2018-09-20 განათლების სისტემის კომპლექსური მოდერნიზაცია საქართველოს მთავრობამ, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დამსწრე საზოგადოებას იმ სიახლეებზე ესაუბრნენ, რაც ახალი რეფორმის ფარგლებში იგეგმება და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, განათლების ყველა მიმართულება ერთიან სისტემაში, კომპლექსურად და სინქრონიზებულად ვითარდებოდეს.
აღინიშნა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას — ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვ. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე განათლებული საქართველო, განათლების სისტემის მოდერნიზაციაა. სწორედ ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და ამოქმედებაა მთავარი წინაპირობა, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. „ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, ეს დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციურია. გპირდებით, ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს.“
პრემიერმა თქვა, რომ 2018-23 წლების 5-წლიან ციკლში ის ძირითადი ბირთვი დაინერგება, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს ევროპული განათლების სისტემასთან. ხოლო 2019 წლის შემოდგომაზე კი მომზადდება საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა — სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს, მინიმუმ, 10-11%-იანი წილი ჰქონდეს. „21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც, სწორედ ეს გახლავთ, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს საქართველოში ისეთი ადამიანური კაპიტალის და ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს.
ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად ვიწყებთ რესურსების მობილიზებას. ამ რესურსებს მოგვაწოდებს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს განათლების რეფორმაში მონაწილეობის მზაობას. ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა გვაქვს, ბევრი მათგანი დღევანდელ შეხვედრასაც ესწრება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.“
ახალი რეფორმა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას განათლების ხუთი მიმართულებით — სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება — და განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ხუთივე მიმართულებაზე დეტალურად ისაუბრეს.
ითქვა, რომ სკოლამდელი განათლება პიროვნული განვითარების ფუნდამენტია და სწორედ ამიტომ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც განათლების შემდგომ საფეხურებზე მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება, მნიშვნელოვანია. განათლების სისტემის განვითარება სკოლამდელი განათლებით უნდა დაიწყოს.
სკოლამდელი განათლების რეფორმა, სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალ სასწავლო პროგრამებს, გადამზადებულ პედაგოგებს, განათლების სტანდარტის დანერგვას ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისთვის და მათი ინფორმირებულობის ზრდას სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებზე.
სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო გამოცდილება და ბევრი კვლევა აჩვენებს, სწორედ სკოლამდელ განათლებაში ეყრება საფუძველი მომავალში ბავშვის განათლების წარმატებას. თუ არ გვექნა კარგად განვითარებული, სწორი სისტემით მომზადებული პედაგოგებით აღჭურვილი განათლების სისტემა ამ საფეხურზე, შეუძლებელია, შემდეგ ეტაპებზე ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ იყოს. ამიტომ უდიდესი ყურადღება, რეფორმის მიმდინარეობისას, მიექცევა სწორედ სკოლამდელ განათლებას. „ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ეტაპები, წლების მიხედვით, როგორ განხორციელდება სკოლამდელი განათლების რეფორმირება. 2022 წელს უნდა მივიღოთ, ფაქტობრივად, 100% დაფარვა არა მარტო დედაქალაქის, არამედ რეგიონებისაც.“ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გვექნება საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო სტანდარტები და გვეყოლება ამ სტანდარტებით გადამზადებული პედაგოგები. სკოლამდელ საფეხურზე სათანადოდ მომზადებული ბავშვები კი შემდგომ, უკვე სკოლის ეტაპზე, გაცილებით წარმატებით გააგრძელებენ სწავლას.
რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე. 2019 წელს დაიწყება 50 სკოლით და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ეტაპობრივად დაინერგება სწავლის ახალი მოდელი, 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში მოდელი სრულად იქნება დანერგილი. „ჩვენ არ გვსურს საქართველოში ვიხილოთ რამდენიმე პრესტიჟული ან რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა, საქართველოში ყველა სკოლა უმაღლესი სტანდარტის უნდა იყოს. რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან, ქართულ პედაგოგიურ და სამეცნიერო გამოცდილებასთან.“ — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
განათლების რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეციალური მასწავლებლებიც. 2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი — 2000 ლარს და მეტს.
ძლიერ, თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართვის ახალი მოდელით მართავს სკოლას. სკოლებში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები. ამასთანავე, სკოლებს მიეცემა თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების ნაწილში.
სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარება ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმის მთავარი ამოცანაა. მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემასთან ერთად, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითობის, იმ უნარ-ჩვევების განვითარებაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათ მუდმივ ცვალებად და სწრაფად განვითარებად სამყაროში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. ძლიერი, თანამედროვე სკოლა, ამავე დროს, ახალ ტექნოლოგიებს უნდა ეფუძნებოდეს და, შეძლებისდაგვარად, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს.
მოსწავლის პიროვნული განვითარება, როგორც სკოლის მთავარი საზრუნავი, გააზრებული სწავლა-სწავლების კულტურა, ინკლუზიურობა, ეროვნული და კულტურული ფასეულობები, ინოვაცია და ტექნოლოგიები, როგორც ცოდნის შეძენისა და გაზიარების ინსტრუმენტი, უპირობო პოზიტიური და უსაფრთხო გარემო — ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებსაც ახალი სკოლის მოდელი დაეფუძნება.
მინისტრის განმარტებით, სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს — სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება.
პროფესიული განათლების მიმართულებით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული, სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლაა, რაც მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახდება მხოლოდ კერძო სექტორის მონაწილეობით და სამუშაო რესურსების მოთხოვნა-მიწოდების მაქსიმალური უზრუნველყოფით.
იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, იგი განხორციელდება ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით. მისი პირველი ეტაპი, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას კიდევ 13 მუნიციპალიტეტში.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება განათლების რეფორმაში. „ის ორიენტირებული იქნება რეგიონული განვითარების საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ უმოკლეს პერიოდში, გავზარდოთ სტუდენტების რაოდენობა რეგიონებში და განვავითაროთ პროფესიული განვითარების ცენტრები“.
პროფესიული განათლების რეფორმა, 2019-2022 წლებში, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია. შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, დაიგეგმება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, ასევე, სპეციალური პროგრამების შემუშავება უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სასწავლო პლატფორმა.
რეფორმის პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას. რეფორმის ამავე ეტაპზე უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება გადავა ახალ მოდელზე. მეორე ეტაპი 2020-2023 წლისთვის განხორციელდება, რა დროსაც დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა მდგრადი განვითარების მთავარი პრიორიტეტი მეცნიერებაა. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრასა და მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ხელშეწყობასა და მათი ჩართულობის სტიმულირებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.
რეფორმის პირველ ეტაპზე დაგეგმილია მიზნობრივი დაფინანსება, მაღალი სტანდარტის საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციების მხარდასაჭერად, ასევე, მეცნიერების საერთაშორისო მობილობის პროგრამაში აქტიურად ჩართვა.
რეფორმის მეორე ეტაპი მოიცავს ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებში გაწევრიანებას, როგორებიცაა: Academia Europea, EU Joint Research Center, COST, H2020/Horizon Europe, Japan JNR/COMET, CERN/ATLAS/CMS და შესაბამისად, ამ პროექტებში ჩართულ ქართველ მეცნიერთა რაოდენობის ზრდას. ამასთან, შეიქმნება მეცნიერების თანამედროვე ელექტრონული სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ სფეროს განვითარებას.
***
იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეფორმატორთა შემართება თითქოს იძლევა იმის იმედს, რომ გაცხადებული სიახლეები რეალურად ამუშავდება, თუმცა, მარტო ჩვენი გაზეთის არსებობის პირობებში, უკვე 4-5 რეფორმა გვახსოვს, საკმაოდ ხმაურიანად და იმედისმომცემად დაწყებული და მალე განელებული. ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლების სისტემის რეფორმაში იმდენი თანხა ჩაიდო (როგორც საბიუჯეტო, ასევე უცხოური ინვესტიციები), ეს რესურსი მიზნობრივად რომ დახარჯულიყო, ახალი რეფორმის საჭიროებაც დიდი ხნის მოხსნილი იქნებოდა. იმედია, ახალი ტალღა შედეგიანი იქნება და 2022 წლისთვის დასახული შედეგიც — მიღწეული.
მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული შედეგების და დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინება. რეფორმის ყოველი ახალი ტალღა ველოსიპედის ხელახლა გამოგონებით არ უნდა იწყებოდეს.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ იყალთოს აკადემიაში რეფორმის წარდგენას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან თითქმის ათასწლეულის წინ ის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს კვლევით-სასწავლო ცენტრს წარმოადგენდა. იქნებ იყალთოში დაწყებული რეფორმით საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებულ უცხოურ განათლების სისტემათა ჩამონათვალშიც კი დაიმკვიდროს ადგილი, ამას დრო გვიჩვენებს.
ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ განათლების ექსპერტების, პედაგოგების, დირექტორებისა და საზოგადოების იმ წარმომადგენელთა მოსაზრებებს, ვინც უშუალოდ ჩართულია ან ყურადღებით ადევნებს თვალს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა
|