2017-09-28 შრომით მიღწეული „საუკეთესოს“ ტიტული
ლალი ჯელაძე
წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა 28 176 სტუდენტი, 394-ით მეტი ვიდრე 2016 წელს, აქედან 10 598 სტუდენტი დაფინანსდა, წინა წელთან შედარებით 224-ით მეტი შეუდგება სწავლას.
უფასო ფაკულტეტებზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა, 100% გრანტით — 1009, 70%-იანი გრანტით 1457, 50%-იანი გრანტით — 4081. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 673 აზერბაიჯანულენოვანი და 373 სომხურენოვანი ახალგაზრდა.
გაიზარდა მსურველთა რაოდენობა ბოლო წლების ნაკლებად მოთხოვნად პროფესიებზე, მათ შორის — აგრარულ მიმართულებებსა და მედიცინაზე. აბიტურიენტების მიერ, ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტებად წელს გამოვლინდა: ბიზნესი, სამართალი (სამართალმცოდნეობა), საერთაშორისო ურთიერთობები, ქართული ფილოლოგია და ისტორია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში გამოვლენილი ორი ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი: ნათია ინაძე (ქართული — 77/80, ინგლისური — 90/90, უნარები — 77/80, ბიოლოგია — 67/70) და სერგი ბეთხოშვილი (ქართული 77/80, უნარები 77/80, ინგლისური 90/90, ქიმია — 75/75) იმ წარმატების საწინდარზე გვესაუბრებიან, რომელმაც 28 176 სტუდენტში გამოარჩიათ. ნათია მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებს იშველიებს: „ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი — შრომა, მეორე — შრომა და მესამე — ისევ შრომა. აი, ჩემი წარმატების საწინდარი. რა თქმა უნდა, გონებრივი შესაძლებლობები, ოჯახი, სკოლა, თანატოლები — ეს ყველაფერი გავლენას ახდენს, თუმცა, მთავარი მაინც შენ ხარ, შენი ნებისყოფითა და მონდომებით.“ სერგის აზრით კი, „ამ შედეგისთვის მოტივაცია და შრომაა საჭირო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდის პროცესის დროს მობილიზება.“
გზის დასაწყისი
ნათია: 2017 წელს დავამთავრე ფოთის მე-15 საჯარო სკოლა, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მომცა და უამრავი რამ მასწავლა. სამართლიანი ვიქნები და გულწრფელად ვიტყვი, რომ ამ სკოლაში რომ არ მევლო, მეეჭვება თუნდაც იმ შედეგებისთვის მიმეღწია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელთა დამსახურებითაც ახლა ამ ინტერვიუს ვწერ. მე-15 სკოლას ჰყავს პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც მუდმივად ცდილობს, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოგავლენინოს და საკუთარი თავისთვის ლიმიტების დადგენაზე ხელი აგაღებინოს. ეს რთულია, არცთუ ყველა მოსწავლისთვის მისაღები და შესაძლებელი, ამიტომაცაა რომ აქ გამორჩეული მოსწავლეები ამთავრებენ მე-12 კლასს და სახელმწიფო დაფინანსებით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა პროცენტული მაჩვენებელიც, ყოველწლიურად, საშუალოზე ბევრად მაღალია.
სერგი: დავამთავრე ქალაქ რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა, სკოლით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, დღევანდელი განათლების სისტემის პირობებში საკმაოდ კარგი ცოდნა მომცა.
საყვარელი მასწავლებელი
ნათია: ერთი გამორჩეულად საყვარელი მასწავლებელი არასდროს მყოლია, ყოველთვის ვცდილობდი, ყველა მათგანში საუკეთესო დამენახა და შემყვარებოდა, რაც საგნის სიყვარულსაც უწყობდა ხელს. თუმცა, ალბათ, მაინც გამოვარჩევდი ისტორიის პედაგოგს — ნონა ჩხეიძეს. ვფიქრობ, სწორედ საკუთარი პროფესიისადმი გამორჩეული, განსაკუთრებული სიყვარულითა და დაუზარებლობით დაიმკვიდრა ეს ადგილი ჩემს წარმოდგენაში. მეხუთე კლასის პირველივე გაკვეთილზე გამიჩინა საოცრად დადებითი დამოკიდებულება ისტორიისადმი — ამისთვის უღრმესი მადლობა მას.
აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და ჩემი განათლებისთვის მიძღვნილი თითოეული დღისთვის მადლობას გადავუხდი ჩემს სკოლას, მასწავლებლებს, დირექტორსა და სასწავლო ნაწილს, მომავალ წარმატებებს ვუსურვებ მათ და, თუკი რამე შემიძლია, დახმარების სურვილსაც გამოვთქვამ.
Cati + ერთიანი ეროვნული გამოცდები
და რეპეტიტორები
ნათია: ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების სისტემა საკმაოდ გამართულია და დანიშნულებასაც კარგად ასრულებს. მართალია, ბარიერი დაბალია და მის გაზრდასთან დაკავშირებით პოლემიკა არ წყდება, თუმცა, ვფიქრობ, სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასაღებად არსებული ბარიერი ნორმალურია და შეცვლას არ საჭიროებს. საატესტატო გამოცდებიდან მხოლოდ 12 საგანში გადავწყვიტე რეპეტიტორებთან მომზადება, დანარჩენები კი დამოუკიდებლად ჩავაბარე და თითქმის ყველა მათგანში უმაღლესი შეფასებაც მივიღე. ასე რომ, მართალია, საატესტატო გამოცდებზე ბარიერის გადალახვა მარტივია, მაღალი ქულის მიღება კი — შედარებით რთული, თუმცა შრომით ყველაფერი მიიღწევა. ჩემი შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია.
დიახ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან ვემზადებოდი, თუმცა ამ პრაქტიკის დიდი მომხრე არ გახლავართ. ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბიოლოგიის მოსამზადებლად რეპეტიტორებს მივმართე, ვერბალური ნაწილი სახლში, დედასთან ერთად მოვამზადე, ინგლისურ ენაში კი მხოლოდ საკუთარ თავს მივენდე და, საბედნიეროდ, იმედი არ გამცრუებია. ამისთვის მადლობა ჩემი სკოლის ყველა პედაგოგს — წლების განმავლობაში სისტემატური შრომის გარეშე, მხოლოდ ერთი წლის მონდომება უმაღლესი შედეგების მისაღწევად საკმარისი ნამდვილად არ არის.
სერგი: საატესტატო გამოცდები არ მოითხოვს ცოდნის მაღალ დონეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სპეციფიკას იცნობდე. საატესტატო გამოცდებისთვის თავად მოვემზადე და კარგი შედეგიც მქონდა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კი რეპეტიტორებთან ვემზადებოდი.
ბარიერის აწევა
ნათია: უკვე წლებია ამ საკითხზე დავობენ და თვალსაჩინო ცვლილებები ჯერაც არ ჩანს. ჩემი და ჩემ ირგვლივ მყოფთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევა აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს, ვინაიდან მოსწავლეს სრული ზოგადი განათლების გარკვეული დონის ჩვენება მოეთხოვება და არსებული ბარიერი ამ სტანდარტს შეესაბამება. ამის საპირისპიროდ, აუცილებელია, უახლოეს მომავალში, შეიცვალოს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა და საგრძნობლად აიწიოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად საჭირო ბარიერი. რაც უნდა მკაცრად ჟღერდეს, უნარების გამოცდის 23/80-ქულიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის 21/80-ქულიანი აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში არ უნდა დადიოდეს იმავე საგნების 70+ ქულიან სტუდენტებთან ერთად, ყველაზე ცოტა — ეს არასამართლიანია, ყველაზე ბევრი — განათლების სისტემა არ მუშაობს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის აწევას სხვა უამრავი ცვლილებაც უნდა მოჰყვეს, მაგალითად, პროფესიული სასწავლებლების შექმნა, რათა საშუალო განათლების მქონე იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ ან არც ჰქონიათ ამის ამბიცია (რაც, სამწუხაროდ, იშვიათია), შეძლონ, პროფესიას დაეუფლონ და ისევე სრულფასოვნად იცხოვრონ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებმა.
სერგი: ჯერჯერობით, საატესტატო გამოცდების ბარიერი იმდენად დაბალია, რომ ალბათ სულ მცირე ცოდნა და იღბალიც საკმარისია იმისათვის, რომ გამოცდა ჩააბარო. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოცდებზე მხოლოდ იღბალი არ ჭრის, საგნობრივი ბარიერი მაინც დაბალია და ამიტომაც მისი გადალახვა მარტივია. ჩემი აზრით, თითოეული საგნის ბარიერმა უნდა აიწიოს, რათა მოსწავლეებმა უფრო მოინდომონ სწავლა და შეეჩვიონ გამოწვევებს. უნივერსიტეტში ჩაბარება და იქ განათლების მიღება არ უნდა იყოს ასეთი მარტივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ისევ ძალიან ბევრი დიპლომიანი უმუშევარი დაუგროვდება.
პროფესიის არჩევანი
ნათია: წინასწარი პირობითი ჩარიცხვით, შემდგომ კი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ჩავაბარე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ — საქართველოს (SდSჲ — გeorgia) ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტზე. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტის შიდა გრანტითა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ვისარგებლებ. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებული პროგრამები მეცნიერებასა და ინჟინერიაში საერთაშორისოდ აკრედიტებულია და შესაბამის სფეროში, ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა. უნივერსიტეტი, ქვეყნიდან გაუსვლელად, ამერიკული განათლებისა და, ქართულთან ერთად, ამერიკული დიპლომის მიღების საშუალებას იძლევა, რაც, დამეთანხმებით, უდიდესი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისათვის. უმეტესად, სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი. რაც შეეხება ფაკულტეტს, ჩემი ოჯახისა და მეგობრების მსგავსად, ჩემთვისაც ცოტა უცნაური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან საბუნებისმეტყველო საგნებისადმი განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ 2 წლის წინ გამიჩნდა. თუმცა, ეს დრო აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ინტერესი გაღვივებულიყო და ჩემი მომავალი პროფესიაც განესაზღვრა. STჶმ განათლება საქართველოსა და მსოფლიოს მომავალი განვითარების საწინდარია, ამიტომ ავირჩიე, გავხდე მეცნიერი და ამ განვითარებაში მცირე წვლილი ამ გზით შევიტანო.
მიუხედავად იმისა, რომ საბუნებისმეტყველო საგნები განსაკუთრებით მიყვარს, მრავალმხრივი ინტერესები მაქვს, რის გამოც არჩევანის შეჩერება სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტზე არც თუ მარტივი აღმოჩნდა. საბოლოოდ, სან დიეგოს უნივერსიტეტმა და ამ წმინდად სამეცნიერო პროგრამამ უნივერსიტეტების ჩამონათვალში მაინც პირველი ადგილი დაიკავა და დღეს ამ ფაკულტეტის პირველკურსელი გახლავართ.
სერგი: ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს საგანი ძალიან მაინტერესებს, თანაც, მეცნიერის ცხოვრება საინტერესო და ამაღელვებელია. დღესდღეობით, მეცნიერება სწრაფად ვითარდება და შესაძლებლობას გვაძლევს, ადამიანის ცხოვრება უკეთესად და უფრო საინტერესოდ ვაქციოთ. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიმართულებებზეა ორიენტირებული, ქიმიის შესასწავლად თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, დაახლოებით, თანაბარი დრო აქვს გამოყოფილი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ სწავლის პროცესი ნაყოფიერი იქნება.
წარმატების ფორმულა
ნათია: მიხეილ ჯავახიშვილს დავესესხები და ვიტყვი, რომ „ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი — შრომა, მეორე — შრომა და მესამე — ისევ შრომა“. აი, ჩემი წარმატების საწინდარი. რა თქმა უნდა, გონებრივი შესაძლებლობები, ოჯახი, სკოლა, თანატოლები — ეს ყველაფერი გავლენას ახდენს, თუმცა, მთავარი მაინც შენ ხარ, შენი ნებისყოფითა და მონდომებით.
ვერ ვიტყვი, რომ ეს შედეგები ჩემთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან პირველივე კლასიდან შრომისმოყვარეობით გამოვირჩეოდი და ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმუმი მეკეთებინა. გამონაკლისი არც აბიტურიენტობის პერიოდი გახლდათ, რომელსაც სამართლიანად ვაფასებ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო წელს ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს წარმატება და მისი თანამდევი უდიდესი სითბო და სიყვარული, რომელსაც გარშემომყოფთაგან ვგრძნობ, დიდი სტიმულის მომცემია. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, თუკი საკუთარ თავს ყოველთვის იმაზე მეტს მოსთხოვ, ვიდრე ფიქრობ, რომ შეგიძლია, შემდეგ კი ეცდები, ამ მიზანს მიაღწიო, აუცილებლად ასეც მოხდება.
სერგი: ამ შედეგისთვის მოტივაცია და შრომაა საჭირო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდის პროცესის დროს მობილიზება. კარგი შედეგის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოცდის შედეგის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომაც, თითოეული ქულის გაგების დროს, გახარებული ვიყავი. ამ შედეგით სწავლის მოტივაცია გაიზარდა და მომავალში მსურს, მაგისტრატურა სხვა ქვეყანაში გავიარო.
რჩევა თანატოლებს
ნათია: ზოგადი რჩევის მიცემა მიჭირს, ვინაიდან, ვფიქრობ, რეპეტიტორებთან მომზადების საჭიროება ინდივიდუალურია. ზოგისთვის დამატებითი მეცადინეობა აუცილებელია კარგი შედეგების მისაღწევად, ზოგს მხოლოდ შრომის სისტემატიზაცია სჭირდება, ზოგი კი, უბრალოდ, ცდილობს, არა მხოლოდ გამოცდებისთვის მოემზადოს, არამედ მაქსიმალური ცოდნა მიიღოს რეპეტიტორისგან. თუმცა, ეროვნული გამოცდების ფორმატიდან და პროგრამებიდან გამომდინარე, გარკვეულ საგნებში, მაგალითად, ზოგად უნარ-ჩვევებში მომზადება საჭიროა, ვინაიდან ამ გამოცდის სისტემა მანამდე სკოლაში მოსწავლეს არსად ხვდება. მაგრამ მაინც — რეპეტიტორთან მისვლის აუცილებლობა ინდივიდუალურია და ყველა აბიტურიენტმა საკუთარი შესაძლებლობებისა და საჭიროებების ადეკვატური შეფასების შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
სერგი: რეპეტიტორებთან მომზადების გარეშეც შეიძლება გამოცდებზე მაღალი შედეგის ჩვენება, თუმცა, ამ შემთხვევაში, მოსწავლე სკოლისგან უნდა იღებდეს შესაბამის ცოდნას, რაც, დღესდღეობით, სასკოლო განათლების გათვალისწინებით, ძალზე იშვიათია. ზოგად უნარებს სკოლაში არ ვსწავლობთ, სასწავლო გეგმა და ეროვნულ გამოცდებზე მოთხოვნა ხშირად აცდენილია ერთმანეთს თითქმის ყველა საგანში, რის გამოც აბიტურიენტი ვერ იღებს შესაბამის ცოდნას, რათა ეროვნულ გამოცდებზე სასურველი ქულები მიიღოს. გარდა ამისა, სკოლის პირობები ხშირად არ იძლევა საშუალებას, რომ თითოეულ მოსწავლეს სათანადო ყურადღება მიექცეს. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, ზუსტად გაითავისონ, რას სთხოვენ ეროვნულ გამოცდებზე და ამის შესაბამისად მოემზადონ.
მათი თვალით დანახული
განათლების სისტემა
ნათია: ჩვენი განათლების სისტემა რომ დახვეწასა და მრავალი რეფორმის გატარებას საჭიროებს, გასაკვირი, ვფიქრობ, არავისთვისაა. ყველაზე უარყოფითად, ალბათ, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს შევაფასებდი. სპორტის და სააქტო დარბაზების, ლაბორატორიების, თუნდაც საკლასო ოთახების კეთილმოწყობის პრობლემა არაერთ სკოლაში დგას დღის წესრიგში. მესმის, რომ ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან ცვლილებებს რომ ვამჩნევდე ამ კუთხით, ამ თემას არც წამოვჭრიდი. ბევრი ნაკლის მიუხედავად, საქართველოს განათლების სისტემას დადებითი მხარეებიც აქვს. ყველაზე დიდ მნიშვნელობას ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებს მივანიჭებდი, ძალზე ორგანიზებულად, საკმაოდ მაღალ დონეზე ტარდება, მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენის მაქსიმალურ შესაძლებლობასაც იძლევა და გარკვეულ სფეროში ცოდნის ამაღლების სტიმულირებასაც საგრძნობლად უწყობს ხელს. მე პირადად მე-9 კლასიდან ვმონაწილეობ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. 4 წლის განმავლობაში არაერთხელ მივსულვარ ფინალურ ეტაპამდე და საუკეთესო ათეულშიც ვყოფილვარ, რამაც, ერთი მხრივ, ჩემი ცოდნის გაზრდის საშუალება მომცა, მეორე მხრივ კი, უდიდეს სტიმულად მომევლინა მომავალი წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ, ეს ასპექტი სასიხარულოა. ვიმედოვნებ, მომავალი უკეთეს ცვლილებებს გვიმზადებს ამ კუთხით და რამდენიმე წლის შემდეგ, საგანმანათლებლო სისტემის დახვეწის პრობლემა ასე მწვავედ აღარ იდგება დღის წესრიგში.
სერგი: ჩვენს განათლების სისტემას, ჯერჯერობით, ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, მასწალებლების „ტრენინგი“ და კომპეტენციის დადასტურების გამოცდები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თითოეული საგნის მასწავლებელი მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, რომ სიახლეები არ გამორჩეს და მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს თავის საგანს. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, პირადად მე, გამოვარჩევდი სასწავლო პროცესის „უინტერესობას“. სკოლების უმეტესობაში ლაბორატორიული გაკვეთილები არ ტარდება, რაც ხელს უშლის მოსწავლეების სამეცნიერო საგნებით დაინტერესებას. გარდა ამისა, უცხო ენის გაკვეთილებზე მოსმენის დავალებაში იშვიათად გვავარჯიშებენ, კლასებში მოსწავლეთა დიდი რაოდენობაა, რაც, საბოლოოდ, მოსწავლეების ცოდნის დონეზეც აისახება. ამ პირობებში თითქმის არც ერთი საგანი არ შეისწავლება სიღრმისეულად (რა თქმა უნდა, რამდენიმე სკოლის გამოკლებით). იმედი მაქვს, ეს პრობლემები მომავალში მოგვარდება და მჯერა, ამ შემთხვევაში, მოსწავლეთა ცოდნის დონე ბევრად გაიზრდება.
პირველი სტუდენტური შთაბეჭდილება
ნათია: სტუდენტობის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ლექტორებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს, ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ბევრი დადებითი შთაბეჭდილებაც მივიღე. ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება და სტუდენტური დღეების უმეტესობა ასევე საინტერესო იქნება.
სერგი: პირველი დღე მომეწონა, სასწავლო გარემო საინტერესო ჩანს და იმედია, მოლოდინი გაამართლებს. ყველაზე მეტად პროფესიული მიმართულების შესწავლას ველოდები.
სამომავლო გეგმები
ნათია: კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვმართავ ჩემს ცხოვრებას ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ამ ეტაპზე, არ მაქვს. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ სწავლას მაგისტრატურაში გავაგრძელებ და ვეცდები, მაქსიმალურად გავიზარდო, როგორც მეცნიერი. პარალელურად, ვფიქრობ, უცხოეთში სწავლის გაგრძელებაზე ვიზრუნო, შემდეგ კი, იქ მიღებული ცოდნა საქართველოში ჩამოვიტანო და ქართული მეცნიერების განვითარებას შევუწყო ხელი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
|