მონდომებით ახორციელებთ. გისურვებთ წარმატებულ მოგზაურობას, სასწავლო ვიზიტს ესტონეთში, სადაც ძალიან საინტერესო პროგრამა გელოდებათ. იმედია, კიდევ უფრო გაიმდიდრებთ ცოდნას ევროპის შესახებ და უფრო მეტ საინტერესო გამოცდილებას დაიგროვებთ მომავალში.“
ევროპის დღეების ფარგლებში, ორდღიან სემინარში, რეგიონებისა და დედაქალაქის 100-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. სემინარში, ასევე მონაწილეობდნენ პედაგოგები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ სემინარის მოწყობა ძალიან კარგ იდეად შეაფასა და მასწავლებლები ევროპისაკენ მიმავალ გზაზე, მართლაც, ყველაზე საუკეთესო მეგზურებად შეაფასა: „მასწავლებელი, ალბათ, ნამდვილად ყველაზე კარგი მეგზურია ევროპისკენ მომავალი თაობისთვის. განსაკუთრებით რეგიონებში მოღვაწე პედაგოგებზე მაქვს საუბარი, რომელთაც ამგვარი სემინარები და ტრენინგები საუკეთესო საშუალებას აძლევთ, მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროატლანტიკურ ღირებულებებსა და პროცესებზე. ბოლო პერიოდში, ამას ძალიან ინტენსიური ხასიათი მიეცა, განსაკუთრებით ამ ინფორმაციის მოსწავლეებამდე მიტანას, იმ მოსწავლეებამდე, რომლებსაც უწევთ სწავლა და ცხოვრება ოკუპირებული ტერიტორიის გასწვრივ და მიმდებარედ. ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას.
ძალიან კარგი იდეა იყო დღევანდელი სემინარის მოწყობა, ბევრი საინტერესო საკითხია, მათ შორის, ეკოლოგიური საკითხებიც. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ნამდვილად მოგვიწევს. მინდა, გისურვოთ წარმატებული სემინარი, რათა შემდეგ ეს წარმატება თქვენს მოსწავლეებთან გადაიტანოთ.“
წელს პროექტი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში გაიმართა. სემინარზე პროექტების კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლებიც დაჯილდოვდნენ, რომლებიც თვის ბოლოს, ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით, ესტონეთში გაემგზავრებიან. გამოვლინდა 10 გამარჯვებული მასწავლებელი:
პირველი სამეული:
v ლელა წურწუმია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, შიდა ქართლი, სსიპ გორის ¹12 საჯარო სკოლა;
v ვლადიმერ აფხაზავა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა;
v ნესტან კუბლაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისი, ისანი-სამგორი, სსიპ ¹172 საჯარო სკოლა.
საპრიზო ადგილები:
v რიმა კაბულაშვილი, გეოგრაფიის მასწავლებელი, გორი, სსიპ ტირძნისის საჯარო სკოლა;
v მაგდა ფურცელაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ბოლნისი, კერძო სკოლა „დავითიანი“;
v მაია გვასალია, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის ¹1 საჯარო სკოლა.
v ვარდო რომანაძე, დაწყებითი კლასის პედაგოგი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბობოყვათის საჯარო სკოლა;
v მაია გოგიშვილი, ისტორიის პედაგოგი, თბილისის ¹156 საჯარო სკოლა;
v ლელა ცაგურიშვილი, დირექტორის მოადგილე, თბილისის ¹49 საჯარო სკოლა;
v მზია ჩხაიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისის ¹49 საჯარო სკოლა.
ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კაი კაარელსონმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია და საზოგადოებაში ამ ღირებულებების დანერგვის ყველაზე მნიშვნელოვანი მულტიპლიკატორები მასწავლებლები არიან. „ვფიქრობ, თქვენი საქმიანობა მართლაც განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. განათლება, ბუნებრივია, ძალზე მნიშვნელოვანი დამაჩქარებელია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისა, არამედ, ზოგადად, საზოგადოების განვითარებისა. ესტონეთში ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა და ყოველთვის ვიქნებით თქვენი მხარდამჭერები, ჩვენი გამოცდილებითაც. გამარჯვებულებს მივესალმები და ესტონურ მიწა-წყალზე წარმატებულ ვიზიტს ვუსურვებ. დანარჩენ მასწავლებლებს კი — ნაყოფიერ კონფერენციას“. — აღნიშნა მან.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, ფელიქს ჰეტმა განაცხადა: „ფონდი მოხარულია, რომ ამ ღონისძიებას უჭერს მხარს, რადგან ეს იდეალურად ერწყმება ჩვენს მისიას თქვენს ქვეყანაში. გერმანული პოლიტიკური ფონდი, 100-ზე მეტ ქვეყანაში, მონაწილეობს პოლიტიკური განათლებისა და ღირებულებების გავრცელების საკითხებში. საქართველოში ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპულ ამბიციებს და მართლაც, ბედნიერი ვარ, რომ მხარი დავუჭირეთ სემინარს სახელწოდებით — „მასწავლებელი მეგზური ევროპისაკენ.“
საქართველო ევროპულ გზაზე რომ გავიდეს, ამისთვის განათლებული მოქალაქეები სჭირდება, რომლებიც კარგად აცნობიერებენ მოვლენებს და აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი. ვფიქრობ, თქვენი მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ ეს არის — აღზარდოთ ასეთი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ეს ძალზე რთულია. ერთადერთი მისია არ არის ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის გაზიარება, უნდა ასწავლოთ, დამოუკიდებლად როგორ შეძლონ ამ ინფორმაციის მოძიება და, ამასთანავე, გამოიმუშაონ ანალიტიკური აზროვნების უნარი. ეს უნარი თქვენ უნდა განუვითაროთ, განსაკუთრებით ინფორმაციის მოზღვავების პირობებში, რომელიც ასე დამახასიათებელია თანამედროვე მსოფლიოსთვის. ამ თვალსაზრისით თქვენ, მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეგზურები ხართ მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ორი დღის განმავლობაში ეს სემინარი დაგეხმარებათ, წარმატებით გაართვათ თავი ამ ძალიან რთულ და პასუხისმგებლობით აღსავსე მისიას.“
|