2018-09-13 ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოსაპოვებლად
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტების ვინაობა 5 სექტემბერს გახდა ცნობილი. ჟიურიმ გამოავლინა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, ქვეყნის პირველი მასწავლებლის წოდებას მიიღებს. გამარჯვებული მართალია ერთი იქნება, მაგრამ მათ ყველას უპირობოდ უმთავრესი რამ აერთიანებთ — მაღალი პროფესიონალიზმი, სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიის სიყვარული, რომელიც მასწავლებლობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ხუთეულის წარდგენას დიდი მღელვარებით ელოდა მასწავლებელთა კორპუსი, საზოგადოება, რომელიც თვალს ადევნებდა ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენის პროცესს და განსაკუთრებით ჯილდოს ათეული. ეროვნული ჯილდოს ადმინისტრაციამ ფინალისტების ვინაობა ვიდეორგოლით, პროფესიონალიზმით გამორჩეულმა ცნობადმა საახეებმა და დარგის სპეციალისტებმა წარადგინეს.
ელისო აბრამიშვილი, საჩხერის ¹2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ასე წარადგინა: „მასწავლებელი, რომელმაც უკვე არაერთგზის გამოავლინა თავი, როგორც გამორჩეულმა პედაგოგმა და პიროვნებამ საკუთარ კოლეგებში და მშობლებში. ინდივიდუალური მიდგომით, პრაქტიკული სწავლებით იგი ახერხებს აუმაღლოს მოსწავლეებს მოტივაცია და საუკეთესო შედეგებზე გაიყვანოს ისინი. აღსანიშნავია, რომ საკუთარი საქმიანობით მას წვლილი შეაქვს არა მხოლოდ საგნის, არამედ ზოგადად სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში.“
ჯაბა ლაბაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მთამსვლელმა ბიძინა გუჯაბიძემ დაასახელა: „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის კონკურსანტების გამოცხადებაში. მასწავლებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ცხოვრებაში, მშობლის შემდეგ. საუკეთესო ხუთეულის წევრია მასწავლებელი, რომელსაც სწავლების გამორჩეული, შეიძლება ითქვას, უნიკალური მეთოდი აქვს, მოსწავლეებს ეხმარება მრავალმხრივი უნარების განვითარებაში. რაც მთავარია, ბავშვებს ასწავლის რას ნიშნავს გიყვარდეს შენი ქვეყანა და ამას საქმით აკეთებდე, იმავდროულად, კრიტიკულად იაზრებდე მის წარსულსა და აწმყოს.“
ლელა კოტორაშვილი, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — პოეტმა რატი ამაღლობელმა ამ მასწავლებლის განსაკუთრებულობა ადამიანობისა და ზნეობის ლიტერატურის სიყვარულით სწავლებას დაუკავშირა: „მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ხუთეულის წევრი. წარმოგიდგენთ მასწავლებელს, რომელსაც ძალიან საინტერესო სამასწავლებლო ისტორია აქვს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მან პედაგოგობა სოფლის სკოლაში დაიწყო და დიდი საქმეებიც აკეთა. შედეგად, დღეს უკვე საკუთარ მიდგომებს ავითარებს და საკუთარი პიროვნული მაგალითით დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. რაც მთავარია, წიგნისა და ლიტერატურის სიყვარულით ადამიანობასა და აზროვნებას ასწავლის.“
დაჩი ნანობაშვილი, თბილისის ქართულ-ამერიკული განათლების ცენტრის, სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი მსახიობმა ნინო კასრაძემ ასე წარადგინა: „წარმოგიდგენთ მასწავლებელს, რომელიც ძალიან ადრე შეუერთდა ამ პროფესიას, 17 წლის ასაკიდან. დღეს მისი, როგორც მასწავლებლის, გავლენა სცილდება უკვე ერთ სკოლას და უამრავ მოსწავლეს მოიცავს. ამ პედაგოგს მიაჩნია, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას და რომ მასწავლებლის მოვალეობაა გააღვივოს ინიციატივა და მოტივაცია მოსწავლეში. სწორედ ამიტომ არ აყოვნებს შედეგი და მისი მოსწავლეები აღწევენ წარმატებას.“
მანანა კაპეტივაძე, ქალაქ ბაღდათის ¹2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი — ამ ფინალისტ პედაგოგს კი წილად ხვდა რომ მისი ვინაობა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას დაესახელებინა: „მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ საუკეთესო ხუთეულის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გამოირჩევა სწავლების პროცესში შემოქმედებითი მიდგომით და მისთვის შეუძლებელი არაფერია. მისი აზრით, მასწავლებლის მთავარი ფუნქცია არა მხოლოდ საგნის სწავლება, არამედ მოსწავლეებში ღირებულებების ჩამოყალიბებაა. სწავლებისას იგი ქმნის თავისუფალ და სახალისო გარემოს და ეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ განსაკუთრებულ შედეგებს.“
ლალი ჯელაძე
|