2017-11-09 21-ე საუკუნის ქართული სკოლის მთავარი გამოწვევები
2017 წლის 15 მარტს ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, საქართველოში განათლების ეროვნული სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გასაზრდელად.
ესტონეთის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი დახმარებას გაუწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში — მასწავლებელთა კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებაში, ეროვნულ დონეზე, ბავშვების ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების მაღალ აკადემიურ მოსწრებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს, ესტონეთის პროფესიულ ფონდს „ინოვე“, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და საპილოტე სკოლებს შორის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდება ბაკალავრიატის და სამაგისტრო საფეხურის პროგრამები და დაინერგება საქართველოს უნივერსიტეტებში სკოლამდელი და ზოგადი განათლების მასწავლებლების მოსამზადებლად პროფესიული საქმიანობის წარმატებით დასაწყებად, ასევე, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სწავლების პერიოდშიც; დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებითი კლასებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციებს, სწავლების ახალ მიდგომებს და ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესებში, რაც ამოქმედდა რამდენიმე საპილოტე სკოლაში.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე არაერთი ღონისძიება განხორციელდა. 1 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტად მყოფი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია თბილისის 150-ე საჯარო სკოლას, რომელიც საპილოტე თხუთმეტი სკოლიდან ერთ-ერთია. ესტონეთის პრეზიდენტი გაეცნო სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობას. სკოლის მოსწავლეებსა და პარტნიორ სკოლებს, საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის წახალისების მიზნით, კომპიუტერული ტექნიკა (ლეპტოპები, პროექტორები და ეკრანები) გადასცა. პრეზიდენტი შეხვდა ბავშვებს და ესაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, 21-ე საუკუნის კომპეტენციებზე და ახალგაზრდებს აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
რა მოლოდინი აქვს საქართველოს მხარეს სამწლიანი პროგრამით და რას გულისხმობს პარტნიორობის კონკრეტული ასპექტები, ამის შესახებ გვესაუბრა გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე.
— რა არის თანამშრომლობის მთავარი მიზანი და რა როლს ასრულებს ამ პროექტში იუნისეფი?
— იუნისეფისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისათვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე. თავისთავად, ხარისხით განისაზღვრება, რამდენად კარგი სასწავლო შედეგები აქვს მოსწავლეს, რომელიც სხვადასხვა მახასიათებლებით მიიღწევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია სკოლის დირექტორის კომპეტენციები, ის, როგორც სკოლის ლიდერი, უნდა მართავდეს სკოლას და კარგად გააზრებული ჰქონდეს, რა საგანმანათლებლო სტრატეგიებს ემსახურება და რა მიზანს ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულება. მაღალი ხარისხის მისაღწევად, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის კომპეტენცია, რომ მოსწავლეებში განავითაროს ის უნარები, რასაც მისგან 21-ე საუკუნე მოითხოვს, რაც მას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში დაეხმარება შრომით ბაზარზე, განათლების სხვადასხვა დონეზე და, ზოგადად, ცხოვრებაში.
ამ კომპეტენციების ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს, მცირე სია კი ასეთია: წაკითხულის გააზრება, კარგი ანალიზის უნარი, საჭიროებების დადგენა და შემდეგ რეაგირება, გუნდური მუშაობის პრინციპი, თვითგამოხატვის კარგი უნარები, თვითრეგულაცია, რასაც ხშირად პოზიტიურ დისციპლინას ვეძახით (ადამიანი ადვილად ერკვევა არსებულ სიტუაციაში, შესაბამისად იქცევა, რეაგირებს სხვადასხვა საკითხებზე, არის სრულიად კონსტრუქციული) და ა.შ. ცოდნა ისე უნდა მიეწოდოს ბავშვს, რომ ის უნარები განუვითარდეს, რაც დღეს სჭირდება. ცოდნა და უნარი არ უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული — ცოდნა უნარისთვის და უნარი ცოდნისთვის, ეს ყველაფერი კი ადამიანის პოტენციალის განვითარებისთვის.
— რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით დღეს საქართველოში?
— ძალიან სავალალო. ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები ტარდება, რომელიც აფასებს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას. ამ კვლევებში მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოსწავლეთა მაჩვენებლებით, ბოლო რიგებშია, მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ესტონეთის მოსწავლეები პირველ ადგილზე არიან. ამ შემთხვევაში, იუნისეფის როლია ინოვაციური საგანმანათლებლო პროცესების დანერგვასა და გავრცელებას შეუწყოს ხელი. რეალურად სისტემაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ წარმატებულ მოდელებს არ ჰქონდეს ფრაგმენტული ხასიათი და გაცილებით მეტ სკოლაზე გავრცელდეს, რაც შეიძლება ბევრმა მასწავლებელმა და მოსწავლემ ისარგებლოს წარმატებული პრაქტიკითა და სიახლით. ამ პროცესში ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ანალიზს, მათ შორის წარუმატებელი პრაქტიკების ანალიზსაც, რომ გამოვრიცხოთ იმის კეთება, რაც ზუსტად ვიცით, რომ წარუმატებელია სისტემისთვის, მოსწავლისთვის და ქვეყნისთვის.
ჩვენ შევძელით ესტონელი და ქართველი სპეციალისტების დაკავშირება, რაც ნამდვილად იუნისეფის დამსახურებაა, დავეხმარეთ ორ მხარეს თანამშრომლობაში — ქართული ზოგადი განათლების სისტემის ანალიზსა და ერთობლივი პრიორიტეტების დასახვაში.
დამეთანხმებით, რომ პრიორიტეტები საჭიროებებიდან გამომდინარეობს. ძალიან ბევრი პრიორიტეტია, მაგრამ შევეცადეთ საჭირო მახასიათებლებში გაგვესაზღვრა ის ძირითადი და მნიშვნელოვანი, რომლებმაც შესაძლოა ძალიან მალე გამოიწვიოს ცვლილებები. თანამშრომლობა, რომელიც იუნისეფის საშუალებით საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის შედგა, ითვალისწინებს ორ ძირითად ამოცანას — პირველ რიგში, არსებული ვითარებიდან და სისტემური ხარვეზებიდან გამომდინარე, დავეხმაროთ და ვიმუშაოთ მთავრობასთან და პარტნიორებთან ერთად, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეიქმნას ზოგადი განათლების მასწავლებლებისა და ადრეული და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგების მომზადების საბაკალავრო და სამაგისტრო კურსი.
სკოლამდელი განათლების მიმართულებით ძალიან სავალალო სიტუაციაა. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაკავდეს აღმზრდელ-პედაგოგის რანგში, რაც სრულიად მიუღებელია, იმიტომ, რომ ჩვენი შვილების აღზრდისა და განვითარების ბედს იმ ადამიანებს ვანდობთ, რომლებსაც არ აქვთ სათანადო პროფესიული ცოდნა და უნარები. ეს ძალიან სათუთი საქმეა და, რაც მთავარია, ამ ადამიანებს კომპეტენციები რომ არ აქვთ, მოტივაცისა და ინტერესის ნაკლებობა კი არ არის, ამას მათ სისტემა არ სთხოვს და მეტიც, სისტემაში, უბრალოდ, არ არსებობს არც ახალი კადრების მომზადების და არც არსებულის გადამზადების მექანიზმები. ამიტომაც აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ბაღებში დასაქმებული ადამიანები ბავშვებთან მუშაობენ შესაბამისი ცოდნის და უნარების გარეშე, რასაც, რეალურად, სექტორი სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავს. აქედან გამომდინარე, სკოლამდელი განათლება, რომელსაც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს, თავის მიზანს ვერ ემსახურება. ამიტომაც, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ 2019 წლისთვის, როდესაც დასრულდება ესტონეთი-იუნისეფის პროგრამა საქართველოს მთავრობისთვის, ჩვენს უნივერსიტეტებში (ცხრა უნივერსიტეტში თუ არა, რამდენიმეში მაინც), გვექნება კარგად განვითარებული ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულება და არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს — საახალწლო თუ სამაისო დღესასწაულებით შემოფარგლული. დღევანდელი ბაღი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ადრეული განათლების სისტემა.
პროგრამის ფარგლებში, როგორც უკვე გითხარით, უნივერსიტეტებში ხელს ვუწყობთ მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამის ამუშავებას, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ამასთან დაკავშირებით, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ 9 უნივერსიტეტთან, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან, ბევრი რამ ისწავლონ და შექმნან ამ პროგრამისთვის. მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა ჩვენს უნივერსიტეტებსა და ესტონეთის (ტალინისა და ტარტუს) უნივერსიტეტებს შორის. არაერთი გაცვლითი პროგრამა შედგა, რომლის ფარგლებშიც ქართველ მეცნიერებს და პროფესორებს მიეცათ საშუალება, წასულიყვნენ ტარტუს, ტალინის უნივერსიტეტებში და უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ უმაღლესი განთლების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ესტონეთში კომპეტენტური კადრების მომზადებასა და შედინებას სკოლებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნივერსიტეტების გარდა, საპარტნიორო ქსელში ჩაბმულია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი, რომელიც ამჟამად მუშაობს დარგის მახასიათებლების შექმნაზე ზოგადი განათლებისათვის. ეს არის, ძირითადად, აღწერილობა იმისა, თუ რა სტანდარტებს უნდა ემსახურებოდეს ზოგადი განათლების მასწავლებლის პროფესია. როცა დარგის მახასიათებლები დამტკიცდება, ამის შემდეგ, უნივერსიტეტები შეადგენენ 300-კრედიტიანი კურსის პროგრამას. ესტონელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთ მოდელი, რომელიც სკოლებს წარმატებაზე გაიყვანს.
პროგრამის ფარგლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარები შეფასდება სხვადასხვა საგნებში, ასევე, შეფასდება მასწავლებლის მუშაობაც, პარალელურად ჩაუტარდებათ ტრენინგები. იმის ინდიკატორი — გააუმჯობესა თუ არა მასწავლებელმა მუშაობა, რასაკვირველია, მოსწავლის შედეგი იქნება, ამიტომ გადავწყვიტეთ, 2017 წელს შეფასებული ბავშვები 2019 წელსაც შევაფასოთ. თუ ახლა რომელიმე საგანში ბავშვის შედეგი დამაკმაყოფილებელია, ჩვენი სურვილია, რომ 2019 წელს მისი შედეგები გაცილებით მაღალი იყოს. ამით გავიგებთ, საბოლოო ჯამში, როგორ იმუშავა მოდელმა. საზოგადოების პირველი კითხვაც სწორედ ეს იქნება — რა არის მთავარი მიზანი და მივაღწიეთ თუ არა მას?
— რას ველოდებით პროგრამის დასრულებისთვის?
— ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანია, მოსწავლემ გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენოს. ეს კი, როგორც გითხარით, სხვადასხვა სტრატეგიების საშუალებით მიიღწევა. ძირითადი სტრატეგია კი მასწავლებელთან და დირექტორთან მუშაობაა, ისინი ძალიან კარგად უნდა ფლობდნენ იმ პედაგოგიურ უნარებსა და ცოდნას, რაც უკეთესი გაკვეთილის ჩატარებას სჭირდება, რაც დაეხმარება მოსწავლეს, უკეთესად აითვისოს გაკვეთილი, უფრო მეტად ჩაერთოს პროცესში, უფრო მაღალი ინტერესი გამოიჩინოს და, რაც მთავარია, უკეთესი შედეგი აჩვენოს. იმედია, ამას შევძლებთ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს შეფასების სისტემაზე, რომელიც 2017 და 2019 წლებში ლოკალურად ჩატარდება სკოლებში და რომელიც პროცესების მთავარი ინდიკატორი გახდება. თუკი დავინახავთ რადიკალურ ცვლილებას, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება. ბუნებრივია, თუ კი წარმატება გვექნება, ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა — როგორ გავედით ასეთ შედეგზე? ამიტომ, ეს ყველაფერი კარგად დოკუმენტირებული უნდა გვქონდეს, რათა სამოდელო სკოლების წარმატების მაგალითი, შემდეგ, უფრო ფართოდ დანერგოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
სამოდელო სკოლებში ჳ-ჳვ კლასები იმიტომ ავირჩიეთ, რომ სწორედ დაწყებითი საფეხურის სასწავლო გეგმაა რევიზირებული და დამტკიცებული სამინისტროს მიერ. ახლა მისი იმპლემენტაცია ხდება. თუმცა, წარმატების შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ საფეხურზეც ვიფიქრებთ და სხვა სკოლებში გავრცელებაზეც. თავისთავად, არ უნდა შემოვიფარგლოთ 15 სკოლით. წლების განმავლობაში მართლა დილემა იყო, როგორ დაენერგათ ეფექტურად კლასში სასწავლო გეგმა, ეს სერიოზული კვლევის პროცესია და ორი წელი ნამდვილად გვჭირდება იმისთვის, რომ წარმატებული მოდელი შევქმნათ.
— როგორ აფასებენ ესტონელი კოლეგები პროექტის მიმდინარეობას?
— ესტონელები ძალიან კმაყოფილები არიან, რომ თანამშრომლობა შედგა ქართულ მხარესთან. კმაყოფილების გარდა, საოცარ ვალდებულებასაც გრძნობენ, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება გაუზიარონ ქართველებს, ეს იქნება პრეზიდენტის ჩამოსვლა, ტექნიკური ექსპერტების თუ საელჩოს მონაწილეობა თუ სხვ. მათ დახმარების და უკეთესი შედეგის ნახვის ძალიან დიდი სურვილი აქვთ.
— როგორ პასუხობს ქართული საგანმანათლებლო სისტემა 21-ე საუკუნეს?
— ვერ პასუხობს. ამის მაგალითია ის საერთაშორისო კვლევები, რომელიც ქართველი მოსწავლეების სავალალო შედეგებს აჩვენებს. ეს არ არის მარტო სერთაშორისო კვლევა, თუ არ ვცდები, 2016 წელს ჩატარდა ჳხ-კლასელთა კვლევა მათემატიკაში, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები აჩვენა. მოსწავლეთა 93% ვერ აკმაყოფილებს საშუალო მოლოდინს. განისაზღვრა მახასიათებლების არათანაბარი გადანაწილება სკოლებში, რომელიც დიდ განსხვავებას იძლევა, მაგალითად, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეების შედეგებს შორის, სოფლის სკოლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეებს შორის. ამავე კვლევის თანახმად, ბევრად უკეთ სწავლობენ იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც სერტიფიცირებული მასწავლებლები ასწავლიან. სამწუხარო რეალობაა კვლევის ერთ-ერთი შედეგიც — განათლების სისტემა და მშობელი დამოკიდებულია რეპეტიტორობის სისტემაზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ ევროპულ სკოლებში არსებობს პრაქტიკა, როცა მოსწავლეს სკოლა/მასწავლებელი ეხმარება გაკვეთილის მომზადებაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ ან გაკვეთილებს შორის, რის გამოც, მათ მოსწავლეებს რეალურად გაცილებით მეტი თავისუფალი დრო აქვთ საღამოობით. სკოლა და განათლების სისტემა ამით ამაყობს კიდეც, ამბობენ, რომ მათ მოსწავლეებს მეტი დრო აქვთ გასართობად და, ამავდროულად, კარგ შედეგებზეც გადიან.
თავისთავად, გაკვეთილი მნიშვნელოვანია, მაგრამ სკოლა, როგორც სოციალური ორგანიზმი, ბავშვს ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის საშინაო დავალების დაძლევასა და მომზადებაში. რაც მთავარია, ბავშვისთვის ეს უსასყიდლოა, მაგრამ, რასაკვირველია, მასწავლებელი ამაში დამატებით ანაზღაურებას იღებს. სისტემა გააზრებულად იღებს ამას თავის თავზე და აწყობს ისეთ სასკოლო გარემოს, რომელიც ეხმარება როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს, რომ სწავლის ხარისხი გარანტირებული იყოს. შედეგიც სახეზეა ფინეთის, ესტონეთისა და შვედეთის სკოლების მაგალითზე — იქ ყველა და ყველაფერი ბავშვის ინტერესებზეა მორგებული, ყველაფერი მის საჭიროებას ემსახურება და როცა სისტემა ხედავს, რომ მოსწავლეს დამატებითი დრო სჭირდება საშინაო დავალების მომზადებისთვის, ამას ძალიან ბევრი წარმატებული სკოლა თუ წარმატებული განათლების სისტემა, რეალურად, სკოლის დონეზე წყვეტს. ვფიქრობ, ეს ის პრეცედენტია, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გადმოიღოს, რადგან შეიძლება ეს რეპეტიტორობის მოშლის ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს. წარმატებული განათლების სისტემის მქონე სკოლებში გაკვეთილი მოსწავლის კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას ემსახურება, როგორც ამას სასწავლო გეგმა მოითხოვს და, რასაკვირველია, სასწავლო გეგმა სრულ თანხვედრაშია იმასთან, თუ როგორ აფასებენ ბავშვებს. შესაბამისად, მასწავლებელიც (თუკი ეს ბავშვს სჭირდება) ამ გეგმის შესაბამისად მუშაობს მოსწავლესთან ან გაკვეთილებს შორის ან შემდეგ და ეხმარება დავალების ათვისებაში.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
|