გამოდის 1998 წლიდან
2011-04-14
პირმშოება და კურთხევა იაკობისა და ესავისა

რებეკას, ისააკის მეუღლეს კარგა ხანს შვილი არ უჩნდებოდა, მაგრამ ისააკის განუწყვეტელმა ლოცვა-ვედრებამ სძლია ბუნებას და მეორმოცე წელს, მას შემდეგ, რაც ისააკმა პირველად შეიყვანა იგი თავის კარავში, რებეკა დაფეხმძიმდა და ტყუპების მოლოდინში დედობის პირველ შეგრძნებას ეზიარა. გარდა დედობრივი ინსტიქტებისა სარას მსგავსად, რებეკასაც მიჰმადლა უფალმა წინასწარ ჭვრეტის უნარი და შობამდე ამცნო მას: „...ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან. ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება. უფროსი უმცროსს დაემორჩილება“ (დაბ. 25:23). უფროსი პირმშო, რომელიც წინასწარმეტყველებისამებრ უმცროსს უნდა დამორჩილებოდა, ესავი იყო: „სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი“ (დაბ.25:25). ესავი პირველი დაიბადა, შესაბამისად, პირმშოებაც მას ეკუთვნოდა. „მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; ...სახელად იაკობი“ (დაბ. 25:26). როგორც იოანე ოქროპირი აღნიშნავს, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ერთი შეხედვით სუსტი, ძლიერს დაამარცხებს.
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონიელის კომენტარში ვკითხულობთ: „ვისაც ძალუძს ჩასწვდეს იაკობის დაბადების თავისებურებას, ადვილად მიხვდება, რომ იაკობის მოქმედებაში ღრმა შინაარსი იგულისხმება. იაკობი ცხოვრების პირველივე წუთიდან უფლის ნებას ასრულებს. ის ესავის ქუსლს ჩასჭიდებია, მაგრამ იაკობი ესავს არ მიჰყვება. იაკობი თავისი ქმედებით ესავის მოძრაობას აფერხებს. ამიტომ დაერქვა მას სახელად იაკობი, რაც შინაარსით დამყოვნებელს, ფეხების შემბოჭველს და არა ჩაჭიდებულს ან მიმყოლს ნიშნავს“ («Сочинения», изд. П. преображенского, 1864 г).
უფლის მიერ დაწესებული პირმშოებისა და სულით კურთხევის კანონის მიხედვით, პირმშო უფალს უნდა მიეძღვნას. დაწერილია: „საშოს გამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდება“ (ლუკ. 2:23). აგრეთვე, მამის არყოფნის დროს პირმშო ოჯახის უფროსის ფუნქციებს ასრულებს (დაბ. 49:3) და, ამავე დროს, პირმშოს ქონებიდან  ორმაგი წილი მიეთვლება (2 რჯულ. 21:17);
 ისააკის ტყუპების — იაკობისა და ესავის ცხოვრებაში პირმშოების კანონის უგულებელყოფა მონოთეისტ ერსა და წარმართ ხალხს შორის წყალგამყოფი გახდა. იაკობის შთამომავლები უფლის მოსმენას სწავლობდნენ და ზეციური კანონებით საკუთარ ცოდვებს ებრძოდნენ, ესავიანნი კი უარს ამბობდნენ ღვთის მადლზე და გზას წარმართობის უფსკრულისაკენ მიიკვლევდნენ.
იაკობი და ესავი კანონიერი, ცხებული შთამომავლები იყვნენ აბრაამისა, მაგრამ აბრაამის შვილიშვილობამ არ უშველა ესავს. წარმომავლობა ან სხვა რაიმე პრივილეგირებული მდგომარეობა ვერ გადაარჩენს უფლის მიერ დაწესებული კანონების უგულებელმყოფელს. ის უცილობლად ეშმაკეული ძალების მსხვერპლი გახდება.
ერთხელ ნადირობიდან დაბრუნებულმა, მოშიებულმა ესავმა დაინახა, რომ იაკობმა მშვენიერი შეჭამანდი მოამზადა, მშიერი ესავი შეჭამანდის სურნელმა კიდევ უფრო გაახელა და მოთხოვა იგი იაკობს. „უთხრა იაკობმა: ახლავე მომყიდე შენი პირმშოება. თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოება. უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება. მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება“ (დაბ. 25:31-34). ნაყროვანებისა და ამპარტავნების ცოდვაში ჩაფლული, წარმართობის გზაზე დამდგარი ადამიანი ღვთისაგან ბოძებულ მადლს არად აგდებს და ერთ ულუფას ანაცვალებს. ასეთ ქმედებას კანონზომიერი გაგრძელება მოსდევს. მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ანდა ბილწი, როგორც ესავი, რომელმაც საჭმლის წილ გაყიდა პირმშოება თვისი“ (ებრ. 12:16). კირილე ალექსანდრიელის განმარტებით, ესავს უყვარს ველად ყოფნა, ნადირობა, ის ხორციელი ვნებებით არის შეპყრობილი და საკუთარ აღმატებულ მიწიერ უპირატესობებს: სისწრაფეს, ძალას, მოხერხებულობას, ბრძოლისუნარიანობას ეტრფის. სხვა არად მიაჩნია. ესავი ვერ ამჩნევს მთავარს. იგი ყველაზე ფასეულს არარაობაზე ცვლის. მისგან განსხვავებით, იაკობი ხარბად ეძებს საუკეთესოს და იკვლევს, რით შეიძლება მოიპოვოს სრული პატივი და დიდება. მაშინ, როდესაც ესავი ღვთიურ სიკეთეს საკუთარ სტომაქს ანაცვალებს, იაკობი მისგან პირმშოებას ყიდულობს. ესავს პირმშოება არაფრად უღირს, ამიტომ იაკობს ესავისაგან ეს დიდი პატივი უბრალოდ ღვთის ნებით ეძლევა.
თუ პირმშოება პირველი შვილის ბუნებრივი პრივილეგიაა, სულით კურთხევისათვის მამა შვილს თავად გამოარჩევს. ბიბლიურად კურთხევა ღმერთის მადლის გადმოსვლას ნიშნავს. ზნეობით გამორჩეულ ადამიანზე მადლი ყოველგვარი განსაკუთრებული დამსახურების გარეშე, უშუალოდ ღმერთისაგან ან ღვთის ნებით, ადამიანისაგან გადმოდის.
ისააკის რჩეული ესავი იყო. უშუალოდ ესავის კურთხევის წინ წმიდა წერილი, მისი კიდევ ერთი დაცემულობის ამბავს გვამცნობს: „ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული“ (დაბ. 26:34,35). იოანე ოქროპირი წერს: ესავმა მთლად დაკარგა უფლის შეგრძნება. ის უკვე საკუთარ თავს წინაპრების ნაწილადაც კი აღარ მიიჩნევს. მისი მოქმედება ეწინააღმდეგება პატრიარქ აბრაამის ანდერძს, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ამ მოდგმის ქალების ცოლად მოყვანა. ამიტომაა ნათქვამი წმიდა წერილში, რომ ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისააკსა და რებეკას (დაბ. 26:35).
სიბერის გამო ისააკი უსინათლო იყო და როდესაც დრო მოუვიდა, მოიხმო ესავი და დაავალა კურთხევისათვის მომზადებულიყო, „რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკვდილამდე ჩემდა“ (დაბ. 27:4). იაკობი და ესავი თავიანთი ცხოვრების წესის, სულის სიმდიდრისა და შინაარსის მიხედვით დაპირისპირებულები იყვნენ. ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ რებეკა და ისააკიც. ისააკს ესავი ჰყავდა რჩეულად და შემთხვევით არ არის ნათქვამი, რომ დაბერდა ისააკი და ვეღარ ხედავდა (ისააკი ესავის ნამდვილ სახესაც ვერ ხედავდა), ხოლო რებეკას რჩეული იაკობი იყო. მამის არჩევანის საფუძველი ესავის ნანადირევისადმი სიყვარული იყო, ხოლო დედამ იცოდა, რომ უფალმა მის საშოშივე უმცროსი ირჩია და თავადაც უნდა შეეწყო ხელი ამ წინასწარმეტყველების აღსრულებისთვის. უფლის ნებით, რებეკამ ისე მოაწყო, რომ უსინათლო ისააკმა ესავის ნაცვლად იაკობი აკურთხა: „მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო. გემსახურონ ხალხები და თაყვანი-გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!“ (დაბ. 27:28,29).
ნადირობიდან დაბრუნებული ესავის შესახებ მოციქული პავლე ბრძანებს: „როცა ისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, დაგმობილ იქნა; ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას“ (ებრ. 12:17). ესავი გოდებითა და ხმითა დიდითა ტირილით იხვეწებოდა, მამას მისთვის მოტყუებით წართმეული კურთხევა დაებრუნებინა. მაგრამ კურთხევის რიტუალი შეუქცევადი აღმოჩნდა, ამიტომ ისააკმა ისე აკურთხა ესავი, რომ იაკობის კურთხევას არაფერი მოჰკლებია: „აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებლად, ცის ცვარი — კურთხევად. შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს“ (დაბ 27:39-40). ამრიგად, უფლის ნებით და ისააკის კურთხევით, ესავიანნი ყოველთვის დაყოვნებულნი და შებოჭილნი იქნებიან.
მაცხოვრის მობრძანების შემდეგ, ყველა ადამიანს, ოჯახს, გვარსა და ერს უფალი მფარველობს, „ქრისტემ გამოგვისყიდა ჩვენ სჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის“ (გალ. 3:13). მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ესავის შთამომავლობა გამოსყიდულია მაცხოვრის მიერ, დღესაც მრავლად არის ხალხი, რომელთა წინაშეც დგას კითხვა: იცხოვრონ უღმერთოდ, მხოლოდ მათი მოწონებული ყოველდღიური ხრიკებითა და ცოდვით აღსავსე ცხოვრებით, ანუ გახდნენ ესავიანნი თუ იღვაწონ სასუფევლის მოსაპოვებლად?
ესავიანებს, რომელთაც მიწიერი ტკბობა აურჩევიათ, დღესაც სურთ იაკობის მსგავსად ნეტარება შეიგრძნონ — მაგრამ არ გააჩნიათ იაკობის კურთხევა; ესავიანნი მდიდრული ცხოვრების, თავდავიწყებული მხიარული ყოფის, გრანდიოზული სანახაობების მოყვარულები არიან, მაგრამ მათი განცხრომა წუთიერია, რადგან ყველაფერი უსამართლობითა და ყაჩაღობითა აქვთ მოპოვებული; ესავიანებს სურთ სიყვარული სუფევდეს მათ გარშემო, მაგრამ ხელთ მახვილი უპყრიათ და იციან, რომ დაწერილია: „...ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათ. 26:52); ესავიანებს სურთ დაივიწყონ საკუთარ ქედზე შემოდგმული უღელი, მაგრამ უფლისაკენ შემობრუნების ნაცვლად ცდილობენ სხვა დაიმონონ და უღელქვეშ მოიქციონ — ისინი დროებით ახერხებენ ამას, მაგრამ რადგან დესპოტები არიან, მუდმივი შიშის განცდა აქვთ და ვერაფრით აღწევენ ბედნიერებას; ესავიანნი უზარმაზარ ზესახელმწიფოებს აშენებენ, იმისათვის რათა მრავალი ხალხის საყვარელი ბატონები გახდნენ აურაცხელ სიმდიდრეს აგროვებენ მაგრამ მიღწეულით ვერასოდეს ტკბებიან, რადგან მათში არ არის სიმშვიდე და სიკეთე, ისინი უღმერთონი არიან; ესავიანებს, დროებით სიამოვნებაზე უარის თქმის უნარი არ აქვთ, ამიტომ მათ სხვისი კურთხევა არ შეუძლიათ. ისევე როგორც სატანა, ისინიც სინამდვილეს ჩასჭიდებიან, მათი სამშვინველი მუდმივ შფოთვაშია, ისინი გრძნობენ, რომ უკვდავებაში ვერ დამკვიდრდებიან და ცათა სასუფეველს ვერასდროს ეზიარებიან. ასეთია დაყოვნება, შებოჭილობა და ტრაგედია ესავური უღმერთოებისა.

რუბრიკას უძღვება
მაკა თაქთაქიშვილი

25-28(942)N