2017-06-22 საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ 2011 წელს ჩატარდა სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გახმაურებული კვლევა, რომელმაც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სკოლაში გატარებული რეფორმების შედეგები გააანალიზა და რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
კოალიციის „განათლება ყველასათვის — საქართველო“ ინიციატივით მოწვეულ ჟურნალისტებს კვლევის შედეგები წარუდგინა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ნათელა სახოკიამ. ნაშრომი მართლაც მნიშვნელოვანი და საგულისხმოა ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროს მესვეურთათვის, მით უფრო, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გატარებული რეფორმა, ბევრი პარამეტრით, ვერ ჩაითვლება წარმატებულად. მაგალითად, წლების შემდეგ, ჩვენ ისევ სახელმძღვანელოების პრობლემა გვაქვს. თუ იმ ოცი წარმატებული ქვეყნის სასკოლო სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგებით ვიმსჯელებთ, რომლებიც დღესაც ინარჩუნებენ მდგრადობას, გამოდის, რომ იმ ეტაპზე, როცა რეფორმა დაიწყო საქართველოში, არასწორი იყო არჩევითი სახელმძღვანელოების შეთავაზება პედაგოგებისთვის. პროფესიული თვალსაზრისით, ამ არჩევანისთვის ისინი მზად არ აღმოჩნდნენ; არ განისაზღვრა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების სასტარტო დონე, რომლის გათვალისწინებითაც დაიგეგმებოდა საჭირო ჩარევები სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ. ეს დოკუმენტი ერთგვარი გზამკვლევია, რომლის გამოყენებაც, კონტექსტის გათვალისწინებით, ძალიან კარგად შეიძლება. მაგალითად, აქ ჩამოთვლილია კონკრეტული ინტერვენციები, რომელსაც მიმართეს ცუდი სასტარტო მდგომარეობის მქონე სკოლებმა (მათი რაოდენობა 103-ია), საშუალოდან კარგისკენ — 226 სხვადასხვა ტიპის ჩარევაა, კარგიდან ძალიან კარგისკენ — 15 და ა.შ.
გთავაზობთ კვლევის შესახებ ნათელა სახოკიას მოსაზრებას და იმ რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს სასკოლო განათლების გაუმჯობესებას. იმედი გვაქვს, ჩვენი მკითხველები დაინტერესდებიან და საკუთარ აზრსაც გაგვიზიარებენ სტატიაში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ.
საქართველოს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განვითარება, მისი უსაფრთხოება, მისი ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცულობა, პოლიტიკური და თავდაცვის სისტემების სიძლიერე, პირველ რიგში, დაკავშირებულია განათლებული საზოგადოებისა და პროფესიული კადრების არსებობასთან. რადგან სკოლა განათლების სისტემის უმნიშვნელოვანეს და, შეიძლება ითქვას, ძირითად ინსტიტუტს წარმოადგენს, თანამედროვე სახელმწიფო, პირველ რიგში, სწორედ სასკოლო სისტემის მდგომარეობაზე იღებს პასუხისმგებლობას.
ბოლო 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ ჩაატარა სასკოლო რეფორმა, მაგრამ მათგან ცოტა იყო წარმატებული. ამიტომ 21-ე საუკუნეში წარმატებული სასკოლო რეფორმები გამოჩენილ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა მიერ განსაკუთრებული ყურადღებით, სისტემურად იქნა განხილული და გაანალიზებული. შედეგად მსოფლიოში წარმოიშვა კონკრეტული ცოდნა და გაგებები, რომელიც მანამდე არ არსებობდა. რეფორმების თანმიმდევრული და სისტემური ანალიზის ჩასატარებლად სასარგებლო აღმოჩნდა წარმატებული სასკოლო სისტემების დაყოფა სასტარტო პირობების მიხედვით: არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი და შესანიშნავი. ამ კვლევების ძირითადი აღმოჩენა არის ის, რომ მიუხედავად გეოგრაფიული, კულტურული თუ პოლიტიკური კონტექსტისა, იდენტურ სასტარტო მდგომარეობაში მყოფი სასკოლო სისტემები რეფორმის ღონისძიებათა იდენტურ ნაკრებს უნდა იყენებდნენ და კატეგორიულად არ შეიძლება განვითარების განსხვავებულ საფეხურზე მდგომი სასკოლო სისტემის მოქმედი მახასიათებლების პირდაპირ გადმოტანა უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი სასკოლო სისტემის რეფორმის განსახორციელებლად#1.# მსოფლიოში სახელგანთქმული ექსპერტი განათლების სისტემების მართვის საკითხებში მაიკლ ფულანი აღნიშნავს: „ამ კვლევების შედეგები ფასდაუდებელია პოლიტიკის მკეთებლებისათვის და სასკოლო სისტემების ლიდერებისათვის, რომლებიც არიან ან უნდა იყვნენ კონკრეტული სისტემების გაუმჯობესების გზების ძიებაში. ის იძლევა მძლავრ ანალიტიკურ საშუალებას. ის ასტიმულირებს შემდგომი მთლიანი სისტემური რეფორმების ტალღას“ 2.#
საქართველოს სასკოლო სისტემის გაუმჯობესების ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს სწორედ წარმატებული სასკოლო სისტემების რეფორმების გამოცდილების ბოლო წლებში ჩატარებული ანალიზი და მისი დასკვნები უდევს საფუძვლად.
საქართველოს სასკოლო სისტემის რეფორმირების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები
დღეს საქართველოს სასკოლო სისტემა შეიძლება შეფასდეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი. სახეზეა ასეთი სისტემის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: მოსწავლეთა მოსწრების დაბალი დონე და გაცდენათა დიდი რაოდენობა3; სისტემის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია არიან ნაკლებ კვალიფიციური და ნაკლებ მოტივირებული; განათლების მართვის ყველა რგოლს, დაწყებული უმაღლესი რგოლიდან, არასაკმარისი პოტენციალი აქვს; სისტემის შიგნით სკოლების ხარისხი ძალიან განსხვავებულია; რესურსები როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური შეზღუდულია.
ყველა ეს მახასიათებელი გააჩნია ჩვენს სასკოლო სისტემას. თუმცა მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა ზომითაა ეს პრობლემები სისტემაში. ვთანხმდებით, რომ დაბალია მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მაგრამ ის მდგომარეობა, რომელიც 2015 წლის ზაფხულში ჩატარებულმა მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდებმა გამოავლინა, საგანგაშო და კატასტროფულია. როგორ უნდა იფუნქციონიროს სისტემამ, სადაც გამოცდაზე გასულ დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა 95%-ზე მეტი მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავს. ეს ბოლო მონაცემი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვების უდიდესი რაოდენობა პირველ კლასებშივე ვერ აითვისებს სასწავლო მასალას, ვერ მოემზადება სკოლის შემდეგი საფეხურებისათვის, ვერ შეიქმნის სწავლის მოტივაციას. მათ გაუჩნდებათ კომპლექსები საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ერთი სიტყვით, ბავშვი დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, ამოვარდება სასწავლო პროცესიდან.
გარდაქმნის დაწყების მთავარი პრობლემაა ის, რომ ლიდერთა ჯგუფს არ ჰყოფნის ინერციის დაძლევის, უმრავლესობის მიერ მიღებული ხედვის კრიტიკული გადახედვის სითამამე. ლიდერმა უნდა შეძლოს ყოვლისმომცველი რეფორმის დაწყების რთული გადაწყვეტილების მიღება, შემოიკრიბოს თანამოაზრეები, ორგანიზაცია გაუწიოს საწყისი, ძირითადი მიმართულებების ამსახველი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას და ხელი შეუწყოს პროცესს, რათა ეს დოკუმენტი ექსპერტებმა, სასკოლო სფეროს მუშაკებმა, საზოგადოების ფართო წრეებმა განიხილონ და საბოლოოდ დაეთანხმონ მას. ლიდერთა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, რომლებიც უეჭველია და გადახედვას არ ექვემდებარება და მათი განხორციელების რესურსები მოიპოვოს.
დაწვრილებით შევჩერდებით პოლიტიკის დოკუმენტის განხილვის ეტაპზე. ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის, მით უმეტეს სოციალური პოლიტიკის, განხორციელება წარმატებული ვერ იქნება, თუ იმ ადამიანებს, ვისკენაც არის მიმართული ეს პოლიტიკა, არ ესმით მისი არსი და/ან არ ეთანხმებიან მას. უნდა ჩამოყალიბდეს კრიტიკული მასა იმ პირებისა, რომლებიც არა მარტო იზიარებენ რეფორმის იდეებს, არამედ ესმით მისი განხორციელების მიმართულებები, ესმით, რომ რთული გარდაქმნის განხორციელება აუცილებლად მოიტანს პრობლემებს და მზად არიან გაუმკლავდნენ მათ. ამ პროცესში სინამდვილეში ოთხი ტიპის ინტერესი და ცოდნა უნდა იყოს ჩართული: 1. საზოგადოების რიგითი წევრები, არა მარტო მშობლები, არამედ ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული ადამიანები; 2. განათლების დარგის პროფესიონალები, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგები და ადმინისტრაცია, ასევე, განათლების საკითხებზე მომუშავე მეცნიერები; 3. პოლიტიკოსები, რომლებმაც ეს რეფორმა, ეს გარდაქმნები ქვეყნის საერთო განვითარების კონტექსტში უნდა განიხილონ და ამ კონტექსტში ჩასვან. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელ პოლიტიკოსთა შეთანხმება რეფორმის სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებზე, შექმნის რეფორმის პროცესის მდგრადად წარმართვის და უწყვეტობის უზრუნველყოფის პირობებს 4. 4. სოციალური კონსტრუირების სპეციალისტები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან რეფორმის პროცესის მეთოდოლოგიური საფუძვლების დამუშავებაზე.
ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო პოლიტიკის დოკუმენტების საზოგადოებრივი განხილვა სახელმწიფო განვითარების ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტსაც ეხება. საქართველოში, მოდერნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად, მიმდინარეობს თანამედროვე ერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი. „ერი არის იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც თავს ერთი ბედის წინაშე მდგომად აღიქვამენ“ (მერაბ მამარდაშვილი). რადგანაც განათლების რეფორმა ის საკითხია, რომელიც გულგრილს არ ტოვებს ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს, პიროვნების ჩართვა რეფორმის განხილვის პროცესში, იმ განცდის გაჩენა, რომ მისი აზრი მოსმენილი და გათვალისწინებულია, ხელს უწყობს მასში მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის მისი მრავალეთნიკურობის და მრავალკონფესიურობის გამო.
იმ ძირითადი ჩარევის არსი, რომელიც საქართველოს განათლების სისტემაში უნდა მოხდეს
როდესაც ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური კრიზისია, სახელმწიფო, მისი ცენტრალური ხელისუფლება, იღებს თავის თავზე არა მარტო ძირითად პასუხიმგებლობას, არამედ მართვის ძირითად სადავეებსაც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია ამის მრავალ მაგალითს იცნობს: რუზველტის ეკონომიკური პოლიტიკა დიდი დეპრესიის დროს, ასევე რუზველტის უპრეცედენტო მხარდაჭერა ამერიკის კერძო უნივერსიტეტებისათვის, პრეზიდენტ ბუშისა და შემდეგ ობამას მიერ მონეტარული ინტერვენციის განხორცილება საბანკო სექტორში. ასეთი მაგალითების მოყვანა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ისტორიიდან შეიძლება.
მსოფლიო გამოცდილება წარმატებული სასკოლო სისტემის რეფორმების განხორციელებაში იმავე მიდგომის სამართლიანობას გვიჩვენებს. სასკოლო განათლების კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნისას, როდესაც ქვეყანა აცნობიერებს, რომ მის შემდგომ განვითარებას, მის მოქალაქეთა კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება, ცენტრალური ხელისუფლება თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად მართვის სადავეებს. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ განათლების სისტემაში მართვის საშუალო რგოლებს, სკოლების ადამინისტრაციას და პედაგოგებს მკაცრად განსაზღვრული, კარგად არტიკულირებული და რეალისტური მოქმედების გეგმა მიეწოდება. უკლებლივ ყველა ქვეყნის (დიდი რეგიონის) სასკოლო სისტემამ, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ეს მიდგომა გამოიყენა საკუთარი სასკოლო სისტემის რეფორმირების საწყის ეტაპზე. რაც უფრო პრობლემურია სისტემა, რაც ნაკლებია პროფესიონალიზმი მის ყველა დონეზე, მით მეტი უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ფუნქცია.
მსოფლიოში წარმატებულ სასკოლო რეფორმათა (ფინეთი, სინგაპური, კანადის ონტარიო, აშშ-ს მასაჩუსეტის შტატი და ლონგ ბიჩის რეგიონი, ჰონკონგი, ბრაზილიის მინას გერესის რეგიონი, პოლონეთი, სლოვენია და ა.შ. )5 მიმდინარეობის დინამიკა ასეთია. ცენტრი ყურადღებით აკვირდება სწავლების პროცესს (აფასებს მოსწავლეთა მოსწრებას) და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსწავლეთა მოსწრება სტაბილურად უმჯობესდება, განსხვავება როგორც ძლიერ და სუსტ მოსწავლეთა შორის, ასევე, განსხვავება სკოლებს შორის იწყებს შემცირებას, იწყება პასუხიმგებლობის და გადაწყვეტილების მიღების დელეგირება უფრო ქვედა დონეებზე — მართვის საშუალო დონეზე, სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებზე. რაც უფრო მეტად მაღლდება პედაგოგთა პროფესიონალიზმი და უმჯობესდება სისტემა მთლიანად, ცენტრიდან მართვა, ძირითადად, თავისუფალი ზოგადი მითითებების ფორმით ხორციელდება. ცენტრი გადადის პედაგოგთა შემოქმედების და ნოვატორობის ხელშეწყობაზე, რადგან ეს განიხილება, როგორც სასკოლო სისტემის პროგრესის ძირითადი მამოძრავებელი.
რომ შევაჯამოთ, დღეს, ამ ეტაპზე, საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა, ნაკლებად გადაანაწილოს ის ქვედა რგოლებზე და ყველა დონეზე უზრუნველყოს საკუთარი დირექტივების და გადაწყვეტილებების აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ მიიღება გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის უფრო დაბალ დონეზე დელეგირების შესახებ, განუხრელად უნდა ტარდებოდეს პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი.
ვაცნობიერებთ, რომ შესაძლებელია სისტემაში გაჩნდეს ცდუნება, დიდი ხნით შენარჩუნდეს ცენტრალიზებული მართვა6. ხელისუფლების მოწინავე ნაწილმა, საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან ერთად, როცა განათლების სისტემა გარკვეულ დონეს მიაღწევს (რაც ობიექტურად გაზომვადია), უნდა დაიწყოს ცენტრალური მართვის სადავეების თანდათანობით შესუსტება და მისი ქვედა დონეზე გადატანა.
სასკოლო რეფორმის საწყისი მიზანი და ამოცანები
მიზანი. ამ ეტაპზე ჩვენი სასკოლო სისტემის რეფორმირებას შემდეგი ძირითადი მიზანი უნდა დავუსახოთ:
• მოსწავლეთა წიგნიერების და მათემატიკის საფუძვლების ცოდნის დონის ამაღლება.
ეს მიზანია ამ ეტაპზე სასწრაფოდ მისაღწევი და გავიმეორებთ, რომ მსოფლიოს უკლებლივ ყველა ქვეყანაში, სადაც რეფორმა დაიწყო და წარმატებით განხორციელდა, ის იყო დასახული სწორედ როგორც გადაუდებელი, როგორც პირობა, რომ თაობებს არ მოუწიოთ ცხოვრებაში ელემენტარული სასიცოცხლო უნარების გარეშე შესვლა.# ამ მიზნის მიღწევის ამოცანა უნდა დაედოს საფუძვლად არსებული რესურსების გადანაწილების პროცესს.
ამოცანები. წიგნიერების და მათემატიკის საწყისი საფუძვლების მიღწევების ამაღლებისათვის საჭიროა შემდეგი ამოცანების გადაჭრა:
• დაბალი კვალიფიკაციის მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის კვალიფიკაციის და მოტივაციის ამაღლება;
• ყველა სკოლის მიყვანა ხარისხის მინიმალურ სტანდარტამდე;
• სკოლის ხელმისაწვდომობის გაზრდა თითოეული მოსწავლისათვის.
განვიხილოთ თითოეული ამოცანა.
მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის
კვალიფიკაციის და მოტივაციის ამაღლება
საქართველოს პედაგოგთა დიდი უმრავლესობის პროფესიული დონე და კვალიფიკაცია არადამაკმაყოფილებელია. ამიტომ, საჭიროა მათი რადიკალური დახმარება. სასკოლო გეგმა და პროგრამა თითოეული გაკვეთილის სახით უნდა დანაწილდეს. მასწავლებელს უნდა მიეცეს გაკვეთილების სცენარი7. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, განისაზღვროს თითოეული გაკვეთილის მიზანი, გეგმა, მეთოდი და სასწავლო მასალა, რაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს სწორად „შეასრულოს“ გაკვეთილი. ე.ი. მას მიეწოდება გაკვეთილის წარმართვის დადგენილი, აუცილებლად შესასრულებელი, ფორმა. მასწავლებელს უნდა გაუადვილდეს სწავლების პროცესი8. შეთავაზებული სცენარები, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს სრულყოფილი საწყის ეტაპზე, მაგრამ უნდა მოხდეს მათი მუდმივი გაუმჯობესება მიღწეული შედეგების ანალიზის საფუძველზე. ამასთან, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ მასწავლებელი არ არის ტექნიკური მუშაკი, ამ პირობებშიც მას შემოქმედების ადგილი რჩება.
არის ხიფათი, რომ ბევრ მასწავლებელს მოეწონოს სიტუაცია, როცა მას არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა და დაძაბვა და ინერციით წაყვება ერთხელ დადგენილ გზას. ამიტომ, სისტემის კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის პარალელურად, დასამუშავებელია ინიციატივების და ნოვატორობის წახალისების მექანიზმები.
იმ მასწავლებლებს, რომლებსაც თავიდანვე არ მოუნდებათ გაკვეთილის დადგენილი სცენარის გამოყენება საკუთარ კლასში, სასწავლო პროცესის თავისი გეგმით და მეთოდით წარმართვის ნება უნდა მიეცეთ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავისი მოსწავლეების მიღწევათა დონეზე, რაც პერიოდულად უნდა შემოწმდეს. ამ მიდგომით თავიდან ავირიდებთ მასწავლებელთა კორპუსში თავისუფლების შეზღუდვის და უნდობლობის შეგრძნების გაჩენას, რაც რეფორმისადმი ფარულ წინააღმდეგობაში შეიძლება გადაიზარდოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრ ქვეყანაში გაკვეთილების დადგენილი ფორმა სავალდებულო სახით დაამკვიდრეს9. მიგვაჩნია, რომ საქართველოში, ჩვენი კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი ხისტი მიდგომა არ გაამართლებს.
ახალი კურიკულუმის და გაკვეთილების სცენარების შემუშავების შემდეგ უნდა დადგინდეს მასწავლებელთა წვრთნის ფორმები ახალ რეალობაში. საჭირო იქნება წვრთნის ვადების დადგენა. უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა სახით იქნება უზრუნველყოფილი მასწავლებელთა ტრენინგებში მონაწილეობა. გადასაწყვეტია სავალდებულო და ნებაყოფლობითი მიდგომების სწორი შეხამება. ამ წვრთნებს არ უნდა ჰქონდეთ მხოლოდ სასემინარო ფორმა. მწვრთნელებმა მასწავლებლებთან საკლასო ოთახშიც უნდა იმუშაონ. სასკოლო სისტემების გაუმჯობესების საქმეში დიდ ეფექტს იძლევა მულტიმედიური საშუალებების გამოყენება. ამის ერთ-ერთი ფორმაა სამაგალითო გაკვეთილების ჩანაწერების გაკეთება და გავრცელება.
სასწავლო პროცესის ადგილზე დაკვირვების მიზნით, პრობლემები უნდა განიხილებოდეს სკოლებში ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან ერთად. ეს იქნება სტიმული მოტივაციის და მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად.
საჭიროა გადაიხედოს იმ სასწავლო დროის მოცულობა, რომელიც მოსწავლეს კონკრეტული საგნის ათვისებისათვის ეძლევა. დღეს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს იძენს ამგვარი პედაგოგიური მიდგომა: არ არსებობს ფიქსირებული შესაძლებლობის ბავშვი, უბრალოდ ზოგი ბავშვი უფრო ნელა სწავლობს10. დღესდღეობით მსოფლიოში ამ მიდგომის ცხოვრებაში გატარების მრავალი საშუალებაა აპრობირებული. საქართველოს განათლების სისტემამ საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს.
ყველა ამ ცვლილების ჩატარებისათვის ცენტრალურია პროფესიული კადრების საკითხი. მთელ საქართველოში მობილიზებული უნდა იყვნენ მეცნიერები, გამოცდილი ადმინისტრატორები და პედაგოგები, სასკოლო განათლების პროფესიონალი მენეჯერები, პედაგოგთა გადამზადების არსებული ცენტრების თანამშრომლები, მართვის ორგანიზაციის სპეციალისტები.
ყველა სკოლის მიყვანა მინიმალურ ხარისხის სტანდარტამდე
ამ ამოცანის მისაღწევად:
• პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ის მინიმალური ცოდნის დონე, რომელსაც მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ ყველა სკოლაში;
• რეგულარულად (მაგ. ყოველ სამ-ოთხ თვეში) უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა ცოდნის შეფასება. თანაც ამ შეფასებას, პირველ ეტაპზე, ახდენენ სკოლის ან რეგიონის დონეზე;
• უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა პროგრესის მონიტორინგისათვის.
სამივე ამოცანის შესასრულებლად საქართველოში არსებობს ორგანიზაციული და ადამიანური რესურსი გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის სახით. ეს ორგანიზაცია უკვე მუშაობს სკოლებში უნივერსალური შეფასების სისტემის დანერგვისათვის. შეფასების პროცედურა იმგვარად აიგება, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სწავლების პროცესის კორექტირების საშუალებას უზრუნველყოს.
სპეციალურმა კომისიამ უნდა შეაფასოს სკოლათა ინფრასტრუქტურა, სიმძლავრეები და რესურსები, რათა მოხდეს მათი მიყვანა ადეკვატურ მინიმალურ ზღვრამდე მაინც.
ყველა სკოლა უნდა მომარაგდეს სახელმძღვანელოებით და სასწავლო თვალსაჩინო ნივთებით.
უნდა მოხდეს ძალიან სუსტი სკოლების მიზნობრივი დახმარება.
კონკრეტული სკოლების დახმარება უნდა დაიგეგმოს რეალური ფინანსური და სხვა შესაძლებლობის მიხედვით. მაგალითად, შეიძლება, დასაწყისში დახმარება მაღალმთიან სოფლებში მდებარე ან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონების სკოლებს გაეწიოს11.
სკოლის ხელმისაწვდომობის გაზრდა თითოეული მოსწავლისათვის
სკოლაზე ხელმისაწვდომობა არა მარტო სასწავლო პროცესის ხელმისაწვდომობას, არამედ მოსწავლის სხვადასხვა საბაზისო სოციალურ (კვება, ჯანმრთელობა, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, სანიტარიული მდგომარეობა სკოლაში და ა.შ.) მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც გულისხმობს. უნდა გაანალიზდეს სიტუაცია და მოხდეს ამ საბაზისო საჭიროებათა შევსება.
სასკოლო სისტემის რეფორმის აუცილებელი ღონისძიებები განვითარების ნებისმიერ ეტაპზე
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ იდენტურ საწყის მდგომარეობაში მყოფ სისტემებს ასევე იდენტურ ღონისძიებათა ნაკრები შეესაბამება, მაგრამ არსებობს ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სასკოლო სისტემის რეფორმირების ყველა ეტაპზე, დამოუკიდებლად იმისა, თუ რეფორმირების რომელ მომდევნო ეტაპზე გადადის სისტემა, მაგ. არადამაკმაყოფილებლიდან დამაკმაყოფილებელზე ან კარგიდან ძალიან კარგზე და ა.შ. ე.ი. ეს ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს მუდმივად, განვითარების ნებისმიერ დონეზე მყოფ სასკოლო სისტემებში. ჩვენ მხოლოდ ჩამოვთვლით მათ: სტანდარტებისა და პროგრამების გადახედვა; მოსწავლეთა მიღწევების შეფასების მუდმივმოქმედი სისტემის შექმნა; პედაგოგთა და სასკოლო ადმინისტრაციის ანაზღაურების და წახალისების სტრუქტურის გადახედვა; მასწავლებელთა და ადმინისტრაციის ტექნიკური უნარების გაუმჯობესება; მონაცემთა ბაზების შექმნა; პოლიტიკის დოკუმენტების და საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; სასკოლო სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება.
მოკლედ ვაჯამებთ:
საქართველოს სასკოლო სისტემა იმყოფება განვითარების არადამაკმაყოფილებელ საფეხურზე. მისი რეფორმირებისას აუცილებელია განხორციელდეს სწორედ ამ საფეხურისათვის აუცილებელი პოლიტიკა. უნდა შემუშავდეს კონკრეტული პოლიტიკა და მისი განხორციელების დროში გაწერილი პროგრამა. ეს დოკუმენტები უნდა გახდეს ფართო საზოგადოებრივი და პროფესიული განხილვის საგანი. განათლების მართვის უმაღლესი რგოლი ვალდებულია, დაგეგმოს და განახორციელოს ეს პროცესი, მათ შორის მასმედიის ჩართვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლების სისტემის წარმატებისათვის, არამედ უფრო ფართო სახელმწიფოებრივი კონტექსტის თვალსაზრისით.
წარმატებული სასკოლო განათლების სისტემის რეფორმის განხორციელება სახელმწიფოს მდგრადი განვითარების პირობა და მისი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვანი არასამხედრო ასპექტია.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა
1. ამ დასკვნების გათვალისწინებით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2000 წელს დაწყებური საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის მასშტაბული რეფორმა მცდარი გზით წარიმართა, რადგან მაშინ ორიენტაცია იქნა აღებული მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სასკოლო სისტემების პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანაზე ჩვენს სასკოლო სისტემაში, საწყისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე;
2. ჰow the world’s most improved school systems keep getting better. მcკinsey & company , 2011;
3. ჵჳSა-ს მიხედვით ქართველი ბავშვების მიღწევები სტატისტიკურად არსებითად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს.
4. მაგალითად, ფინეთის სასკოლო სისტემის წარმატების ერთ-ერთ ძირითად პირობად მიჩნეულია ის, რომ კონსენსუსი იქნა მიღწეული სხვადასხვა ორიენტაციის პარტიათა შორის — ზომიერი მემარცხენე სოციალ-დემოკრატებიდან დაწყებული და ლიბერალებით დამთავრებული.
5. ეს მონაცემები აღებულია ფუნდამენტურ ნაშრომიდან (ჰow the world’s most improved school systems keep getting better. მcკinsey & company, 2011, სადაც გაანალიზებულია 20 ქვეყნის წარმატებული სასკოლო რეფორმა.
6. რაც მოხდა საბჭოთა განათლების სისტემაში და რამაც გამოიწვია სკოლებში ინიციატივებისა და ინოვაციების არარსებობა;
7. Scripted teaching materials (scripted lessons) — შემუშავებული სასწავლო მეთოდური მასალები, მეცადინეობის დეტალური სცენარები;
8. „ჩვენი საიდუმლო იარაღი გაკვეთილების უნიფიცირება იყო“ — ინტერვიუ ფინეთის სასკოლო სისტემის მაღალი რანგის მოხელესთან. „Can the ჲ.S. and other countries learn from ფinland?“.
9. ჰონკონგი, სინგაპური, ფინეთი და ბევრი სხვ.;
10. ეს მიდგომა სახელდება იმ წარმატების ქვაკუთხედად, რომელსაც ფინეთის სასკოლო სისტემამ მიაღწია. ფინეთში ყველაზე მცირეა განსხვავება მოსწავლეებს შორის ცოდნის დონის მხრივ. „არ უნდა გადავაჭარბოთ ბავშვების სხვადასხვა კოგნიტიური მონაცემების გავლენა სწავლების რეზულტატზე. თუ სასწავლო მასალა ისე აიგება, რომ ის მიესადაგება ყველა მოსწავლეს და ნაბიჯ-ნაბიჯ რთულდება, თუ ინდივიდუალური განსხვავებები ითვალისწინებენ დროს, რაც აუცილებელია სწავლისათვის, მაშინ შედეგები სხვადასხვა ბავშვთა ჯგუფებს შორის არ იქნება დიდად განსხვავებული. ე.ი. საფუძვლიანია საბაზო სკოლაში მოვახდინოთ სწავლების დიფერენციაცია ისე, რომ სწავლების განსხვავებული დრო, სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდეს“. ფინეთის საბაზო სკოლის სასწავლო პროგრამა (ჵჴჵS 1970, 136).
11. ფინეთში რეფორმა დაიწყო ქვეყნის ჩრდილოეთის მცირედ დასახლებული ნაწილიდან და ბოლოს მივიდა ჰელსინკამდე.
|