გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
განათლების კერები მესხეთში

მესხეთი საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამ კუთხის კულტურულ დაწინაურებას ადრეული პერიოდიდანვე ასაბუთებს მდიდარი არქეოლოგიური მასალა, წერილობითი და ისტორიული ძეგლები. განათლებისა და კულტურის განვითარებას ხელი შეუწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. რასაც მოჰყვა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომლებიც იმთავითვე ჩამოყალიბდნენ საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად. ასეთი ცენტრები მრავლად იყო მესხეთში — შუა საუკუნეებში 13 საეპისკოპოსო კათედრალი მოქმედებდა. მესხეთში შეიქმნა მთელ ქვეყანაში მომქმედი ბექა-აღბუღას სამართალი „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე“, აქვე იყო ბეშქენ და ბექა ოპიზრების მიერ დაარსებული ოპიზის სამხატვრო სკოლა, რაც უმთავრესია, აქ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“... ისტორიულად მესხეთი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. თუმცა, იყო დრო, როდესაც ეს კუთხე მთლიანად ჩამოაშორეს საქართველოს და მხოლოდ მისი ერთი ნაწილის დაბრუნება გახდა შესაძლებლი.
XIX საუკუნის I ნახევარში — 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით, მესხეთის ერთი ნაწილი — სამცხე-ჯავახეთი განთავისუფლდა თურქთა ბატონობისაგან, შეუერთდა საქართველოს და, იმავდროულად, აღმოჩნდა მეორე დამპყრობლის — რუსეთის ხელში, რომელმაც იმთავითვე დაიწყო რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელება. რეალური საფრთხე შეექმნა ყოველივე ეროვნულს, ქართულს. მეფის რუსიფიკატორული პოლიტიკის უმთავრეს მიზანს ადგილობრივ მცხოვრებთა გადაგვარება-გარუსება შეადგენდა სხვა არარუსი ხალხის მსგავსად, მათი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული დაბეჩავება, რათა მუდმივ მორჩილებაში ჰყოლოდათ. აქედან გამომდინარე ეპოქის უპირველეს მოთხოვნად იქცა მოსახლეობაში განათლების შეტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქთა მრავალწლიანმა ბატონობამ ზოგადად განათლების სფეროში შექმნა მძიმე ვითარება. აუცილებელი გახდა განსაკუთრებით ქალთა განათლება. ტრადიციულად, ქართულ ოჯახში ქალი ძირითად აღმზრდელად და ეროვნული ტრადიციების დამცველად იყო მიჩნეული. საქართველოს სხვა კუთხეებისაგან განსხვავებით, აქაური ხალხი განსაკუთრებით ერიდებოდა გოგონების სკოლაში გაგზავნას ვაჟების გვერდით და ისიც მამაკაც მასწავლებელთან მეცადინეობას — აშკარად ჩანს მაჰმადიანური თურქეთის გავლენა.
მესხები, კათოლიკე გოგონები უმეტესად მოხუცებულ დედაკაცებთან სწავლობდნენ ქართულ ლოცვებს და შემდგომ — შემოკლებულ და ვრცელ საქრისტიანო მოძღვრებას ხელნაწერი წიგნებით. მასწავლებელ დედაკაცებს „ოსტატებს“ ეძახდნენ. ხელნაწერთა წიგნების სწავლების შემდეგ ოსტატები ბეჭდურის კითხვას ასწავლიდნენ. დაბეჭდილ წიგნთა შორის, ხმარებაში რომში გამოცემული საღმრთო წერილის წიგნები ჰქონდათ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ქალთა განათლების ერთ-ერთ ფორმად ე. წ. საშინაო-საოჯახო სკოლები იქცა, სადაც მხოლოდ წერა-კითხვის სწავლებით არ შემოიფარგლებოდნენ. ასწავლიდნენ: ანგარიშს, ლოცვებს, ეტიკეტს, ე.ი. საზოგადოებაში ქცევის წესებს და, რაც მთავარია, ქალის ხელსაქმეს: ჭრა-კერვას, ქარგვას, ქსოვას და ა.შ., საშინაო სკოლების მიზანი გლეხთა და ხელოსანთა ოჯახებიდან გამოსული გოგონებისათვის ელემენტარული განათლების მიცემა იყო. XIX საუკუნის I ნახევრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე ასეთი სკოლა ფუნქციონირებდა, რომელთაც იმ დროის შესაფერისად განათლებული ქალბატონები უძღვებოდნენ. სწავლის ქირას ნატურით ანაზღაურებდნენ.
ერთ-ერთ ასეთი საოჯახო სკოლას ჯავახეთის უძველეს სოფელ ხიზაბავრაში (ასპინძის რაიონი) უძღვებოდა თერეზინა ხუციშვილი, ხიზაბავრის მკვიდრი, „მესხ ჰუტენბერგად“ წოდებული ქართველი კათოლიკე მღვდლის — იოსებ ხუციშვილის და. იოსებმა დამოუკიდებლად დააფუძნა სტამბა ჯერ სოფელ ხიზაბავრაში 1836 წელს, შემდეგ ქალაქ ახალციხეში გადაიტანა. მისი სტამბა 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა (1836-1846 წლებში) და რამდენიმე ათეული სხვადასხვა სახის წიგნი დაიბეჭდა. მათ შორის: ლოცვის წიგნები, ლექსების კრებული და ა.შ. იმ დროისათვის ეს ერთადერთი ქართული სტამბა იყო საქართველოში. იქ დაბეჭდილმა წიგნებმა უდიდესი საგანმანათლებლო მისია შეასრულა წიგნსმოკლებულ სამცხე-ჯავახეთში. სასტამბო საქმიანობაში და წიგნების გამშვენიერებაში (გაფორმებაში) იოსებ მღვდელს დახმარებას უწევდა მისი და — თერეზინა. ხატავდა თავისუფლად დატოვებულ ფურცლებს და აშიებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იოსებ ხუციშვილს, თავის სახლში, გახსნილი ჰქონდა ორი სასწავლებელი: „სავაჟებო“ და „საქალებო“. „საქალებო“ სასწავლებელს ე.ი. გოგონების განათლებას უძღვებოდა თერეზინა. და-ძმა ხუციშვილები სახელმძღვანელოებად თავიანთ სტამბაში დაბეჭდილ წიგნებსაც იყენებდნენ. გადმოცემით, თერეზინა გოგონებს, ძირითადად, წერა-კითხვას, ლოცვებსა და ქალის ხელსაქმეს ასწავლიდა. ამდენად, მისი საოჯახო სკოლის მიზანი იყო გოგონების, როგორც მომავალი დედებისა და აღმზრდელების, მომზადება ცხოვრებისათვის.
სამცხე-ჯავახეთში ქალთა განათლების ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა ვალეში არსებული საოჯახო სკოლა. ამ სკოლის დამაარსებელი იყო მარიამ გასპარის ასული ბაღდოშვილი, ცნობილი საზოგადო მოღვაწის — მესხი განმანათლებლის ივანე გვარამაძის („ვინმე მესხის“) დედა. გარდა ზეპირი გადმოცემებისა, ცნობები მარიამ ბაღდოშვილის საშინაო სკოლის შესახებ სწორედ მან შემოგვინახა ავტობიოგრაფიულ ნაშრომში.
ივანე გვარამაძე დედისა და მისი სასწავლებლის შესახებ წერდა: „სოფელ ვალეში თავისი სასწავლებელი ჰქონია, სადაც სოფლის ახალგაზრდა ქალები დაიარებოდნენ როგორც ქართველები, ისე მაჰმადიანები სასწავლებლად როგორც წერა-კითხვის, ისე ჭრა-კერვისა და ქსოვა-ქარგვისა, რისთვისაც მასწავლებელ ქალს მარიამს დიდათ პატივს სცემდნენ ხოლმე საწუთრო სანოვაგებით და ძღვენებითა.“
ვალეში არსებული საოჯახო სკოლისათვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მარიამი ასწავლიდა როგორც ქართველ (მართლმადიდებელ და კათოლიკე), ისე მაჰმადიან გოგონებს. იმ პერიოდში, ვალეში, ქართველობა სარწმუნოებრივად სამ ნაწილად იყო გათიშული. ამდენად, მისი სკოლა არა მარტო საგანმანათლებლო მისიას ასრულებდა, არამედ ეროვნულ-პოლიტიკურსაც. ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნის ქვეშ სხვადასხვა სარწმუნოების მქონე გოგონების გაერთიანებას, მათში ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, სოფელ უდეში, საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ანა თომას ასული ბალახაშვილი — ამ სოფელში სკოლის გახსნამდეც (1882წ.) და შემდგომ პერიოდშიც, — ათწლეულების მანძილზე, უფასოდ ემსახურებოდა გოგონების აღზრდის საქმეს. წერა-კითხვასთან ერთად ხელ-საქმეს ასწავლიდა. ამდენად, ის იყო ე.წ. „ოსტატი“ — სოფელ უდის ერთ-ერთი პირველი განმანათლებელი. ანა ბალახაშვილი 1919 წელს, 75 წლის ასაკში, თანასოფლელებთან ერთად, სასტიკი წამებით მოკლეს იქ შეჭრილმა თურქებმა.
XIX საუკუნის II ნახევარში, საქართველოში, და შესაბამისად სამცხე-ჯავახეთში განათლების სფეროში მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა, რაც მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში, საქართველოში, რადიკალურად შეიცვალა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ფორმა — უშუალოდ ბრძოლის ველიდან პირდაპირ კულტურისა და განათლების სფეროში გადაინაცვლა. ამ ბრძოლის მესვეური — ქართველი ინტელიგენცია დარწმუნდა იმაში, რომ XIX საუკუნის I ნახევრის განმავლობაში, რუსიფიკატორული პოლიტიკის წყალობით, ქართველ ხალხში შეირყა და თანდათანობით დაქვეითების გზას დაადგა ეროვნული ცნობიერება. აქედან გამომდინარე, უპირველეს ამოცანად იქცა ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება, რაც ხალხის განათლებისა და ქართული კულტურის დაწინაურების გზით უნდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომ, ამ მისიის განსახორციელებლად, ქართველმა ინტელიგენციამ დაიწყო საქველმოქმედო საზოგადოებების ჩამოყალიბება, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სახალხო-დაწყებითი სკოლების დაფუძნება იყო.
XIX საუკუნის II ნახევრის სამცხე-ჯავახეთში, სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოების მეშვეობით, ვაჟებისათვის განკუთვნილი ათობით სკოლა იქნა დაფუძნებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმავდროულად, ადგილი ჰქონდა ე.წ. შერეული სკოლების დაფუძნების მცდელობას და მათთან ქალთა საპროფესიონალო განყოფილებების გახსნას. აღნიშნულის დასაბუთებას წარმოადგენს სოფელ ხიზაბავრის მაგალითი. ამ სოფელში, 1881 წლის 21 ნოემბერს, სოფლის მღვდლის ივანე გვარამაძისა და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხელშეწყობით, გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა ვაჟებისათვის. როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, სულ მალე, ივანე გვარამაძეს განუზრახავს ქალებისათვის ცალკე სკოლის გახსნაც. აღნიშნულის შესახებ ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: „1883 წელს დიდს სიხარულ მწერს, რომ იქნება ხიზაბავრაში ქალების სკოლაც გაგვეხსნა. რადგანაც ჩვენი სოფლის მასწავლებელი ცოლს ირთავს და გვპირდება, რომ ჩემი მეუღლეც ქალებს მიიღებს სკოლაში და ასწავლისო.“ უნდა აღინიშნოს, რომ ივანე გვარამაძის განზრახვა იმ ხანად ვერ განხორციელდა მრავალი ხელშემშლელი მიზეზის გამო. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვკითხულობთ: ხალხმა მთავრობას მიმართა სკოლის გაორკლასიანებისა და ქალთა განყოფილების დამატების თხოვნით. მთავრობამ ხალხის თხოვნა შეიწყნარა. 1904 წელს ხიზაბავრის ადგილობრივი ერთკლასიანი სკოლა, მღვდლის მიხეილ ვარძელაშვილის თანხმობით, გადაეცა ხაზინას და გადაკეთდა ორკლასიანად როგორც ვაჟებისთვის, ასევე, გოგონებისთვის, ხუთი განყოფილებით. მას დაემატა ქალთა საპროფესიონალო (სახელსაქმო) განყოფილებაც, სამი მასწავლებლით და ახალი შენობით. მიხეილ ვარძელაშვილს სტამბოლიდან სპეციალურად მოუწვევია მასწავლებლად ნინო პარმაქსიზაშვილი, რომელიც გოგონებს, წერა-კითხვასთან ერთად, ჭრა-კერვასაც ასწავლიდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ „ცნობის ფურცელი“ მკითხველ საზოგადოებას ატყობინებდა, რომ „მთავრობამ 640 მანეთი გამოყო დამატებითი განყოფილების (ე.ი. ქალთა სახელსაქმო) მასწავლებლის ხელფასისათვის. ზედამხედველი მასწავლებელი წელიწადში 400 მანეთს იღებდა. ხელსაქმის მასწავლებელი ქალი კი — 120 მანეთს.“ მოსწავლე გოგონები იხდიდნენ სწავლის ქირას. „თითოეული მოსწავლე ქალი ვალდებული იყო გადასახადის სახით წელიწადში ნახევარი კოდი ხორბალი და თითო საპალნე შეშა შეეტანა“. დასახელებული განყოფილებისათვის სპეციალურად ააშენეს ახალი შენობა ოთხი ოთახით. ყველაზე დიდი ოთახი განთავსებულ იქნა ხელსაქმის სასწავლებლად, სადაც ორმოცდაათამდე მოსწავლე ქალიშვილი ეტეოდა. დანარჩენი სამი ოთახი მასწავლებელ ქალებს ჰქონდათ საცხოვრებლად გადაცემული.
ამასთანავე, საყურადღებოა ისიც, რომ ეს იყო შერეული სკოლა მაშინ, როდესაც ვლადიმერ გაგუას სამართლიანი შენიშვნით, „რუსეთის უნივერსიტეტებშიც კი ქალებს არ იღებდნენ და უფლებრივად არ იყვნენ გათანაბრებულნი ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები.“ უნდა ითქვას, რომ სოფელ ხიზაბავრაში შერეული სკოლის დაარსება მესხ განმანათლებელთა ძალისხმევა იყო, რაც მათი პედაგოგიური შეხედულებების პროგრესულ დემოკრატიულობაზე მიუთითებს.
XIX საუკუნის II ნახევარში, სამცხე-ჯავახეთში, საქველმოქმედო საზოგადოებებისა და სოფლის საზოგადოებების მიერ, ათობით სკოლა იქნა დაფუძნებული, საზოგადოების ნივთიერი დახმარებითა და სოფლის მოსახლეობის ინიციატივით.
კერძოდ, გასული საუკუნის 70-იან წლებში „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ“ ერთკლასიანი „სახალხო სკოლები“ დააარსა სოფელ საროში, ტოლოშში. ტოლოშის სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანები შეადგენდნენ. 1894 წელს კი სკოლა ოთხკლასიანად გადაკეთდა.
1875 წელს დაფუძნდა ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა სოფელ ძველში, სოფელ ქილდაში (ახალქალაქის რაიონი), სადაც ქილდელი ბავშვების გარდა განათლებას იღებდნენ მეზობლად მდებარე სოფლების ბავშვები. ამას იმდენად მასობრივი და სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რომ 1880 წელს ამ სკოლის მზრუნველს — ბ. მუსხელიშვილს თავისივე ხარჯით გაუმართავს „ბავშვების სადგომი, სადაც უცხო სოფლებიდგან იყვანდნენ ბავშვებს სასწავლებლად“.
1881 წელს ერთკლასიანი დაწყებითი სასოფლო სასწავლებლები დაარსდა სოფელ ხერთვისში, ჭობარეთსა და ხიზაბავრაში. თუმცა ხიზაბავრაში სკოლის დაარსების მცდელობას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 1875 წელს.
1882 წელს ერთკლასიანი სკოლა გაიხსნა სოფელ უდეშიც, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკოლას დიდი ამაგი დასდო ივანე ბარიკალაშვილმა, რომელიც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად, მისი ღვაწლი საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა. კერძოდ, 1909 წლის 20 ოქტომბერს ზეიმით აღინიშნა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 25 წლისთავი ჯერ ახალციხეში, შემდეგ სოფელ უდეში.
1912 წელს ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა გაიხსნა სოფ. არალში. მასწავლებლად დაინიშნა ალექსანდრე ხითარიშვილი. აღნიშნული სკოლის დაარსების საკითხი დღის წესრიგში დაყენებულ იქნა ჯერ კიდევ 1909 წელს. სასოფლო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინსპექტორს ეშუამდგომლა მთავრობასთან სახელმწიფოს ხარჯით ერთკლასიანი სამინისტრო სკოლის გახსნის თაობაზე. სოფელს სკოლის შენობის ასაგებად ერთი დესეტინა მიწა აღუთქვა ახალციხელმა მემამულემ, კერძო ვექილმა დ. ს. ფირალიშვილმა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეფის რუსეთი, კულტურული განვითარების დონით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ევროპის სახელმწიფოებს, არ იყო დაინტერესებული საკუთარი ქვეყნის კულტურული დაწინაურებით. აქედან გამომდინარე, არ ზრუნავდა და ხელს არ უწყობდა არარუსი ხალხის განათლებისა და კულტურის განვითარებას. ბერი ვოსტორგოვი დაუფარავად აცხადებდა: „ჩვენ ქართველების არც განათლება გვინდა, არც ზნეობრივი ამაღლება, არც ქრისტიანობის აღდგენა, მათ შორის სკოლებს თუ ვაარსებთ, მხოლოდ ერთი მიზნით — ყველანი გავარუსოთ“. „გადაგვარების მსწრაფლმზარდი საფრთხე“ შეიგნო განათლებულმა ახალგაზრდობამ და გააძლიერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. სამცხე-ჯავახეთში, XIX საუკუნის II ნახევრიდან, ამ ბრძოლას ქართველი კათოლიკენი ივანე გვარამაძის წინამძღოლობით ეწეოდნენ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ქართული ეროვნული სულის აღდგენა, დაცვა-გაძლიერება. მათი აზრით, ეროვნული სულის დაცვა შესაძლებელი იქნებოდა ქართული ენის დამკვიდრებით ღვთისმსახურების დროს (ე.ი. ეკლესიებში), კულტურისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აუცილებლად მიაჩნდათ ხალხის „გონებრივი სიბნელისაგან“ განთავისუფლება, რაშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართული სკოლების გახსნა-გამრავლებას, სტამბების დაარსებას, ქართული სახელმძღვანელოებისა და წიგნების გავრცელებას, თეატრის დაფუძნებას, საერთოდ განათლების შეტანას ხალხში, რაც საუკუნეობით დაბეჩავებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებასა და დაცვას უზრუნველყოფდა.
დედა ენის აკრძალვის პირველი ბრძანების გამოქვეყნებისთანავე, ივანე გვარამაძემ თანამემამულეებს შეახსენა, როგორ დიდად განათლებულნიც არ უნდა ყოფილიყვნენ და მრავალი ენის მცოდნენი, თუ მათ მშობლიური ენა საფუძვლიანად არ ექნებოდათ შესწავლილი, სამშობლოს რიგიან სარგებლობას ვერ მოუტანდნენ. მას ყოველი ერის „თავმოყვარეობის დამცველად“ მშობლიური ენა მიაჩნდა.
ივანე გვარამაძე თანამემამულეებისადმი მშობლიური ენის დაცვის აუცილებლობის მოწოდებით არ კმაყოფილდებოდა. საყურადღებოა საქართველოს რუსეთთან შეერთებით მიღებული შედეგების მისეული ანალიზიც: „საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ დაშთა ჩვენი სასულიერობა უმწყემსოდ სხვის ამარა (აქ იგულისხმება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. — ნ. ყ.), ნელ-ნელა დაიხურა ჩვენებური მდაბალი აკადემია, სემინარები და სასწავლონი, ხუცურის მაგიერ მოიდგა მაგრა ფეხი სლავიანურმა ლიტურღიამ და ჩვენი მწიგნობრობა, დავითის ტკბილი ქნარი დამტვერიანდა, განიხრწნა და უკუიგდო ნაგავ ნეშიან ყურე კუთხეებში“. ამასთანავე სამართლიანად შენიშნავდა, რომ „უფერულმა თავისუფლებამ“ ქართველ კაცს დააკარგვინა მხნეობა, მამაცობა, დიდიან პატარიანად ყველა დააზარმაცა.
რუსიფიკატორული პოლიტიკით აღშფოთებული ივანე გვარამაძე, ყველასაგან მოურიდებლად, უშიშრად ხმამაღლა მოუწოდებდა თანამემამულეებს: „ნუ გაზრდით შვილებს უცხოთ წესზე მონური სულით. დროა, ქართველებო, გაარჩიოთ მტერი მოყვრისაგან, სტუმრად მოსულთ მასპინძლობის უფლებას ნუ მისცემთ... დროა, აღადგინოთ, დაიცვათ თქვენი ძველთა-ძველი, მდიდარი და საამაყო დედა ენა. ტყუილად კი არ უთქვამთ ვაჟკაცობით სახელგანთქმულ ხიზაბავრელებს:
სამშობლო მისთვის შემრგეა
ვინც დედა-ენა იცისო,
ვინც-არა, აღარც კაცია
არა მწამს მისი ფიციო“.
სწორედ ივანე გვარამაძემ, 1882 წელს, შეადგინა და გამოსცა ისტორიის სახელმძღვანელო „ქართლის ცხოვრება“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ინიციატივით, დაფუძნდა სკოლები სოფელ ხიზაბავრაში 1881 წელს და 80-იან წლებში, ქალაქ ახალციხეში — იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასთან, ხოლო 1895 წელს, მისი აქტიური მონაწილეობით, ქალაქ ახალციხეში დაარსდა ბიბლიოთეკა.
XIX საუკუნის 80-იან წლებში რუსიფიკატორული პოლიტიკა გაძლიერდა. განათლების სფეროში კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის იანოვსკის აღნიშნული პოლიტიკის ერთგული გამტარებლის, უშუალო ამოცანას წარმოადგენდა ეროვნული კულტურის ყოველგვარი მონაპოვრის, ყოველივე პროგრესულის ჩანასახშივე მოსპობა. ასეთ ვითარებაში, ქართული კულტურის რეაქციის შემოტევისაგან დასაცავად და მისი განვითარების უზრუნველსაყოფად, ქართველმა მოწინავე ინტელიგენციამ საჭიროდ სცნო უფლებამოსილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა. ეს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
მოხსენიებული საზოგადოების გამგეობის, 1879 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით, ი. ალექსი-მესხიშვილი რწმუნებულად გაიგზავნა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში. მას დაევალა, მაზრის უფროსთან შეთანხმებით, სოფლის მოსახლეობის წახალისება სკოლის გახსნის საქმეში. იაკობ გოგებაშვილმა კი, 1880 წელს, მოითხოვა, რომ ყველა კუთხეს თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა საზოგადოებაში და ასეთ წევრად შეერჩიათ სპეციალისტი განათლების სფეროდან, რადგან „საქმე მთლად პედაგოგიურიაო“. ასეთ წევრად სამცხე-ჯავახეთში შეირჩა ივანე გვარამაძე. საზოგადოებას, ჯერ კიდევ 1860 წელს აღმოცენებულ, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებასთან ერთად, დიდი დამსახურება მიუძღვის სამცხე-ჯავახეთში კულტურისა და განათლების განვითარების საქმეში. მათი ინიციატივითა და ნივთიერი დახმარებით, სამხრეთ საქართველოში მრავალი სკოლა გაიხსნა, დაფუძნდა ბიბლიოთეკები. ამრიგად, სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის არსებული ზოგიერთი სკოლის ისტორია თოთხმეტ ათეულ წელს მოიცავს.
სამცხე-ჯავახეთის ცენტრს (ადმინისტრაციულ, სავაჭრო, კულტურულ) ისტორიულად ქალაქი ახალციხე წარმოადგენდა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა ასახვა ჰპოვა როგორც მხარის, ისე ქალაქის ცხოვრების ყველა სფეროზე. 70-80-იანი წლების მდგომარეობით, არასახარბიელო ვითარება იყო სახალხო განათლების სფეროში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებო ცნობებია დაცული საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის, ვ. ივანოვის ინფორმაციაში, იმ დროის პერიოდიკასა და მიმოწერებში. არსებული მასალებით, ქ. ახალციხეში ფიქსირდება 7 სასწავლებლის არსებობა: 1. ქალაქის ოთხკლასიანი სასწავლებელი; 2. კარაპეტას სომხური სასწავლებელი; 3. ელიზავეტის სახელობის ქალთა სასწავლებელი; 4. რაბათის ქალთა უფასო სკოლა; 5. სომხურ-კათოლიკური სკოლა; 6. კათოლიკური სკოლა; 7. ებრაელთა სასწავლებელი.
1. საქალაქო ოთხკლასიანი სასწავლებელი. მეფის ხელისუფლება, რუსიფიკატორული პოლიტიკის მიუხედავად, ზოგჯერ იძულებული ხდებოდა, წასულიყო დათმობაზე — გაეხსნა დაწყებითი სკოლები, რათა დაპყრობილ ხალხში აღეზარდა წვრილი მოხელეები და მათი სახით კოლონიებში დასაყრდენი ძალა ჰყოლოდა. სწორედ ამით აიხსნება 1829 წლის 2 აგვისტოს დებულება, რომლის საფუძველზეც, სამაზრო (საერო) სასწავლებლები დაარსდა ამიერკავკასიის ქალაქებში: თბილისში, ბაქოში, ერევანში, ქუთაისში, გორში, თელავში, სიღნაღში, ახალციხეში და ა.შ. სამაზრო სასწავლებლები ორკლასიან სასწავლებლებს წარმოადგენდნენ, სადაც ისწავლებოდა: საღვთო სჯული, რუსული ენა და რუსული ენის გრამატიკა, ქართული ენა, არითმეტიკა, გეოგრაფია, საკანცელარიო საქმე, სუფთა წერა.
ახალციხის სამაზრო სასწავლებელი გაიხსნა 1831 წლის 1 აგვისტოს. თავდაპირველად მოთავსებული იყო რაბათის ციხეში — აქ არსებული ყოფილი სასწავლებლის (მედრესე) შენობაში. მოსახლეობა „რუსის შკოლას“ უწოდებდა. 1835 წელს სასწავლებელი გადატანილ იქნა ქალაქის ახალ ნაწილში. იმავე წელს გამოცემული დებულების საფუძველზე, გადაკეთდა სამკლასიანად. ამასთანავე, რამდენადაც მოსწავლეთა კონტინგენტს წარმოადგენდნენ ქართველი და სომეხი ბავშვები 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ, თურქეთიდან მოხდა სომეხი ხალხის გადმოსახლება და კომპაქტური ჩასახლება სამცხე-ჯავახეთში, რომლებსაც უჭირდათ რუსულ ენაზე სწავლა, ამიტომ ადგილობრივ ენებზე (ქართული, სომხური, თურქული) მოლაპარაკეთათვის სავალდებულო ენად შემოიღეს დედა ენა, როგორც „აზროვნების იარაღი“ რუსული განათლების მისაღებად. აქედან გამომდინარე, ზემოთ წარმოდგენილ სასწავლო გეგმას, 1835 წელს, ადგილობრივი ენები და ხატვა-ხაზვა დაემატა.
აღნიშნული სასწავლებელი, 1875 წლის 1 ივლისს, გადაკეთდა საქალაქო ოთხკლასიან სასწავლებლად ქართული, სომხური და რუსული განყოფილებებით. I-II კლასები ორგანყოფილებიანი იყო, III-IV კლასები — თითოგანყოფილებიანი, ჰქონდა მოსამზადებელი განყოფილებაც. ე.ი. სწავლების სრული კურსი შვიდწლიანი იყო. სასწავლებელში ისწავლებოდა: საღვთო სჯული, რუსული ენა, არითმეტიკა, გეომეტრია, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ფრანგული, ქართული და სომხური ენები, ხაზვა-ხატვა, სიმღერა და ტანვარჯიში. სასწავლებელი მოსწავლეებს პროფესიულ განათლებასაც აძლევდა.
კერძოდ, მას ჰქონდა „ხარაზისა და სლესარის“ განყოფილებები. საშუალოდ, წელიწადში 211 მოსწავლეს ამზადებდა, საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ახალციხის მაზრის უფროსს, გრაფ ტიბენ ჰაუზენს ახალციხის საქალაქო სკოლასთან გაუხსნია სახელოსნო განყოფილება და სასწავლო ფერმა.
მოგვიანებით, 1910 წლის 14 სექტემბერს, საქალაქო სასწავლებლის ბაზაზე, აღმოცენდა პროგიმნაზია, რომელიც 1917 წელს გიმნაზიად გადაკეთდა. 1921 წლიდან, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გიმნაზიის ბაზაზე, აღმოცენდა ცხრაწლიანი შრომითი სკოლა, რომელიც შემდგომ გადაკეთდა საშუალო სკოლად — ქ. ახალციხის ¹1 საშუალო სკოლად. ამდენად, 1831 წელს ქ. ახალციხეში დაფუძნებული სამაზრო სკოლის პირდაპირი და კანონმემკვიდრეა ¹1 საშუალო სკოლა.
2. კარაპეტას სომხური სასწავლებელი დაარსდა 1836 წელს (ე.ი. მეფის რუსეთის მიერ თურქეთიდან სამხრეთ საქართველოში სომხების კოლონიზაციის შემდეგ), ეპისკოპოს კარაპეტას სახელობის ეკლესიის ხარჯზე. ათი წლის განმავლობაში უსწავლია 4197 მოსწავლეს, ე.ი. წელიწადში, საშუალოდ, 419 მოსწავლე სწავლობდა. აღნიშნული მდგომარეობით, ე.ი. 1886 წელს, მუშაობდა 16 მასწავლებელი.
3. ელიზავეტას სახელობის ქალთა სასწავლებელი დაარსდა 1869 წელს და ფუნქციონირებდა სომხური ეკლესიის ხარჯზე. წელიწადში, საშუალოდ, 355 გოგონა სწავლობდა. 1886 წელს 11 მასწავლებელი მუშაობდა.
4. 1871 წელს ანნა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა-ღოღობერიძემ დააარსა ქალთა უფასო სკოლა ქალაქ ახალციხის ძველ ნაწილში — რაბათში. საშუალოდ, წელიწადში 47 მოსწავლეს ამზადებდა, 1886 წელს სწავლობდა 56 გოგონა, მუშაობდა ორი მასწავლებელი (ქალი). ქალაქის გამგეობა, ყოველწლიურად, მასწავლებელს 300 მანეთით ეხმარებოდა.
აღნიშნული სასწავლებლის შესახებ სრულ ინფორმაციას გვაწვდის აგრეთვე XIX-XX საუკუნეების მესხი საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე გვარამაძე. მიუთითებს, რომ ანნა მუსხელიშვილმა-ღოღობერიძემ ქალთა სასწავლებელი რაბათში (ახალციხის ძველ ნაწილში) — ნაქირავებ სახლში დააარსა. თავდაპირველად, თვითონ ასწავლიდა გოგონებს, ხოლო შემდეგ თბილისიდან და ქუთაისიდან მიიწვია ორი მასწავლებელი როგორც რუსულ-ქართული ენების, ასევე ქსოვისა და ქარგვის შესასწავლად. მათ თავის სახლში აცხოვრებდა და ხელფასსაც თვითონ აძლევდა. საღვთო რჯულის მასწავლებლად მოწვეული ჰყავდა მღვდელიც. სასწავლებლის დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ, თბილისში საცხოვრებლად გადასვლის გამო, სასწავლებელი ჩაუბარებია გამომძიებელ სულხანოვისათვის, ხოლო შემდეგ სკოლის გამგებლობა მაზრის უფროსის, პავლოვის ხელში გადასულა. მისი გამგებლობის დროს აუგიათ სასწავლებლის ქვითკირის შენობა. პავლოვის შემდეგ, ცხრა წლის განმავლობაში სასწავლებელს განაგებდა მარიამ გრიგოლის ასული გამრეკელი. „მეტადრე გააუმჯობესა მან ბალიშის პირების ქარგვის, სუფრების ქარგვისა და თეთრეულის კერვის სახეები. ასე რომ, მნახველნი დიდად კმაყოფილნი რჩებოდნენ „ხელოვნების სიმშვენიერით“. ამრიგად, რაბათის ქალთა სასწავლებელი, თავისი სპეციფიკით, პროფესიულ სასწავლებელს წარმოადგენდა, რამდენადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ხელსაქმის შესწავლას. ანტონ ნებიერიძე სამართლიანად მიუთითებდა, რომ ახალციხის ქალთა უფასო სკოლის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის, ზოგად განათლებასთან ერთად, პროფესიული ცოდნა მიეცათ და პრაქტიკული საქმიანობისათვის მოემზადებინათ.
კონსტანტინე გვარამაძის ცნობით, ხსენებულ სასწავლებელში საღვთო რჯულს უფასოდ ასწავლიდნენ მღვდელი იოანე გვარამაძე და დეკანოზი მამა დიმიტრი ხახუტაშვილი. ივანე გვარამაძის მიერ გაზეთ „დროებაში“ წარმოდგენილი კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ სასწავლებელს დიდ დახმარებას უწევდა მაზრის უფროსი ნიკოლოზ ალექსიევ-მესხიევი. ავტორი იქვე მიუთითებდა, რომ იგი ათი წლის განმავლობაში სკოლის სასარგებლოდ ხან სპექტაკლებს, ხან საღამოებს მართავდა და ამგვარად შეგროვილი ფულით ინახავდა სკოლას. მას სკოლის დამაარსებლად და სულისჩამდგმელად ასახელებდა.
XIX—XX საუკუნეთა მიჯნაზე, ქართულ პერიოდიკაში, მრავალი ცნობაა დაცული ახალციხის დედათა სკოლის შესახებ. კორესპონდენციების საფუძველზე ირკვევა, რომ სასწავლებელი დიდ ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდის. იგი, ძირითადად, არსებობდა შემოწირულობის საფუძველზე. 1908 წელს კონსტანტინე გვარამაძემ, ადგილობრივი საზოგადოებრიობის წინაშე აღნიშნული სასწავლებლის შესანახად, საქველმოქმედო კომიტეტის დაარსების საკითხი დააყენა. კ. გვარამაძის წინადადება განხორციელდა, შეიქმნა საქველმოქმედო კომიტეტი, გარდა ამისა, კ. გვარამაძე მიუთითებდა, რომ აღნიშნულ სასწავლებელში გოგონებისთვის ესწავლებინათ ჭრა-კერვა, რაც, მისი აზრით, აუცილებელ საჭიროებას შეადგენდა, მეტადრე ღარიბი გლეხებისთვის. როდესაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ჩამოყალიბდა, კ. გვარამაძემ წამოაყენა წინადადება, რომ რაბათის დედათა სასწავლებელი ახალციხის განყოფილებას დაქვემდებარებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალციხის ქალთა უფასო სასწავლებლის დაფუძნებას, იმთავითვე, დიდი მოწონებით შეხვდა ქართველი ინტელიგენცია, შეძლებისდაგვარად უწევდა მატერიალურ დახმარებას. სკოლით აღფრთოვანებული იაკობ გოგებაშვილი წერდა: „იმედი ვიქონიოთ, რომ ახალციხის ქალთა უფასო სკოლა ჰპოვებს მიმბაძველებს ჩვენი კუთხის სხვა სამაზრო ქალაქებში და იქნება ნიმუში ქალთა უფასო სკოლების დაარსებისა და ორგანიზაციისა, რომელთა საჭიროება ყველგან ასე ძლიერ იგრძნობა.“
დასახელებული სკოლის ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დიდი როლი შეასრულა მესხეთში ქალთა განათლებისა და პროფესიული დახელოვნების საქმეში. აგრეთვე, ხელი შეუწყო ქსოვისა და ქარგვის ხალხური ტრადიციების დაცვას და შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ დასახელებული სასწავლებლის მოსწავლეთა ნამუშევრებმა დღემდე მოაღწია და ამ კუთხის მცხოვრებთა საოჯახო რელიქვიებად იქცა, ნაწილი დაცულია სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში. ამასთანავე, ალექსანდრე ფრონელის (ყიფშიძის) სამართლიანი შენიშვნით, იგი წარმოადგენდა „ერთ-ერთ ზღუდეს აქაური გამქრალი ქართველებისა.“
5. კათოლიკური სკოლა დაარსდა 1851-1852 წლებში, რაბათში, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ხარჯზე, პავლე შაყულიანის (ჭილიმუზაშვილის) მმართველობის დროს. ათი წლის განმავლობაში აქ განათლება მიიღო 578-მა ვაჟმა, წელიწადში, საშუალოდ, 58 მოსწავლე სწავლობდა. 1886 წელს სასწავლებელში 61 მოსწავლე და 1 მასწავლებელი იყო.
6. სომხურ-კათოლიკური შერეული სკოლა 1832 წელს დაარსდა. აქ წელიწადში, საშუალოდ, 38 მოსწავლე სწავლობდა.
7. ებრაელთა სასწავლებელი. ებრაელი ბავშვები იკრიბებოდნენ რაბინთან, რომელიც ასწავლიდა ლოცვასა და რელიგიის წარმოშობას. სწავლება ებრაულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც ბავშვებისთვის გაუგებარი იყო. წელიწადში, საშუალოდ, 37 მოსწავლე ჰყავდათ, ხოლო 1884-1885 წლებში სწავლობდა 50 ვაჟი.
ამგვარად, XIX საუკუნის 80-იანი წლებისათვის ქ. ახალციხეში არსებული 7 სასწავლებლიდან ოთხი იყო ვაჟების, ორი — ქალების, ერთი — შერეული. 1886 წლის მდგომარეობით, შვიდივე სასწავლებელში მუშაობდა 38 მასწავლებელი (30 — მამაკაცი და 8 — ქალი).
XX საუკუნის დასაწყისი, სამცხე-ჯავახეთში, განათლების სფეროში დიდი წარმატებით აღინიშნა. რაც გამოიხატა იმაში, რომ ახალციხეში აღმოცენდა საშუალო ტიპის სასწავლებელი — პროგიმნაზია, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა.
გიმნაზიის გახსნის საკითხი ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავრობის წინაშე ჯერ კიდევ 1908 წელს დააყენა. ხალხის თხოვნა შეწყნარებულ იქნა 1910 წელს. „30 მაისს ქ. ახალციხის თავმა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისაგან დეპეშა მიიღო: გადაწყდა, ახალციხეში 1 ივლისიდან გაიხსნას ოთხკლასიანი პროგიმნაზია.“ — წერდა კ. გვარამაძე. პროგიმნაზია აკურთხეს 1910 წლის 14 სექტემბერს, კურთხევას კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბ. რუდოლფი დაესწრო.
ეს სასწავლებელი გამიზნული იყო მხოლოდ ვაჟთათვის. ამიტომ, 1911 წელს პროგიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა ქალაქის თვითმმართველობის ოქმი, რომ მომავალი სექტემბრიდან სასწავლებელი ორივე სქესის მოსწავლეთათვის გადაკეთებულიყო. ქალაქის საბჭო პროგიმნაზიის ინსპექტორს, ბ. ვერესოვს თხოვდა თანხმობას და შუამდგომლობას კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე აღძრული საკითხის თაობაზე. პედაგოგიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ იზრუნებდა მომავალი სექტემბრიდან პროგიმნაზიაში ორივე სქესის მოსწავლეთა სწავლების დაწყებაზე. ამასთანავე, მოსწავლე ქალთა წლოვანება 15 წლით განისაზღვრა. 1917 წელს პროგიმნაზია გიმნაზიად გადაკეთდა.
აღნიშნულ სასწავლებელს დიდი ამაგი დასდო კონსტანტინე გვარამაძემ. „ახალციხის რუსულ გიმნაზიაში მან რამდენიმე წლის განმავლობაში უფასოდ, უჯამაგიროდ, დამამცირებელ გარემოებაში თავს იდვა ქართული ენის პირველადი სწავლება“. მისი დამსახურება იყო ისიც, რომ ყურადღება მიექცა ქართული ენის სწავლებას. 1915 წლის სექტემბრიდან ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა მოსწავლეთათვის, ამიერიდან მისაღები გამოცდებიც დედა ენაზე ტარდებოდა.
ამგვარად, XIX—XX საუკუნეთა მიჯნაზე, სამცხე-ჯავახეთში, გაფართოვდა დაწყებითი სკოლების ქსელი, სხვადასხვა საზოგადოებების ნივთიერი დახმარებისა და ხალხის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე. აქვე აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროში მოკალათებული რუსი მოხელეები ყოველნაირად ცდილობდნენ სკოლების გახსნის შეზღუდვას, ქმნიდნენ ხელოვნურ წინააღმდეგობას. აქედან გამომდინარე, სკოლების გახსნა მეტად დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. იაკობ გოგებაშვილი წერდა: „არც ერთი სკოლა, რაც უნდა პაწაწკინტელა იყვეს, არ შეიძლება გაიხსნას, თუ ამას არ წაუმძღვანეთ წინ გრძელი ფორმალური მიწერმოწერა მთავრობასთან და არ მიიღეთ უკანასკნელის ნებართვა... თუ არადა სკოლას უსათუოდ ანდერძის აგება და დამარხვა მოელის.“ რუსიფიკატორული პოლიტიკის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში, აღნიშნულ პერიოდში, შესაძლებელი გახდა ათობით სხვადასხვა ტიპის სკოლის დაარსება. მოხსენიებულმა სკოლებმა დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივი მოსახლეობის განათლებისა და კულტურული დაწინაურების საქმეში, მათი ეროვნული ცნობიერების გაღვიძება-შენარჩუნებასა და, შესაბამისად, ეროვნული გადაგვარების თავიდან აცილებაში.

ნატო ყრუაშვილი
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის მეცნიერი მუშაკი

25-28(942)N