2018-06-14 რაც შენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, იმისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო
რუბრიკის სტუმარია კილის
უნივერსიტეტის დოქტორანტი,
„საერთაშორისო ორგანიზაცია გალის“
დამფუძნებელი
რობერტ წურწუმია
— რობერტ, მოსწავლეობის პერიოდი გალში გაატარე. როგორ გახსენდება ბავშვობა, სკოლა, მასწავლებლები... განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
— მოსწავლეობის პერიოდი ნაწილობრივ გალში გავატარე. მეორე კლასის დამთავრების შემდეგ, ოჯახთან ერთად, მშობლიური გარემოს დატოვება მომიწია. მას შემდეგ, რაც გალში ვითარება შედარებით სტაბილური გახდა, ისევ დავბრუნდით სოფელში — ზემო ბარღებში. ჩვენი სკოლის შენობა უკვე ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო (რადგან რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა იყო განთავსებული). ადგილობრივების ძალისხმევით, სოფლის საავადმყოფოს შენობა კეთილმოეწყო და სასწავლო პროცესი იქ გაგრძელდა. მართალია, ომამდელი ვითარება მაინც ვერ აღდგა (ბუნებრივია, ვერც აღდგებოდა), მაგრამ მოსახლეობაში შიში და დაძაბულობა არ იგრძნობოდა, თითქოსდა ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ცხოვრება, ისევ იმედიან და მომღიმარ სახეებს ვხედავდით. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვითარება, დიდხანს არ გაგრძელებულა. ე.წ. „გალის მოვლენების“ შემდეგ, 1998 წელს, ისევ მოგვიწია მშობლიური კუთხის დატოვება. მაშინ უკვე მეშვიდე კლასი დამთავრებული მქონდა. დევნილობაში ზუგდიდში მოვხვდით, ჩვენმა სკოლამაც დევნილობაში გააგრძელა ფუნქციონირება — ზუგდიდის მესამე საშუალო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში დაგვითმეს საკლასო ოთახები, სადაც გავაგრძელე სწავლა და დავამთავრე სკოლა.
რაც შეეხება მოგონებებს, გამიჭირდება რომელიმე ერთი სიტყვით იმ განცდების გადმოცემა, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. ეს მაინც არაერთგვაროვან განცდებთანაა დაკავშირებული. უმძიმესი მოვლენებით დატვირთული პერიოდიდან, რა თქმა უნდა, სირთულეებთან ერთად, მახსენდება, მართალია ცოტა, მაგრამ ლამაზად მოსაგონარი დაუვიწყარი წუთებიც, როგორც იტყვიან: „რაც არ გკლავს, გაძლიერებს!“
პროფესიული არჩევანი უფრო გვიან, სკოლის დამთავრების შემდეგ გავაკეთე, ასე რომ, პირდაპირი გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე სკოლას არ მოუხდენია, თუმცა, იმ სივრცემ, რომელშიც ვიზრდებოდი და მიწევდა ცხოვრება, ფაქტობრივად, განსაზღვრა ჩემი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბება.
როცა ბავშვობაზე, სკოლაზე ვფიქრობ, პირველი სიტყვა, რაც ამ ყველაფრის აღსაწერად გონებაში ამოტივტივდება, ეს არასტაბილურობაა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს ვერ შევაფასებ, როგორც ნეგატიურს. ალბათ, სწორედ ამ ვითარებაში ცხოვრებამ მასწავლა, რომ იმისთვის, რაც შენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ბოლომდე უნდა დაიხარჯო; სწორედ ამ პერიოდმა დამანახა ადამიანური თავგანწირვის უამრავი მაგალითი, იდეისთვის, ღირებულებებისთვის და ნათელი მომავალისთვის თავგანწირული უამრავი ადამიანი, რამაც ბუნებრივია, ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია. არ შემიძლია არ გავიხსენო, სოფელში — ზემო ბარღებში დაბრუნებული ვხედავდი, თუ როგორ იღვწოდა ყველა (ჰყავდათ თუ არა სასკოლო ასაკის ბავშვები) ახალი სკოლის ასაშენებლად, რომ ჩვენთვის განვითარების საშუალება მოეცათ. ყველა ჩემს პედაგოგს დიდი სითბოთი ვიხსენებ, თითოეული მათგანის ამაგი მახსოვს, ყველას მიმართ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ. არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი მზევინარ გელანტია. ადამიანი, რომელმაც, განსაკუთრებით ომის შემდგომ, ფაქტობრივად, აღადგინა და შეინარჩუნა ზემო ბარღების სკოლა, უხელმძღვანელა მას დევნილობაში და მიუხედავად უფრო პერსპექტიული შემოთავაზებებისა, დარჩა იქ, მშობლიურ სკოლაში, სადაც დღემდე აგრძელებს მუშაობას. მან არა მარტო დევნილობაში შეგვინარჩუნა დევნილობამდელი მშობლიური სივრცე, არამედ შეგვაყვარა ქართული ენა, პოეზია, პროზა... შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით, გვერდში დგომითაა, რომ მხოლოდ უარყოფითი ემოციებით არ ვიხსენებ იმ წლებს.
— სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას ფოთის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე აგრძელებ... რა შეგიძლია გვითხრა ქართულ საუნივერსიტეტო განათლებაზე?
— გამომდინარე იქიდან, რომ უკვე წლებია გერმანიაში ვცხოვრობ და პირდაპირი კავშირი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან არ მაქვს, გამიჭირდება შეკითხვაზე კვალიფიციური პასუხის გაცემა. თუმცა, გარკვეულ პროცესებს ვაკვირდები და რასაც ვხედავ, ის არის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობის ხარისხი სახარბიელო არ არის. ბუნებრივია, დღევანდელი რეალობის შეფასებისას წარსულის დავიწყებაც არ შეიძლება, თუმცა თავად დრო ქმნის განვითარების დინამიკაში გარკვეული შესწორებების შეტანის აუცილებლობას და ვფიქრობ, საამისოდ ვითარება უკვე მომწიფებულია. დროა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იქნება ეს სასკოლო თუ უმაღლესი განათლება, გადაეცეთ მეტი უფლებამოსილება და ამით, რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
— ამჟამად კილის უნივერსიტეტში სწავლობ. რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ?
— გერმანიაში სასწავლებლად წასვლას ერთი კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია, ალბათ, მთლიანობაში, განვითარების პერსპექტივის ძიება იყო მიზეზიც და მიზანიც, უპირატესი, რა თქმა უნდა, განათლების ხარისხი. უპირველესი კომპონენტი, რომელსაც გამოვყოფდი, თავისუფალი სივრცეა, სადაც უფლებასთან ერთად პასუხიმგებლობაც ცალკეულ ინდივიდზე გადმოდის. მაგალითისთვის, როცა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი სტუდენტებს კონკრეტულ თემას უხსნის, ის, უპირველესად, საკუთარ მეცნიერულ მოსაზრებას წარადგენს და არა სამინისტროს მიერ მოწოდებული თემის შინაარსს, ხოლო მისი მეცნიერული მოსაზრების სისწორეს კი დარგის სხვა სპეციალისტები (ამ მოსაზრების გაზიარებით ან კრიტიკით) აკონტროლებენ. პროფესორი თვითონ განსაზღვრავს საგამოცდო შეკითხვებს, მათ რაოდენობას, წონადობას, რა თქმა უნდა, დაწესებული ჩარჩოების ფარგლებში.
ამავე კომპონენტის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია სტუდენტების თავისუფლება. სტუდენტს, რომელიც ამა თუ იმ პროფესიას ეუფლება, არ აქვს წინასწარ განსაზღვრული ვადა, რომელშიც დაასრულებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის შესწავლას. მას შეუძლია თავად განსაზღვროს, რა ვადებში, რა მოცულობით, რომელ საგნებს დაეუფლება, დაესწრება თუ არა ლექციებს, მიიღებს თუ არა დამატებით შეთავაზებულ შესაძლებლობებს თემის სიღრმისეულად შესწავლისთვის. შეეცდება თუ არა ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის გაღრმავებას. მარტივად რომ ვთქვათ, მასზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული უნდა რომ იყოს. თავისუფლების ეს ხარისხი პირდაპირპროპორციულად ზრდის მის პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, შედეგიანობა, მიღებული ცოდნის ხარისხი მაღალია.
რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვლევების წარმოება. ახალი ცოდნის გენერირების გარეშე, ბუნებრივია, ვერ იქნება განვითარება, წინსვლა. ამ კომპონენტშიც მთავარია დამოუკიდებლობის ხარისხი — იქნება ეს საკვლევი თემების არჩევა თუ კვლევების სიღრმე. საამისოდ აუცილებელია ფინანსური რესურსი. ასევე მნიშვნელოვანია დარგობრივი გამომცემლობების როლი განათლების ხარისხის განვითარებაში.
რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ავტონომიურობის ხარისხი აქაც გადამწყვეტი ფაქტორია.
აქვე მინდა შევეხო ერთიანი ეროვნული გამოცდების თემას. თავის დროზე ამ სისტემის დანერგვა მართებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ უზრუნველყოფს სასკოლო განათლების ხარისხის განვითარებას. ეს სისტემა სკოლებს, ფაქტობრივად, უფუნქციოდ ტოვებს. როცა აბიტურიენტს მხოლოდ 3+1 საგნის ჩაბარება უწევს იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, წლების განმავლობაში სკოლაში მიღებული განათლება არავითარ დატვირთვას აღარ ატარებს. ხოლო, რაც შეეხება ბიბილიოთეკის როლს — სამეცნიერო კვლევებით გენერირებული ცოდნის ხელმისაწვდომობა თუ გარანტირებული არ არის, ეს დაკარგული ცოდნაა.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე აღებული განათლების სისტემის ბუნებრივი განვითარება, სხვა ეკონომიკური პროცესებისგან დამოუკიდებლად, ალბათ, შეუძლებელია. ამიტომაც უკეთესი მომავლის შექმნას ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.
— საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
— დასაქმება ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რისთვისაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლებაც. იმედი მაქვს, საზღვარგარეთ მიღებული განათლება, გადამწყვეტს თუ არა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
— გერმანიაში, შენი ინიციატივით, დაფუძნდა „საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“. რა არის ორგანიზაციის მთავარი მიზანი?
— ორგანიზაციის მთავარი მიზანია გალის სამშვიდობო რესურსის წარმოჩენა, რომლის გამოყენებასაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებაში. ჩვენი საქმიანობა გალის ისტორიულ შუამავლურ როლზე დაყრდნობით, პირობითად, შეიძლება სამ ძირითად მიმართულებად დაიყოს: პირველი, ეს არის პრობლემებიდან გამოსავლის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობას გულისხმობს; მეორე — ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელთა განხორციელებას კონკრეტული პროექტების სახით ვაპირებთ და მესამე ის პროექტებია, რომლებიც განვითარებისკენაა მიმართული. იგულისხმება როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა, ასევე განათლების ხარისხის ამაღლება.
— ორგანიზაციაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები შედიან. ვინ არიან ისინი?
— ისინი არიან ადამიანები, რომელთაც, უპირველესად, გათავისებული აქვთ მშვიდობის ფასი, ასევე კარგად აცნობიერებენ, რომ მიუხედავად ტერიტორიული ბმისა, მოვლენათა ძალადობრივი განვითარება (დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს), თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. ისინი აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ყველას გვაკისრია, როგორც მსოფლიო საზოგადოების წევრებს.
— რა მიმართულების და შინაარსის პროექტების განხორციელებას გეგმავს „საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“, ვინ არიან თქვენი პარტნიორები, დონორები და ვინ ჩაერთვება ამ პროექტების განხორციელებაში?
— ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ პროექტების განხორციელებას, მაგრამ პროექტების შემუშევების ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ცალკეულ მათგანზე საჯაროდ საუბარი, თუმცა, პროექტების განხორციელების დასკვნით ეტაპზე ინფორმაციას გავასაჯაროებთ, მათ შორის, პროექტის დონორებთან და პარტნიორებთან დაკავშირებითაც.
— როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას?
— ჩემი მიზანი ისევ სამშობლოში დაბრუნება და საკუთარ, ბავშვობისდროინდელ სახლ-კარში ცხოვრებაა, ოღონდ, დასახული მიზნების მიღწევის შემდეგ.
გალი მშვიდობის ძალაა!
ესაუბრა მაკა ყიფიანი
|