გამოდის 1998 წლიდან
2011-05-25
CAT ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში

ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი ტყუილზე

23 მაისს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, ჩAთ-ის სისტემით, წელს პირველად, იწყება გამოსაშვები გამოცდები. ბუნებრივია, საატესტატო გამოცდებისაკენ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი და ინტერესს იწვევს მეთორმეტეკლასელთა ატესტატის აღების ახალი ფორმა. დაგროვდა უამრავი შეკითხვა, რომელიც ამ სიახლის დანერგვასთან ერთად გაჩნდა _ პროცედურულ, შინაარსობრივ თუ ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული. სწორედ ამ ინფორმაციის დეტალურად გაცნობის მიზნით, განათლების ეროვნულმა ცენტრმა მედიის წარმომადგენლებისათვის, 8 მაისს, სასტუმრო `ბომონდ-გარდენში~ ერთდღიანი სემინარი მოაწყო. გამოსაშვები გამოცდების მიზანი და ასპექტები, პროცედურული საკითხები, გამოცდების პროგრამული უზრუნველყოფა _ ის ძირითადი თემებია, რომელზეც ცენტრის თანამშრომლებმა დეტალურად ისაუბრეს.
სემინარში მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი:
დაახლოებით ორ კვირაში, საქართველოს მასშტაბით, პირველად ჩატარდება ჩAთ-ის სისტემით გამოსაშვები გამოცდები. ეს არის უპრეცედენტო მაგალითი, ვინაიდან ლოჯისტიკურად ძალიან რთული გასამართი სისტემაა. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ტიპის გამოცდებს ეროვნული მასშტაბით განახორციელებს. დაახლოებით 15 ათასი მოსწავლე ერთდროულად შევა სერვერში და დაიწყებს გამოცდის ჩაბარებას. საქართველოში ჩამოვიტანეთ ყველაზე ძლიერი სერვერები, რომელიც დღესდღეობით ამიერკავკასიაში არსებობს. გარდა ამისა, დაახლოებით 500 სპეციალისტი აწერსიგებს რეგიონებში არსებულ სერვერის პრობლემებს. შინაარსობრივად ტესტები მზადაა.
უახლოეს დღეებში საქართველოში უკვე შემოვა კომპიუტერები, რომლებზეც მოსწავლეები გამოცდებს ჩააბარებენ, ჩაირთვება სერვერები, ჩაიტვირთება საგამოცდო პროგრამები და 23 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ ერთხელ ჩატარდება გენერალური რეპეტიცია. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ლოჯისტიკურად ეს სისტემა გაცილებით რთულია, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ჩვენ ყველეფრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოცდები პრობლემების გარეშე ჩატარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას, პირველ რიგში, ჟურნალისტებს კარგად ესმოდეთ ის პროცედურები, რომლის გავლაც მოუწევთ სკოლებს, მოსწავლეებს გამოცდების ჩასატარებლად, ამიტომაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ინფორმაციით უზრუნველყოფას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი დახმარება საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით.
ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ვიდრე გამოსაშვები გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილებას გამოვაცხადებდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იყო ერთადერთი და გარდაუვალი გზა იმისათვის, რომ ავამაღლოთ განათლებისა და სწავლების დონე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი:
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გქონდეთ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით, თუმცა მზად ვართ ერთიანი ეროვნული გამოცდების ირგვლივ არსებულ კითხვებსაც ვუპასუხოთ. უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ მართლაც ძალიან სერიოზული პროექტის განხორციელებას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით განხორციელდება. რამდენიმე დღე დარჩა გამოცდებამდე, დაგროვილია უამრავი კითხვა და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, ზუსტი პასუხები.
ორიოდე სიტყვით იმის შესახებაც მინდა მოგახსენოთ, თუ რატომ იქნა ასეთ მოკლე დროში მიღებული გადაწყვეტილება, რომ მაინცდამაინც წელს ჩაგვეტარებინა გამოსაშვები გამოცდები ასეთი სისტემით; რატომ იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ასეთი რთული სისტემის ასე მოკლე ვადაში დანერგვა. პირველ რიგში, აუცილებლობა გამოიწვია ერთმა ყველასთვის გასაგებმა მიზეზმა_ როდესაც გაცხადდა იმის შესახებ, რომ დაინერგოს გამოსაშვები გამოცდების სისტემა სკოლებში და ეს დაევალა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ბუნებრივია, მოლოდინი იყო, რომ გამოცდები ისეთივე ფორმით ჩატარდებოდა (თუნდაც ობიექტურობის თვალსაზრისით), როგორც 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები. თუმცა, ისეთივე საგამოცდო ცენტრები, როგორიც გვაქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, ამ შემთხვევაში, არ გამოდგება სულ უბრალო მიზეზის გამო _ საუბარი გვაქვს მოსწავლეებზე, მეთორმეტეკლასელებზე, რომელთაც სოფლის სკოლებიდან ყოველდღე მოუწევთ საგამოცდო ცენტრებში სიარული ან, მშობლებთან ერთად, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, საგამოცდო ქალაქებში ცხოვრება. ასე რომ, ორიენტაცია პირდაპირ სკოლებზე უნდა აგვეღო.
თქვენ იცით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკადები გვაქვს, აბიტურიენტები ერთ ნაკადზე ღებულობენ ზუსტად ერთიდაიგივე ტესტს იმის გამო, რომ ისინი თანაბარ პირობებში მოვათავსოთ. პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ურთიერთდახმარებასთან ან გადაწერასთან, სხვანაირად ვაგვარებთ. 15 საგამოცდო ცენტრის გაკონტროლება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე 2000 სკოლის. კერძოდ, ყველა საგამოცდო ცენტრი დაყოფილია სექტორებად და თითო სექტორში 15 აბიტურიენტი ზის, მათზე მიმაგრებულია ორი მეთვალყურე, იქვე არიან ცენტრის თანამშრომლებიც, დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, არსებობს ადმინისტრატორი, კოორდინატორი, თანაშემწე და ა.შ. ეს სისტემა, როგორც იცით, აწყობილია, რაც შეუძლებელია 2000 სკოლაში. აქედან გამომდინარე, ორიენტაცია უნდა აგვეღო ისეთ სისტემაზე, რომელიც, ელემენტარულად, გადაწერისა და ურთიერთდახმარების პრობლემას მოაგვარებდა, აგრეთვე, გვექნებოდა 2000-ვე სკოლის გაკონტროლების შესაძლებლობა. ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვერჩია სისტემა, რომელიც ამას უზრუნველყოფდა და შევთანხმდით ჩAთ-ის სიტემაზე. ჩვენ ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ჩAთ-ის სისტემა აპრობირებულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა, როგორც ბატონმა დიმიტრიმ ახსენა, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა იქნება პირველი, რომელიც ასეთი მასშტაბით და ასეთი დატვირთვით გამოიყენებს ამ სისტემას. გამოსაშვები გამოცდების დროს ველით კონსულტანტებსა და კოლეგებს აშშ-დან და ჰოლანდიიდან. ისინი ჩვენთან ერთად დააკვირდებიან საგამოცდო პროცესს და მეტიც, ასი თვალი და ასი ყურია მომართული ახლა საქართველოს მისამართით, რადგან მართლა ძალიან აინტერესებთ, როგორ ჩატარდება გამოცდები და არის თუ არა შესაძლებელი ქვეყანაში ასე ფართო მასშტაბით განხორციელდეს ეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩAთ-ის სისტემა აპრობირებულია სხვა ქვეყნებში, ის ალგორითმი და პროგრამა, რომელიც ჩვენს მეთორმეტეკლასელებს მოემსახურება, ჩვენთან შეიქმნა, გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ამაზე წელიწადზე მეტია მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები და სახელიც კი მოვუფიქრეთ, აბრევიატურა _ GჩAთ, ამის სრული უფლება გვაქვს.
იყო პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რამდენად არიან მზად მოსწავლეები კომპიუტერებთან სამუშაოდ. ამიტომაც დავნერგეთ რამდენიმე აპრობაცია მთელი წლის განმავლობაში _ მოსწავლეებს მივეცით საშუალება, გაცნობოდნენ საგამოცდო პროგრამას, რომელიც მართლაც ძალიან მარტივი მოსახმარია. ეს მხოლოდ მარტივი კომპიუტერული ჩვევების ფლობას გულისხმობს. ერთადერთი, რაც მოსწავლემ უნდა იცოდეს, ესაა _ როგორ მიიტანოს კურსორი სწორ პასუხამდე და როგორ დააჭიროს ღილაკს მის დასადასტურებლად. მეორე, რაც ამ პროგრამასთან და პროცესთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა _ სრულიად ახალი, ინოვაციური, დღესდღეობით ყველაზე ეფექტური პროგრამაა იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად ზომავს კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობებს, რაც, ბოლოსდაბოლოს, გამოსაშვები გამოცდის მიზანია. ბევრი რამ გავითვალისწინეთ, აპრობაციების შედეგებზე დაყრდნობით. ლოჯისტიკა არ არის მარტივი, მაგრამ შევიტანეთ კორექტივები. საბოლოო სახე მიიღო ლოჯისტიკურმა, ადმინისტრირების მხარემ და ვადებმა. ეს შეხვედრა სწორედ რომ დროულია _ თქვენ იქნებით პირველები, ვინც ზუსტ ინფორმაციას მიიღებთ ყველაფერ იმის შესახებ, რასაც ვაპირებთ 23 მაისიდან; სწორედ თქვენი მეშვეობით გვინდა გავაგებინოთ, პირველ რიგში, მშობლებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან აჟიტირებულები; მინდა ყველა დავამშვიდო და დავაწყნარო, რომ არსებულ რეალობას, რასაკვირველია, ვითვალისწინებთ და ეს გამოიხატება სწორედ იმაში, რომ წელს ბარიერი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, რათა ბევრ მოსწავლეს პრობლემა არ შეექმნას. ეს გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ პირველად ტარდება, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი რამ შეიცვლება უკვე მომავლისთვის. თუნდაც ის, რომ 1500 სკოლაში მოგვარდება ინფრასტრუქტურა. თქვენ იცით, რომ დიდი ხნით ადრე დაიწყო სკოლების კომპიუტერიზაცია, მაგრამ, სამწუხაროდ (რაც ჩვენ ვნახეთ), ბევრ სკოლაში კომპიუტერულ კლასებს არ იყენებენ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მხოლოდ სკოლებს არ ვადანაშაულებ, რა თქმა უნდა, _ არ ჰყავდათ Iთ-ის პედაგოგები, რაიონებში არ იყო სპეციალისტი, ვისაც შეიძლებოდა ჩაბარებოდა ეს ყველაფერი და ა.შ. საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ ის, რომ ინფორმატიკა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი გახდა საშუალო განათლების საფეხურზე, სათანადო დოზით არ ტარდებოდა სკოლებში და მოსწავლეები მოკლებულნი იყვნენ, ამ კუთხით, თუნდაც მინიმალური ცოდნის მიღებას. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა ყველა სკოლაში მოგვარდეს ქსელი. ბუნებრივია, მომავალი წლისთვის ეს პრობლემა უკვე მოგვარებული იქნება _ სექტემბრიდან მოსწავლეებს (არა მხოლოდ მეთორმეტეკლასელებს) შესაძლებლობა ექნებათ, სრულად გამოიყენონ სკოლაში არსებული კომპიუტერები.
რაც შეეხება ბარიერს: რადგანაც ეს არის სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდა, ის, ვინც გადალახავს ბარიერს, მიიღებს ატესტატს. რამდენად გადალახავს ბარიერს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გადალახოს და დააკმაყოფილოს მინიმალური მოთხოვნები. გამოცდის დამთავრებისთანვე, მოსწავლე მომენტალურად იგებს შედეგს. რამდენი იქნება ბარიერი _ ჩვენ შეგნებულად შევარჩიეთ შკალა, სადაც განთავსდება შედეგები, 5-დან 10 ქულამდე. ანუ მოსწავლე, რომელიც გამოცდის ბოლოს შეფასდა, მაგალითად, 9,8 ქულით, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს კონკრეტულ გამოცდაზე, ან ცუდ შემთხვევაში, თუ მიიღო 5,2 ეს იმას ნიშნავს, რომ არც თუ ისეთი სახარბიელო შედეგი აქვს. რა იქნება საბოლოოდ ბარიერი, ჯერჯერობით, შეგნებულად არ ვადგენთ. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ წელს პირველი წელია და უნდა გავითვალისწინოთ არსებული რეალობა, სასწავლო პროცესში არსებული ხარვეზები, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით, ეს იმას გულისხმობს, რომ პირველი წელიწადი იქნება ძალიან მარტივი _ მარტივი დავალებების ბლოკის ხარჯზე შეძლებს მოსწავლე ბარიერის გადალახვას, არ მოუწევს საშუალო ან რთული დავალებების შესრულება ბარიერის გადასალახად. მაგრამ რას ვგულისხმობთ იმაში, რომ წელს გამოცდები მარტივი იქნება _ პირველ რიგში, იმას, რომ ბარიერი იქნება შედარებით დაბალი, ვიდრე ვვარაუდობთ შემდეგ წელს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია წინასწარი მიახლოებითი პროგნოზირება, აპრობაციების შედეგების საფუძველზე ბარიერის დადგენა და წინასწარ გამოცხადება, მაგრამ ისევ ვიმეორებ, პირველ წელიწადს ვამჯობინებთ, გვქონდეს ყველა გამოცდის შედეგები. 1 ივნისს არის ბოლო გამოცდა და 2 ვნისს გამოვაცხადებთ ბარიერს, ისევ მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე. არ არის გამორიცხული, ბარიერი დადგინდეს საგნების მიხედვით. ჩემი აზრით, პირველ წელს ეს არის უკეთესი გზა _ ბარიერი გამოცხადდეს შედეგების შემდეგ. გარკვეული ფორმით პროგნოზირება, ბუნებრივია, შეიძლება, აპრობაციებიც ამისთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში არ გამოსწორებულა ვითარება. მინიმუმ ერთი-ორი წელი მაინც სჭირდება, რომ ცვლილება პოზიტიური გახდეს. აქედან გამომდინარე, არ გავრისკეთ და ბევრი რომ არ დარჩენილიყო ატესტატის გარეშე, ყველაზე კარგი გზა ავარჩიეთ _ შედეგების შემდეგ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ბარიერის დადგენის თაობაზე.
რასაკვირველია, დავალებათა ბანკი შეიცავს ყველა ტიპის დავალებას _ ძალიან მარტივს, მარტივს, საშუალოს, რთულს _ ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, მაგრამ ამავე დროს მარტივი დავალებების ხარჯზე შეძლებს მოსწავლე ბარიერის გადალახვას. სხვათა შორის, პრეტესტის დროს და აპრობაციის შემდეგ გამოითქვა პრეტენზიები, რომ თუ ასეთი დავალებები იქნება საგამოცდოდ, ძალიან ბევრს გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ პრეტესტისა და აპრობაციის დროს მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მარტივ დავალებებზე არ ვავარჯიშებთ. მათ აქვთ შანსი, ყველა ტიპის დავალებას შეხედონ და მიხვდნენ, როგორ გამოიყურება მარტივი ან საშუალო ტიპის დავალება. ვინც ვერ გადალახავს ბარიერს, მას მომავალ წელს მოუწევს იმ საგნების ჩაბარება, რომელშიც ვერ გადალახა. ჩამონათვალში მოხვედრილი რვა საგანი თანაბრად მნიშვნელოვანია, ამიტომ, ბუნებრივია, ქართული ენა და ლიტერატურა ვერ დააბალანსებს ფიზიკას ან პირიქით. სისტემაში აქცენტი გაკეთებულია არა დავალებების რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე.
სულაც არ ვთვლი, რომ საგამოცდო სისტემის შემოღება ყველაზე ეფექტური საშუალებაა სასწავლო პროცესის ხარვეზების გამოსასწორებლად, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი სისტემის შემოღებით, რაღაც ტყუილზე ვამბობთ უარს (იმიტომ, რომ ყველა იღებდა ატესტატს). აი, ახლა რა პრობლემაც გამოჩნდა, იცით, რა არის? _ მე არ მისწავლია არასდროს ფიზიკა ან ქიმია და რატომ მაძალებთ? შეიძლება მას მართლა არ უსწავლია, ამაზე ყველა თვალს ვხუჭავდით, მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნდა, რომ საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეს მოსწავლეს ფიზიკაში და ქიმიაშიც, ნულოვანი ცოდნით მაინც იღებდა ატესტატს. ახლა ყველა ხმამაღლა ვამბობთ, მოდით, დავანებოთ ამ ტყუილს თავი. ეს არის არსებული რეალობა _ არ ვიცით ფიზიკა. ამაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მოსწავლეა, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ თავს აღარ მოვიტყუებთ. ამიტომ შეიძლება ბარიერი სასაცილოდ დაბალიც კი იყოს, სამაგიეროდ, ტყუილს აღარ ვიტყვით. შემდეგი წლიდან კი გეზი აუცილებლად შედეგების გაუმჯობესებაზე უნდა ავიღოთ.
ძალიან კარგია, თუ გვექნება რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სულ ცოტა მაინც მიამატონ იმ ცოდნას, რაც აქამდე ჰქონდათ. მე არ მეცოდება არც ერთი მეთორმეტეკლასელი, თუ მას მეტი მეცადინეობა მოუწია, თუნდაც ღამის გათენების ხარჯზე, სამაგიეროდ, ეს ცოდნა მას დარჩება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სოსო გოგილაძე:
ჩემი პრეზენტაცია ეხება წესებს, როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდა.
პირველ რიგში, იმის შესახებ მოგახსენებთ, რით არის მნიშვნელოვანი გამოსაშვები გამოცდების ამ სახით ჩატარება. 2004 წელსაც დიდი ვნებათაღელვა იყო, როგორ ჩააბარებდნენ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მაგრამ 2005 წლიდან, ფაქტობრივად, დაინერგა ახალი მორალი და ეს მორალი, პირველ რიგში, ძალიან კარგია ბავშვებისთვის, მათ იციან, სადაც ჩაირიცხნენ და ჩაირიცხნენ მხოლოდ თავიანთი ცოდნით. ახალგაზრდა ამით იწყებს წმინდა სინდისით ცხოვრებას _ არჩევანი, რომელიც გააკეთა არის მხოლოდ მის სინდისზე. დაახლოებით, ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს ახლა საქმე, შეიძლება უფრო მეტთანაც. ყველამ ვიცით, რომ სკოლებში, განსაკუთრებით მეცხრე კლასის ზევით, ხდება მოსწავლეთა დაყოფა რამდენიმე კატეგორიად _ ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებად. როგორც წესი, სავალალო მდგომარეობა გვაქვს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასთან დაკავშირებით. ერთ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით: გასულ წელს ფიზიკის ჩაბარების სურვილი გამოთქვა 82-მა აბიტურიენტმა, უმაღლეს სასწავლებლებში კი, სადაც ფიზიკის ჩაბარება მოითხოვებოდა, 1000-მდე ადგილი იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გრანტის მოპოვება ადვილი იყო იმათთვის, ვინც ფიზიკას აბარებდა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ფიზიკის სწავლება სკოლებში.
მინდა დავუბრუნდე ისევ იმას, თუ რა ხდება ამ გამოცდების დამკვიდრებით. ხდება ის, რომ ბავშვს ეცოდინება, დაუმსახურებლად ატესტატს ვერ მიიღებს. რაში იყენებს ესა თუ ის ადამიანი ატესტატს, რომელიც უმაღლესში სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, ეს სხვა საკითხია. ბავშვი, რომელსაც, ნულოვანი ცოდნა აქვს ფიზიკასა თუ ქიმიაში და ატესტატს მაინც იღებს, ცხოვრებას იწყებს იმ სასტარტო პირობით, რომ შეიძლება ცხოვრებაში ბევრი რამ დაუმსახურებლად მიიღოს. ამ გამოცდებით, პირველი, რასაც მივიღებთ ის არის, რომ მოზარდი გააცნობიერებს, თუ არ იცის, ატესტატს ვერ მიიღებს _ ანუ დაემორჩილება იმ წესებს, რაც არსებობს და მხოლოდ ასე იქნება მისთვის ყველა გზა ხსნილი, მეორე, ეს აამაღლებს სწავლების დონეს. მასწავლებლებს ბერკეტი უჩნდებათ, რაც აქამდე არ ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე, არ სწავლობს ფიზიკას იმის გამო, რომ არ სჭირდება ცხოვრებაში, მასწავლებელს გამოსაშვები გამოცდა უქმნის ბერკეტს, რომ ასეთ მოსწავლეს საგანი შეასწავლოს.
როგორ იქნება ორგანიზებული გამოცდები: დაახლოებით ერთი კვირით ადრე მოსწავლე მიიღებს ეროვნული გამოცდების მსგავს მოსაწვევს, რვა გამოცდის ცხრილით. ერთი და იგივე ბავშვი რვავე გამოცდას ჩააბარებს ერთი და იმავე დროს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები გამოცდებს სხვადასხვა დროს აბარებენ, რაც გამოცდაზე დაგვიანების ალბათობას ზრდის. რეგისტრაცია რამდენიმეეტაპიანია და ყოველ ეტაპზე ხდება მოსწავლის იდენტიფიკაცია. მას თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა და ჩვენ მიერ გაგზავნილი მოსაწვევი ბარათი.
რა შეიძლება შეიტანოს გამოცდაზე _ პირადობის მოწმობა, მოსაწვევი ბარათი, წყალი, პირადი ჰიგიენის ნივთები; ოთხ გამოცდაზე (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია) მას დასჭირდება საწერკალამი, ამ გამოცდებზე შავი სამუშაოს შესასრულებლად ეძლევა ფურცელი. სკოლის შენობაში გამოყოფილი იქნება საგამოცდო ტერიტორია _ საკლასო ოთახები, დერეფნის ჩათვლით.
საგამოცდო სექტორამდე და თვითონ სექტორში გამოყოფილი იქნებიან სპეციალური მეთვალყურეები _ ა და ბ, ისინი ყველა საგამოცდო ცენტრში იგზავნებიან თბილისიდან. მათი მომზადება დიდი ხანია მიმდინარეობს და გადანაწილება შემთხვევითი მეთოდით მოხდება. საგამოცდო კოდი წინასწარ არ იცის არც მეთვალყურემ და არც მოსწავლემ. ეს დაცულობის კიდევ ერთი მექანიზმია, სხვა მექანიზმებთან ერთად. მას შემდეგ, რაც მოსწავლე კოდს შეიყვანს, მისცემს დასტურს და შევა სისტემაში, პროგრამა იწყებს საგამოცდო საკითხების მიცემას. გამოცდა, მაქსიმუმ, 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდება. ეს ყველაზე უკიდურესი შემთხვევაა. ჩAთ-ის სისტემა იმითაც არის მომხიბლავი, რომ შეიძლება მოსწავლეს გაცილებით ადრე დაუსვას დიაგნოზი და გამოუცხადოს ქულა, რომელიც მიიღო.
რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებით ეტაპს, ისევე როგორც მისაღებ გამოცდებზე, სკოლების საგამოცდო ცენტრებშიც, ყველა სექტორზე დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და მიმდინარეობს საგამოცდო პროცესის უწყვეტი ჩაწერა. თვითონ საგამოცდო პროცესი 8- 8,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, ჩანაწერი ათი საათის გვაქს. ეს არის მოკლედ ის წესები, რომელიც უნდა დაიცვას მოსწავლემ და მეთვალყურემ.
ორი სიტყვით აპელაციასაც შევეხები. ეს სისტემა ისეა აწყობილი, რომ თუკი ვინმე რაიმეთი უკმაყოფილო იქნება, ან რაიმე მოეჩვენა, ან დარწმუნებულია, რომ ასე მოხდა, ირკვევა ტექნიკური აპელაციის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე საღამოს ან მეორე დღეს ხდება ამ ჩანაწერის ამოღება და სიტუაციის განხილვა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისგან განსხვავებით, გამოსაშვები გამოცდებისთვის დამონტაჟებულია თანამედროვე ვიდეოკამერები, რაც ხმის ჩაწერის საშუალებასაც იძლევა, ეს კი სააპელაციო პროცესს უფრო გააიოლებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის IT ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ჭანკოტაძე:
საგამოცდო სისტემა იქმნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილიყო, რაც შეიძლება მარტივი და მინიმალური მოთხოვნები კომპიუტერული ცოდნისადმი, რომ მოსწავლეს მთელი კონცენტრაცია საგნობრივ ნაწილზე გადაეტანა. პირველ რიგში, მოსწავლემ უნდა შეიყვანოს თავის თერთმეტნიშნა კოდი, ამის შემდეგ სისტემა დაუწერს სახელს და გვარს. კონფიდენციალურ ველში ჩასაწერი ინფორმაცია მოთავსებულია სპეციალურ უწყისში, რომელიც იხსნება მეთვალყურის მიერ, მის მიერვე ხდება კოდის შეყვანა. ეს კოდი ყველა ბავშვისთვის უნიკალურია, ერთი კოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ერთ გამოცდაზე, ანუ თითოეულ მოსწავლეს ყველა გამოცდაზე სხვადასხვა კოდი ექნება.
ვეცადეთ ეკრანი ყოფილიყო რაც შეიძლება ნაკლებად დატვირთული დამატებითი ინფორმაციისგან, მაგრამ ვერ ავცდით ერთ პატარა მაჩვენებელს, რომელიც ეკრანის თავშია განთავსებული და აღნიშნავს ე.წ. დროის რესურსს.
ყველა კითხვას აქვს ოთხი შესაძლო პასუხი, სწორი პასუხის მონიშვნის შემდეგ მან უნდა დააჭიროს დასტურს.
ჩვენ ვთქვით, რომ ტესტის მიმდინარეობა არის საათი და 40 წუთი, საიდან მოვიდა ეს დრო. საგნობრივი ჯუგფებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საშუალოდ თითო დავალების საპასუხოდ საჭირო იქნებოდა 2 წუთი. ეს არის ის დრო, რა დროშიც, ალბათ, საშუალოზე დაბალი ცოდნის მქონე მოსწავლემ უნდა შეძლოს პასუხის გაცემა. როგორც გითხარით, მაქსიმალური დავალებების რაოდენობა არის 45, აქედან გამომდინარე, გამოვიდა 90 წუთი, ამას დაემატა 10 წუთი და მივიღეთ საათი და 40 წუთი. თითოეული დავალებისათვის პირობითად 2 წუთია განსაზღვრული. მოსწავლეს შეუძლია დავალებებზე მუშაობისას დარჩენილი 10 წუთი გამოიყენოს რეზერვის სახით.
მოსწავლეს დავალებებზე პასუხის გაცემისას დროის რეზერვის კონტროლი რომ გაუმარტივდეს, მონიტორზე ჩანს დროის ლიმიტის აღმნიშვნელი ზოლი, რომლის ნახევარი შეფერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვის სახით აქვს 10 წუთი.
თუ მოსწავლე დავალებას 2 წუთზე უფრო ადრე პასუხობს, დარჩენილი დრო მის რეზერვს ემატება და ზოლის მუქი ნაწილი იზრდება.
თუ მოსწავლე თითოეულ დავალებას 2 წუთზე მეტს ანდომებს, ეს ლიმიტი თანდათან იწურება, შესაბამისად, ზოლის შეფერილი ნაწილი მცირდება.
დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეულ დავალებაზე პასუხის გასაცემად პროგრამა მოსწავლეს მხოლოდ 2 წუთს აძლევს. 2 წუთის გასვლისთანავე დავალება ქრება და ჩნდება შემდეგი დავალება.
მოსწავლემ შეიძლება ერთ კითხვაზე იფიქროს 2 წუთი, 7 წუთიც და რეზერვში დარჩენილი, მაგალითად, 15 წუთიც. თუ მოსწავლემ ერთ დავალებას 1 წუთი მოანდომა, შესაბამისად, დარჩენილი დრო რეზერვს ემატება, ანუ რეზერვი იზრდება. რეალურ პირობებში, როცა ბავშვი მუშაობს, დრო არ უნდა დაკარგოს დროის მაჩვენებლის ყურებით, მას ერთი თვალის შევლებით ექმნება წარმოდგენა რამდენი დრო აქვს მოსაფიქრებლად.
ახლა შევეცდები ავხსნა, რას აკეთებს სისტემა, რა ხდება სცენის მიღმა. როგორც აღვნიშნეთ, მინიმალური დავალების რაოდენობა არის 15. ეს კითხვები საჭიროა იმისთვის, რომ მოსწავლის შესახებ ინფორმაცია შეგროვდეს. ჩAთ-ის სისტემა აფასებს ბავშვის უნარს და ცოდნას კონკრეტულ საგანში, ამის შესაფასებლად კი საჭიროა გარკვეული წინაპირობა. რადგან ჩვენ არაფერი ვიცით მოსწავლის შესაძლებლობების შესახებ, ამიტომაც ტესტირება იწყება ე.წ. საშუალო დონის დავალებებით, თუ ის კარგად უპასუხებს საშუალო დონის შეკითხვას ეს არ ნიშნავს, რომ მომენტალურად მას მიეწოდება საშუალოზე მაღალი ან ცოტა რთული დავალება. 15 შეკითხვის დროს სისტემა აგროვებს ინფორმაციას მოსწავლის შესაძლებლობების შესახებ, დავალებების სირთულის ზრდა კი არ არის კატასტროფული, არ არის ძალიან დიდი სხვაობა დონეებს შორის. იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე გარკვეული სტაბილურობით კარგად პასუხობს საშუალო დონის დავალებას ან საშუალოზე ცოტა მაღალს, იწყება დონის გაუმჯობესება. ეს არის მდორე პროცესი, რომ კარგად შეფასდეს მოსწავლის შესაძლებლობა.
როგორ აფასებს სისტემა მოსწავლეს. 15 კითხვის განმავლობაში სისტემა არ წყვეტს მოსწავლის ტესტირებას, მიუხედავად იმისა, დადებითია თუ უარყოფითი მისი პასუხები. ანუ ის აგროვებს ინფორმაციას _ სწორ და არასწორ პასუხებს და აანალიზებს თანმიმდევრულად, როგორ უპასუხა მოსწავლემ. მე-16 კითხვიდან, უკვე სპეციალური ფუნქციების საშუალებით, დაიწყება მოსწავლის შესაფასებელი ქულის გამოთვლა. ყოველ ბიჯზე ანალიზდება ყველა წინა შეკითხვის პასუხი. შემდეგი კითხვის შერჩევა არის ყველა წინა პასუხის ფუნქცია, ანუ როგორ უპასუხა წინა კითხვებს. მე-16 კითხვის დასმის შემდეგაც ვერ მიიღებს სისტემა გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს თუ არა ტესტირება, რადგანაც სისტემა უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლის პასუხები სტაბილურია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოსწავლე საშუალო დონის შეკითხვას პასუხობს, საშუალოზე მაღალი დონის კითხვას კი სტაბილურად ვერ პასუხობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოსწავლემ თავის ცოდნის მაქსიმუმს მიაღწია, ანუ ტესტირება წყდება მხოლოდ მაშინ, როცა სისტემა გაარკვევს ბავშვის ცოდნის რომელიმე დონის სტაბილურობას. შესაძლებელია, კარგად მომზადებული მოსწავლე 20-25 კითხვაში შეფასდეს და მიიღოს მაღალი ქულა _ მაგალითად, თუ სისტემა რთულ კითხვას მისცემს და ის თანმიმდევრობით, სტაბილურად რამდენჯერმე უპასუხებს, 22-25 ქულაში სისტემა მის შეფასებას შეწყვეტს. საპირისპირო სიტუაციაში, როცა ბავშვი სავალდებულო 15 კითხვიდან 10 არასწორ პასუხს გასცემს, შემდეგ მე-16, მე-17, მე-18 კითხვასაც ვერ უპასუხებს, მისი შეფასება შეიძლება მე-20 შეკითხვაზეც კი შეწყდეს. სისტემა ასეა ორიენტირებული. ამდენად, რამდენი იქნება მინიმალური კითხვა, რომელიც მოსწავლის ცოდნას შეაფასებს, ამას ვერ ვიტყვით, რადგან სისტემა აგრძელებს შეფასებას მანამ, ვიდრე არ დაადგენს, რა დონის არის მოსწავლის შესაძლებლობები სტაბილურად. მათემატიკური მოდელი ამის დამტკიცების საშუალებას იძლევა. მის შექმნაში მონაწილეობდნენ უცხოელი კონსულტანტები, რომელებიც ამ თეორიის ფუძემდებლებად ითვლებიან _ სპეციალისტები ამერიკიდან, ჰოლანდიიდან. სისტემის მათემატიკური მოდელის დახვეწას ძალიან დიდი სამუშაოები უძღოდა წინ. საბოლოო მოდელის შექმნამდე უამრავი ტესტირება ჩატარდა.
მთელი ამ პროცესის მიმდინარეობა ასეთია: ეკრანზე ჩნდება კითხვა, მოსწავლე პასუხობს, შემდეგ ჩნდება შემდეგი შეკითხვა. ვერც ერთი ამოცანის დასრულების შემდეგ მოსწავლე ვერ იგებს, სწორია თუ არა მის მიერ მონიშნული პასუხი.
როცა სისტემა ჩათვლის, რომ ბავშვი შეფასებულია, შეწყვეტს ტესტირებას და ეკრანზე დაიწერება საბოლოო ქულა, რითაც მისი ცოდნა შეფასდა.
ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, სისტემა იმახსოვრებს ყველა მონაცემს, მაგალითად: ტესტირების დროს გაითიშა დენი, აღდგენის შემთხვევაში მოსწავლეს არანაირი მონაცემი არ ეკარგება. ფორსმაჟორული სიტუაციებიც არსებობს, ამიტომაც თუ ცენტრი საჭიროდ მიიჩნევს ტესტირების გაგრძელებას, დაინიშნება გარკვეული დღეები დამატებითი ტესტირებისათვის.
ერთდროულად 1500 წერტილში ჩატარდება ტესტირება და ერთდროულად ინტერნეტქსელში15 ათასი მოწყობილობა იქნება ჩართული. არც ერთი სერვერი არ არსებობს ცენტრალური სერვერის გარდა, რომელიც სპეციალურ ცენტრში ინახება, ანუ ლოკალურად არ ხდება თითოეულ კომპიუტერში ინფორმაციის შენახვა. ეს პროცესი ისეა ორგანიზებული, რომ გამორიცხავს რომელიმე კომპიუტერში რაიმე ინფორმაციის შენახვას. სისტემა დაცულია ჰაკერებისაგან, შექმნილია სპეციალური ქსელი, რომელსაც ინტრანეტი ჰქვია, ანუ ქსელი, რომელშიც გამოცდა ჩატარდება, ინტერნეტი არ არის. ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოლების დამაკავშირებელი დაცული ქსელი, თითოეულ სკოლაში დგას სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ინფორმაციის მიღებისთანავე შიფრავს მას და ისე გადასცემს ცენტრალურ სერვერს. მერწმუნეთ, ბუნებაში არ არის ტექნოლოგია, რომელიც ამ სისტემის მოპარულად გაშიფვრას შეძლებს. დაცულობის თვალსაზრისითაც, ინტერნეტში შესვლა შეუძლებელია, ანუ ინტრანეტი მხოლოდ ამ ლოკალურ სივრცეში განხორციელებული ინტერნეტია.

ლალი ჯელაძე

25-28(942)N