2018-06-21 უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო გადაუდებელ და კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქცია ლალი თვალაბეიშვილი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“. აღნიშნული სახელმძღვანელო სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქციას წარმოადგენს, მისი მიზანია შესაბამისი დროული და ეფექტური რეაგირება და უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა.
„უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ მოცემულია, სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს, სკოლის დირექტორებისათვის და მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის მოქმედების პროცედურები და რეკომენდაციები — რომელ სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციის ძალებით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება ან/და სცდება მათ კომპეტენციას.
სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობა და მათ შორის სწორი კოორდინაცია ხელს შეუწყობს პრობლემით გამოწვეული ზიანის შემცირებას. „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ სიტუაციები დონეებადაა დაყოფილი, საფრთხის, ხარისხისა და მათზე რეაგირების მიხედვით. საფრთხის დონეებად დაყოფა უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ორიენტაციას, სწრაფ რეაგირებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ეფექტურ დაგეგმვას.
საფრთხის სამი დონეა გამოყოფილი:
საფრთხის I დონე — საფრთხის მაღალი დონე, რომელზე რეაგირებისთვისაც აუცილებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამართალდამცავი ან/და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების ჩართვა.
საფრთხის II დონე — საფრთხის საშუალო დონე, რომელზე რეაგირებისთვისაც აუცილებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა სტრუქტურული ერთეულების ჩართვა.
საფრთხის III დონე — საფრთხის დაბალი დონე, რომელზეც რეაგირებს სკოლის ადმინისტრაცია.
სამივე დონეზე განხილულია ყველა შესაძლო საფრთხე, რომელსაც ახლავს ერთგვარი ინსტრუქცია, როგორი უნდა იყოს პირველი რეაქცია და შემდგომი ღონისძიებები, რაც სკოლის დირექციას და პედაგოგებს სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და ადეკვატური ზომების გატარებაში დაეხმარება.
სახელმძღვანელოში მოცემულია, ასევე, ტერმინთა განმარტება, მაგალითად: კიბერბულინგი, ეპიდემიური აფეთქება, ვანდალიზმი, პირადი გასინჯვა, საგანგებო შტაბი და სხვ. დეტალურადაა განხილული, თუ რა მიიჩნევა ძალადობად.
ძალადობად მიიჩნევა:
ფიზიკური ძალადობა — ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის ბავშვის ფიზიკური დასჯისკენ მიმართული, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ფსიქოლოგიური (ემოციური) ძალადობა — შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის ნებისმიერი პირისგან ბავშვზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც იწვევს ბავშვის ძლიერ ემოციურ სტრესს, პატივისა და ღირსების შელახვას ან დაშინებას.
სექსუალური ძალადობა — ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით, ასევე, სრულწლოვანის მიერ, წინასწარი შეცნობით, 16 წლამდე ბავშვთან ძალადობის გარეშე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან/და გარყვნილი ქმედება ბავშვის მიმართ.
უგულებელყოფა — მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწევდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
ეკონომიკური ძალადობა — ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
შეუძლებელია, „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ სკოლებში კრიზისული სიტუაციების ყველა შემთხვევა აისახოს, შესაბამისად, ინსტრუქციები წარმოადგენს სხვადასხვა სიტუაციებისას, პირველადი მოქმედებების ძირითად პრინციპებს.
უსაფრთხო სკოლის შექმნა ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესია. ალბათ, ძნელია გარკვეულ ეტაპზე ითქვას, რომ უსაფრთხო სასკოლო გარემო შეიქმნა და პროცესი დასრულებულია. სკოლა მუდმივად უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთათვის ისეთი სასკოლო გარემოს შექმნაზე, რომელიც არ იქნება ტოლერანტული ბულინგის ან ფიზიკური დაპირისპირების მიმართ, ამავე დროს, სკოლამ უნდა შეძლოს ბავშვთა შრომის, ადრეული ქორწინების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური საჭიროებების მიმართ თემის დამოკიდებულების შეცვლა, მისი ცნობიერების ამაღლება. ამაში სასწავლო დაწესებულებებს ბევრად დაეხმარება „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“, რომელიც ძალადობისაგან თავისუფალი სასკოლო გარემოს განვითარებასა და თითოეული ბავშვის უსაფრთხოების დაცვას მოემსახურება.
|