გამოდის 1998 წლიდან
2011-04-20
ფოტოქრონიკით მოთხრობილი „წითელი ისტორია“

8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 93 წლის იუბილე „წითელი ისტორიის“ ფოტოგამოფენით აღნიშნა. პირველად იხილა საზოგადოებამ გასული საუკუნის წითელი ისტორიის ამსახველი ფოტოქრონიკა, დოკუმენტური მასალა, რომელიც უნივერსიტეტის მიერ განვლილ მძიმე და რთულ გზას ასახავს.
გამოფენა შსს-ს საარქივო სამმართველოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.


ზურაბ გაიპარაშვილი, თსუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი, ისტორიის დოქტორი:
— 1918 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის 26 იანვარს (ახალი სტილით — 8 თებერვალი) უნივერსიტეტი, ამა თუ იმ ფორმით, აღნიშნავს ხოლმე თავის დაბადების დღეს, როდესაც საზეიმოდ გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ყოფილა წლები თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში, როდესაც ამ დღეს ზეიმით აღნიშნავდა ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები; იყო წლები, როცა სტუდენტების ინიციატივით ეს დღე გლოვის დღედ გამოცხადებულა. ეს ის დრო იყო, როდესაც წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმეტები — ქართველი სტუდენტების განცხადება, რომ პროტესტის ნიშნად არ აღვნიშნავთ ზეიმით 8 თებერვალს და ამ დღეს გლოვის დღედ ვაცხადებთო.
წლების განმავლობაში უნივერსიტეტმა რა არ გადაიტანა, ისე როგორც ჩვენმა ქვეყანამ. ზოგადად უნივერსიტეტი, გარკვეული თვალსაზრისით, იმ პროცესების სახეა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა, რადგანაც ეს ყველაფერი აირეკლებოდა უნივერსიტეტის ცხოვრებაზე. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ხშირად უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები აძლევდა ბიძგს საქართველოში განვითარებულ პროცესებს, იყო ეს კულტურულ-მეცნიერული თუ პოლიტიკური პროცესები. მისი ისტორიაც მე-20 საუკუნის საქართველოში განვითარებული პროცესების კვალდაკვალ იწერებოდა.
წლევანდელი საიუბილეო დღე იმით იყო გამორჩეული, რომ უნივერსიტეტმა, უშიშროების სამინისტროს არქივთან ერთად, მოაწყო შთამბეჭდავი გამოფენა — „წითელი ისტორია“. გამოფენაზე ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც შთამბეჭდავად, იყო წარმოჩენილი ის მძიმე წლები და სისხლიანი მოვლენები, რომელიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში განვითარდა ჩვენს ქვეყანაში და, ბუნებრივია, უნივერსიტეტშიც.
1921 წლის დასაწყისში, როგორც კი საშიშროება რეალური გახდა (როცა საქართველოს წითელი არმია „შემოესია“), უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტობასთან ერთად, დაირაზმნენ სამშობლოს დასაცავად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი — პროფესორთა საბჭოს ოქმის ამონაწერი, რომელსაც ხელს ივანე ჯავახიშვილი და უნივერსიტეტის პროფესორები აწერენ. დოკუმენტში წერია, რომ უნივერსიტეტის კლინიკები, აუდიტორიები ღიაა დაჭრილთა მისაღებად და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მზად არიან, სიცოცხლის ფასად დაიცვან საკუთარი სამშობლო. ისიც ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს მოუწოდა სამშობლოს დასაცავად დარაზმულიყვნენ. მიმართვის ეს ფრაზები ისტორიას შემორჩა: მე ახლა თქვენ უნდა მოგიწოდებდეთ, რომ დასხდეთ და ლექციები ისმინოთ, მაგრამ არის დრო, როცა გვერდზე უნდა გადავდოთ საწერი კალამი და წიგნი. როცა სამშობლოს უჭირს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მის დასაცავად.
არქივიდან:
ივანე ჯავახიშვილის წერილი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებულ თავდაცვის კომიტეტს.
„პატივი გვაქვს წერილობით გაცნობოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილება მიღებული სასწრაფოდ მოწვეულს საგანგებო სხდომაზე 16 თებერვალს 1921 წელს ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის გამო. რომელიც სიტყვიერად იმავე დღეს მოგახსენეთ:
ა) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადო სამეცნიერო სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფის ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს და სთხოვონ კომიტეტს, რათა მათი გონებრივი და ფიზიკური ძალა გამოიყენონ ისე, რომ მას საუმჯობესოდ მიაჩნია სამშობლოს დაცვის მიზნებისათვის.
ბ) უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ლაბორატორიებისა და სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკების კარები ღიაა ომის საჭიროებისათვის“.

ზ.გ.: როცა 20-იანი წლების ახალგაზრდის მეტაფორული სახე მინდა წარმოვიდგინო, თვალწინ მიდგება მარო მაყაშვილის პორტრეტი — სიფრიფანა მეოცნებე გოგონასი, რომელიც უნივერსიტეტში მოვიდა, რათა ესწავლა ევროპული ენები და შემდეგ თარგმანებით პოპულარიზება გაეწია ქართული კულტურისათვის, მაგრამ, როგორც კი საჭირო გახდა, მედდის ფორმა ჩაიცვა, ხელში აბგა დაიჭირა და ქართველი ახალგაზრდების გვერდით სამშობლოს დასაცავად დადგა. ცნობილია, როგორ იმსხვერპლა ამ მოვლენებმა მისი სიცოცხლე. ის ჩემთვის ქართველი უნივერსიტეტელის, გულანთებული ქართველი ახალგაზრდის სახეა (ალბათ, ჩემნაირად ბევრი ფიქრობს), რომელიც, ერთი მხრივ, უნივერსიტეტში იღებს განათლებას, რათა შემდგომ მიღებული ცოდნა სამშობლოს მოახმაროს და, მეორე მხრივ, მსხვერპლად ეწირება მის დაცვას. მაგრამ „სამშობლოს მცველების“ მცდელობა, სამწუხაროდ, უძლური აღმოჩნდა დიდი მტრის წინაშე და საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. დაიწყო რთული წლები უნივერსიტეტის ცხოვრებაში, თანდათან შემოიჭრა წითელი იდეოლოგია და თუ დეტალურად მივადევნებთ თვალს უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებას, დავინახავთ, როგორ შემოდიან ნელ-ნელა ე.წ. „წითელი ახალგაზრდები“ — კომკავშირლები და როგორ ჩნდებიან კომუნისტური იდეოლოგიის მედროშეები პროფესურაში, როგორ იდევნება თანდათან ნამდვილი ფასეულობა, ჭეშმარიტი ეროვნულობა, მეცნიერული ღირებულებები. ეს ფარული, მაგრამ ძალიან დაძაბული ბრძოლა მაინც კომუნისტების გამარჯვებით მთავრდება.
ყველა მოვლენას თავისი მეტაფორული სახე ჰყავს, 1924 წლის აჯანყების, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა შეეწირა, სახე ნიკო კეცხოველია — შემდგომში ლეგანდარული რექტორი, მაშინ სტუდენტი, რომელიც ამ ბრძოლებში მონაწილეობდა.
მძიმე 30-იანი წლები, როცა უნივერსიტეტიდან ბევრი ღირსეული ქართველი მეცნიერი გააძევეს, 37 წელი, 40-იანი წლები... ეს საშინელი მოვლენები თითქმის ყოველ ათ წელიწადში მეორდებოდა. მიუხედავად ამ ძნელბედობისა, საშინელი იდეოლოგიური წნეხისა, ნამდვილი, ჭეშმარიტი მეცნიერები მაინც ახერხებდნენ იმ დიდი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომების შექმნას, რომლითაც დღესაც ვამაყობთ. თუნდაც იმის გამო, რომ ისინი დიდი მეცნიერები იყვნენ და შეუცვლელნი, კომუნისტური რეჟიმი მათ განდევნას ვერ ახერხებდა, გამოფენაზე ასეთი დოკუმენტიც იყო გამოფენილი, სადაც პირდაპირ წერია (რა იცოდნენ, რომ ეს წლების შემდეგ გამომზეურდებოდა), რომ წესით გიორგი ახვლედიანი და არნოლდ ჩიქობავა უნივერსიტეტიდან უნდა გავანთავისუფლოთ, მაგრამ ვერ მოვძებნეთ ადამიანები, რომლებიც მათ შეცვლიანო.

არქივიდან:
სკპბ ბოლშევიკთა სახ. უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის სხდომა. 1934 წელი, 21 მაისი. ოქმი ¹13. უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორების — ა. ჩიქობავას და გ. ახვლედიანის საქმიანობის კრიტიკული განხილვა.
მოისმინეს:
პროფესორი გ. ახვლედიანი, პროფესორი ა. ჩიქობავა არიან ინდოევროპეისტიკის წარმომადგენლები. დღევანდლამდე აშკარად არ უარყვიათ თავისი შეხედულებები. პასიობას იჩენენ მარქსისტული ლენინური ენათმეცნიერებისათვის ბრძოლის საქმეში. ხშირად თავსაც ესხმიან მარქს-ლენინ. ენათმენციერთა მიმდევარ ახალგაზრდა კადრებს.
დაადგინეს:
იმის გამო, რომ სათანადო მარქსისტულ-ლენინური შემცვლელი კადრები არ მოგვეპოვება, ამიტომ პროფ. გ. ახვლედიანი და ა. ჩიქობავა დატოვებულ იქნას სამუშაოზე და გაძლიერდეს მათზე კონტროლი და გაიშალოს ბრძოლა მათი საბოლოო განიარაღებისათვის.
მოისმინეს:
ვ. თოფურია, ინდოევროპეისტიკის წარმომადგენელი, მართალია, აქტიურად არ გამოდის მარქსისტ-ლენინური ენათმეცნიერებისათვის გაშლილი ბრძოლის წინააღმდეგ, მაგრამ ჩიქობავა, ახვლედიანის გავლენით, არავითარ აქტივობას არ იჩენს ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეში. ცდილობს ინდოევროპიულ ტიპის მიმდევარი ახალგაზრდა კადრების დაწინაურებას. პრაქტიკულ მუშაობაში უფრო ენერგიულია, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ მუშაობაში.
დაადგინეს:
პარტკომს შესაძლებლად მიაჩნია მისი მუშაობა უნივერსიტეტში, საჭიროა სისტემატიური ყურადღება და ხელისშეწყობა, რომ თოფურიამ დაძლიოს ძველი შეხედულებები და დადგეს მარქს-ლენინურ ენათმენციერების საფუძველზე.
მოისმინეს:
პროფ. ი. ჯავახიშვილი, პროფ. გ. წერეთელი. ისევ ძველ შეხედულებებზე დგანან, კითხულობენ ლექციებს, არ იზიარებენ საბჭოთა უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ სწავლების მეთოდებს, არ აწარმოებენ მიმდინარე აღრიცხვას და სხვ.
დაადგინეს: პარტკომის აზრით, მათი უნივერსიტეტში მუშაობა მიზანშეუწონელია, მაგრამ დღესდღეობით მათი შემცვლელი სათანადო სპეციალისტების უყოლობის გამო, შესაძლებლად იქნას ცნობილი მათი გამოყენება, მით უმეტესად, რომ თავის დარგში დიდი სპეციალისტები არიან.
მოისმინეს:
პროფ. აკ. შანიძე თითქოს არ იზიარებს ჩიქობავა-ახვლედიანის შეხედულებას, მაგრამ ვერც ბედავს ამის სააშკაროზე გამოტანას. როგორც მეცნიერი, ყველგან შეცვლილი იქნება. განირჩევა თავისი მეტად პროდუქტიული შრომით და ყველაზე უფრო ახლოს დგას საბჭოთა ხელისუფლებასთან.

ზ.გ.: ამ დოკუმენტში მოხსენიებული პროფესორები ქვეყნისათვის მართლაც ფასდაუდებელი მეცნიერები იყვნენ. ამავე დოკუმენტში მოხსენიებულია აკაკი შანიძეც, ის საოცრად პრინციპული ადამიანი იყო, შეიძლება ითქვას, გმირი. 1936 წელს აკაკი შანიძე, როდესაც ივანე ჯავახიშვილს განკითხვის დღე მოუწყვეს, გამოვიდა და ხმამაღლა განაცხადა: მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც დიდი ივანე ჯავახიშვილის კრიტიკით გაიკეთებს კარიერასო. აკაკი შანიძე იყო ის პიროვნება, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილის დასაფლავების პროცესია (მოგეხსენებათ, ექვთიმე თაყაიშვილი ჩეკისტებმა წამებით მოკლეს და მის დასაფლავებას სულ რამდენიმე კაცი დაესწრო) შეაჩერა უნივერსიტეტის წინ და ხმამაღლა განაცხადა: დიდო ექვთიმე, შენ არ გჭირდება ძეგლი და ყვავილები, შენი ძეგლი ეს წიგნებია, რომელიც მომავალ თაობას დაუტოვეო. გეტყვით იმასაც, რომ აკაკი შანიძეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი საშიშროების წინაშე იდგა თუნდაც ძმის — მოსე შანიძის გამო (ის უნივერსიტეტელი იყო, სამართალმცოდნე, რომელიც უცხოეთში წავიდა და იქ დარჩა. ასეთი ადამიანების ახლობლებს კი კომუნისტები გააფთრებული ებრძოდნენ), არასოდეს უღალატია თავისი მრწამსისთვის, მეცნიერული სინდისისთვის, არც კოლეგებისთვის, ისევე როგორც აღნიშნულ დოკუმენტში მოხსენიებულ გიორგი ახვლედიანს, არნოლდ ჩიქობავას და ვარლამ თოფურიას.
უნივერსიტეტის კედლებში ყოველთვის იყო სტუდენტური ძალა, ენერგია, რომელიც რაღაცნაირად ინახავდა ეროვნულ ფასეულობას, დამოუკიდებლობის ფასს, ლტოლვას, რომელიც მათში ნაღვერდალივით ღვიოდა. ზოგისთვის ძნელი შესაგუებელი იყო ცხოვრების საბჭოური წესი, ზოგი ჩუმად ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მათგან მცირედი ბედავდა ამის ხმამაღლა გაცხადებას. უმრავლესობა აპოლიტიკური იყო, თუმცა ბევრი მოხვდა ციხეში, საკონცენტრაციო ბანაკებში. მრავალი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.
1938 წელს შუა აზიაში გადასახლებული სტუდენტების ერთ ჯგუფს ივანე ჯავახიშვილისათვის წერილი მოუწერია. ეს დოკუმენტი დიდხანს საიდუმლო გრიფით ინახებოდა. წერილი დაწერილია ფანქრით სამ ფურცელზე. თან ახლავს ვინმე „დობრი უზბეკის“ მელნით ნაწერი პატარა წერილი. ფანქრით ნაწერმა წერილმა ივანე ჯავახიშვილამდე მიაღწია. ძალიან საინტერესო ნიუანსებია შემონახული ამ წერილის თაობაზე. სტუდენტებმა წერილი გადასცეს ვინმე „დობრი უზბეკს“, მან უნივერსიტეტში გამოგზავნა, უნივერსიტეტიდან წერილი ივანე ჯავახიშვილს სახლში მიუტანეს. მას, ვინც ცოტა მაინც ერკვევა უშიშროების ხლართებში, დააეჭვებს ამ წერილის მოგზაურობა... შესაძლებელია, აქ ბევრი ისეთი საიდუმლოა ჩადებული, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი მშვენივრად ხვდებოდა, იქნებ ეს მისთვის მოწყობილი პროვოკაციაც იყო. უცნობი დარჩა სტუდენტების ვინაობა, რომლებმაც წერილი გამოუგზავნეს დიდ მეცნიერს. არც ისაა ცნობილი, ბარათი ნამდვილად გადასახლებული და განწირული ახალგაზრდების ხელითაა დაწერილი თუ ივანე ჯავახიშვილისთვის დაგებული ხაფანგი იყო. სამწუხაროდ, ისიც უცნობია, თუ როგორ მოიქცა ივანე ჯავახიშვილი, განაცხადა თუ არა წერილის მიღების შესახებ, შეძლო თუ არა სტუდენტების დახმარება?.. ერთი კი ფაქტია, ივანე ჯავახიშვილს წერილი არ გაუნადგურებია და სახლში ინახავდა, თუნდაც ეს ფაქტი იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო.
დღეს კი, ეს წერილი იმის თვალსაჩინო ნიმუშია, თუ როგორ იტანჯებოდნენ უდანაშაულოდ მაშინდელი სტუდენტები და, უმეტეს შემთხვევაში, სამართალს ვერ პოულობდნენ.
არქივიდან:
ჩვენო უძვირფასესო დიდო პროფესორო, პატივცემულო ივანე!
სალამი შუა აზიის უდაბნოდან!
„პირველად დიდ ბოდიშს ვიხდით თქვენს წინაშე, რომ რამდენიმე წუთი უნდა წაგართვათ თქვენი ძვირფასი დროიდან, მაგრამ იმედი გვაქვს, გვაპატიებთ.
პატივცემულო პროფესორო, ჩვენ ერთმა ჯგუფმა სტუდენტებმა, რომლებიც უმართებულოთ დაგვაპატიმრეს, შემდეგ კი უკანონოთ გადმოგვასახლეს აქეთ, გადავწყვიტეთ მოგვემართნა თქვენთვის და თქვენი საშუალებით ჩვენი სიალალმართლე, სავსებით უდანაშაულობა გვეცნობებია ჩვენი მამისთვის — დიდი სტალინისთვის და მის ერთგულ მოწაფის დიდათ პატივც. ბერიასათვის (ჩვენ აქედან არა ერთხელ გავუგზავნეთ საჩივრები, მაგრამ მთელი 100 პროცენტით ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული წერილი მათამდე არ მივიდა, ვიღაც მტერმა უსინდისოთ გადაყლაპა ისინი).
პატივც. პროფესორო, ჩვენი სამშობლოს სიამაყევ, ჩვენ კარგათ გვესმის თქვენი გულის ნადები, თქვენი კეთილშობილება, თქვენი მაღალჰუმანიური გრძნობები და იმიტომა გწერთ.
გვიშველეთ, ვიღუპებით, ბევრი ახალგაზრდა უკვე სამუდამოთ გამოეთხოვა ამ მუხთალ წუთისოფელს, სიკვდილის მომენტში მათ გამხდარ, ათრთოლებულ ტუჩებზე მხოლოდდამხოლოთ ის ეკერა „ჩვენ უდანაშაულო ვიყავით, მუხთალმა მტერმა ჩაგვყარა, გადაეცით დიდ სტალინს, ბერიას, ფ. მახარაძეს, რომ ცამდე ალალმართალი ვიყავით, არასოდეს არ გვიფიქრია სამშობლოს ღალატი და ამ უდაბნოში ვკვდებით როგორც საუკეთესო სამშობლოს ერთგულნი, მშვიდობით ჩვენო მიწა-წყალო, მშვიდობით ჩვენო უტკბილესო უნივერსიტეტო, მშვიდობით ჩვენო დაჩაგრულო და გაუბედურებულო მშობლებო. გადაეცით მხურვალე სალამი ჩვენს პროფესორებს, განსაკუთრებით კი დიდ პროფესორს პატივც. ივანე ჯავახიშვილს“...
„აი, პატივც. პროფესორო, ვინა ვართ და რათ ვიტანჯებით ტყუილ-უბრალოთ, გვიშველეთ, ვინც ჯერ ცოცხალნი ვართ, პირში სულები შეგვრჩა, ვგევართ ნამდვილ აკლდამიდან ამოღებულ ჩონჩხებს, გეხვეწებით, გემუდარებით შეგვიბრალეთ. ჩვენ ერთი მუჭა მტვერი ვართ სტალინის ფეხისა, ვკვდებით, ჩვენი თვალით ვხედავთ ხმალ ამოღებულ სიკვდილის აჩრდილს, შიმშილმა, წყურვილმა (ნეტა ერთხელ კიდევ დაგვალევინა ჩვენი სამშობლოს დიდი მდინარის მღვრიე მტკვრის წყალი, ერთხელ მაძღრისად გაგვაძღო ჩვენი ქართული პურით, ერთხელ კიდევ გვაყნოსია ჩვენი სამშობლოს ჰაერი) სიცივემ 45o ყინვებია, ჩვენ კი ტიტვლები ვართ თითქმის აღარც ცხვირპირი შეგვრჩა, აღარც ხელფეხი მთელი სხეული, ეს დაძაბუნებული ჩვენი ლეში, მოძრულია, ჭკვა-გონება დაგვეჩლუნგა, წერა-კითხვა დაგვავიწყდა, წიგნის ასოები რაფერისაა აღარ ვიცით, სულიერათ დაცემული ვართ, არავითარი მიწერ-მოწერის ნებას არ გვაძლევენ ჩვენიანებთან... “
(ამონარიდი წერილიდან)

ზ.გ.: ეს გამოფენა იყო იმდროინდელი უნივერსიტეტის ყოფის ამსახველი ფრაგმენტები, აქცენტები. მასალები, რომელსაც ასე ღიად სთავაზობს უშიშროების არქივი საზოგადოებას, საუკეთესო საშუალებაა, რომ ისტორიკოსებმა ახლებური თვალით შეხედონ და შეისწავლონ ის მოვლენები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტო, რომელზეც ასახულია სოხუმის მიტინგი. ეს ძალიან სიმპტომატურია, საბჭოური ისტორია თავიდანაა გადასახედი, წლების განმავლობაში იწერებოდა ყალბი ისტორია, ისეთი, როგორიც ხელს აძლევდა კომუნისტურ პარტიას და ხშირად თეთრზე შავს წერდნენ. ვისაც სინდისი ჰქონდა, ტყუილს არ ამბობდა, მაგრამ მას არც სიმართლის თქმის უფლებას აძლევდნენ. აი, თუნდაც ფოტო, რომელზეც სოხუმის მიტინგია ასახული, კაცმა არ იცის, როგორ შემორჩა არქივს, ეს არის დოკუმენტი იმისა, თუ როგორ შეხვდა აფხაზეთის მოსახლეობა გასაბჭოებას. ფოტო ყველაფერზე მეტყველებს, მას არავითარი წერილობითი დოკუმენტი აღარ სჭირდება. თუნდაც ეს ფოტო ჩემი სიტყვების თვალნათელი დადასტურებაა — ისტორიას გადახედვა სჭირდება.
არქივში აღმოვაჩინე, ასევე, ერთი წერილი, რომლის შესახებ დავწერე კიდეც. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც თავის დროზე გიმნაზია იყო, გუმბათის ქვეშ დავით აღმაშენებლის სახელობის სამლოცველო იყო. ივანე ჯავახიშვილს ერთ-ერთ არგუმენტად, რომ უნივერსიტეტი 8 თებერვალს, დავითის ხსენების დღეს, გახსნილიყო, სწორედ ეს მოჰყავდა. რამდენიმე წელი ითმინა კომუნისტურმა რეჟიმმა და ბოლოს კომკავშირული სულისკვეთებით გაჟღენთილმა ახალგაზრდებმა დააყენეს საკითხი, რომ უნივერსიტეტის გუმბათიდან ჯვარი ჩამოეხსნათ. იქვე დადეს პირობა, ჯვარს ისე ჩამოხსნიდნენ, შენობას არ დააზიანებდნენ. ესეც წითელი ისტორიაა, ისტორია, რომელსაც შეულამაზებლად უნდა შევხედოთ.
ერთობლივი პროექტით, რომელზეც შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და მე ვიმუშავეთ, ვფიქრობ, მართლაც საინტერესო მასალა წარმოვადგინეთ. იმედია, მას ახალგაზრდები შეისწავლიან და სწორად შეაფასებენ. გამოფენის გახსნის დღეს ჟურნალ „საარქივო მოამბის“ პრეზენტაციაც მოეწყო. ჟურნალის ეს ნომერი მთლიანად დაეთმო ქართველი ინტელიგენციის ბედს საბჭოთა პერიოდში. დიდი ადგილი აქვს დათმობილი შალვა ნუცუბიძეს. მასზე ფილმიც გაკეთდა საარქივო სამსახურის მასალებით, რომლის ჩვენება სწორედ უნივერსიტეტში მოეწყო. ბუნებრივად გაჩნდა აზრი, რომ ჟურნალის წარდგინება უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს გაეკეთებინა.

***
ექსპოზიციამ მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების უმძიმესი მოვლენები გააცოცხლა და საიდუმლოებით მოცული დოკუმენტური ფოტო და ხელნაწერი მასალა სამზეოზე გამოიტანა. ეს დოკუმენტური მასალა მეცნიერებს, ისტორიკოსებს, კულტუროლოგებსა და ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს, ზუსტად აღადგინონ „წითელი ისტორია“. სულისშემძვრელი იყო გისოსებს მიღმა ქართველი პროფესორების ნახვა; სკპბ ბოლშევიკთა სახ. უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის 1934 წლის 21 მაისის სხდომის ჩანაწერი. ოქმი ¹13. უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორების — ა. ჩიქობავასა და გ. ახვლედიანის საქმიანობის კრიტიკული განხილვა; 1922 წლის ფოტო და დოკუმენტური მასალა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ იცვლება უნივერსიტეტის შენობაზე აღმართული ჯვარი წითელი დროშით; სოხუმის მიტინგი; ბოლშევიკების მიერ დასახიჩრებულ, დახოცილ, დახვრეტილ ადამიანთა გვამების ფოტოები; ე.წ „სამეულის“ გადაწყვეტილების ერთი ფურცელი, რომელიც იუწყება, რომ იმ დღეს „სამეულმა“ 500-მდე კაცს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი; შუა აზიიდან გამოგზავნილი უდანაშაულო სტუდენტთა წერილი — ეს მხოლოდ ფრაგმენტებია იმ „წითელი ისტორიის“, რომელმაც ათასობით ქართველი უდანაშაულოდ იმხვერპლა.
გამოფენა უნივერსიტეტისა და უშიშროების საარქივო სამმართველოს მიერ მომზადდა. გამოფენაზე, ასევე, მოეწყო შსს-ს საარქივო სამმართველოს პერიოდული გამოცემის — ჟურნალ „საარქივო მოამბის“ პრეზენტაცია. ახალი ნომერი უნივერსიტეტის იუბილეს მიეძღვნა და სრულად მოიცავს იმ საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით შედგენილ წერილებს, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრებას ეხება — როგორ დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, როგორ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე პაოლო იაშვილი, როგორ მიმდინარეობდა დაკითხვები... მკითხველი შეიტყობს: როგორ ათარგმნინა სტალინმა 1939-40 წლებში შალვა ნუცუბიძეს რუსულად „ვეფხისტყაოსანი“; რატომ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდეგ ქართულ ინტელიგენციაში; რა მექანიზმებით ხდებოდა ადამიანების ფიზიკური და მორალური განადგურება.
იქვე გაიმართა უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის — შალვა ნუცუბიძის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნის ისტორიასა და პოემის მსოფლმხედველობის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის „დატყვევებული გონ(ერი)“ ჩვენება. ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საქმეების საფუძველზე შეიქმნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, ასევე, რეპრესირებული პროფესორების — შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ წერეთლის, ვუკოლ ბერიძის, გიორგი გეხტმანისა და ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნები.
ეს ჩვენი „წითელი ისტორიაა“, ფოტოქრონიკით მოთხრობილი, პირქუში, მაგრამ შთამბეჭდავი.
ლალი ჯელაძე

25-28(942)N